ლისაბონის ისტორიული ღირსშესანიშნაობების, მაგიური ძეგლებისა და მდიდარი კულტურის აღმოსაჩენად ერთი თვეც კი არ არის საკმაირსი, თუმცა, თუ აქ დროის გასატარებლად თქვენ მხოლოდ 2 დღე გაქვთ, ჩვენ მას საუკეთესოდ დაგიგეგმავთ.
დილა
პირველ რიგში, დაიწყეთ დილა ლისაბონის ყვითელი ტრამვაით, რომელიც ქალაქში 1930-იანი წლებიდან ოპერირებს. საუკეთესო შთაბეჭდილებების მისაღებად, მოერიდეთ ტურისტების ნაკადს და დაიწყეთ დღე ადრე, ჩაჯექით 28 ნომერ ტრამვაიში Praça da Figueira-ს გაჩერებაზე, რომელიც გაგიყვანთ ლისაბონის საკათედრო ტაძრამდე (ყველაზე ძველი ტაძარი) და ეშტრელა ბაზილიკამდე (პორტუგალიის დედოფლის მარია I-ის დაკვეთით აღორძინებული შენობა). გზა მხოლოდ 40 წუთს წაგართმევთ, მოგზაურობა კი ამით უკვე საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ტრამვაით გასეირნება თქვენი მოგზაურობის შემოკლებულ ვარიანტს წააგავდა, ახლა კი შეგიძლიათ ახლოდან დატკბეთ ამ უნიკალური ქალაქის თითოეული ადგილით. Praça da Figueira -ს რეგიონში უამრავი კაფე და რესტორანია, სადაც შეგიძლიათ ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ხილვით დატკბეთ, მიირთვათ ყავა და გემრიელად ისაუზმოთ.
შემდგომ, გაემართეთ Martim Moniz და Mouraria-ს მიდამოებში, რათა იხილოთ ლისაბონის უფრო ახალგაზრდული, ქაოტური ცხოვრება. Martim Moniz-ის მწვანე მოედანზე ყოველდღიური ცოცხალი მუსიკა და ღია ცის ქვეშ გამართული ბაზრობა, Mouraria-ს შუა საუკუნეების არქიტექტურა – მისი ქუჩების კედლებზე მოხატული, ფადოს მუსიკით შთაგონებული ნახატები – ეს ყველაფერი აუცილებლად გაგაოცებთ.
*ფადო პორტუგალიის ტრადიციული მუსიკაა, რომელიც პირველად ცნობილი გახდა Mouraria-ში.
შუადღე
გაემართეთ მე-11 საუკუნის წმ. გიორგის ციხესიმაგრისკენ, რომელიც თავის დროზე დამპყრობელებისაგან დასაცავად აშენდა. ტაძარი ლისაბონის უმაღლეს მწვერვალზე მდებარეობს, ამიტომ თუ ფეხით ასვლა გეზარებათ და დრო არ გყოფნით, გირჩევთ Praça da Figueira-ს გაჩერებიდან გაემართოთ ავტობუსით. შესასვლელი ბილეთის ღირებულება 10 ევროს შეადგენს ზრდასრულებისათვის. ამ მწვერვალიდან მოსჩანს Martim Moniz, ბაიჰა და ტეჟუს მდინარის საოცარი ხედები. ჩამოისეირნეთ Miradouro da Graça ან Portas do Sol-მდე და დააგემოვნეთ ადგილობრივი ტრადიციული სასმელი – ginja (ალუბლის ლიქიორი).
საღამო
შოპინგისთვის ან სადილისთვის ეწვიეთ ალფამას. ლისაბონის ყველაზე ძველი და ტრადიციული რეგიონი სავსეა სუვენირების მაღაზიებით, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ მუხისგან შექმნილი პროდუქციის,ხელნაკეთი ნამუშევრების, ნაქსოვი თევზის (ქალაქის საზღვაო ისტორიის სიმბოლო), თიხის ჭურჭლის და ბევრი სხვა ტრადიციული ნივთის შეძენა.
პატარა ქუჩები და პარკები სავსეა პორტუგალიური ტრადიციული სტილის რესტორნებით, რომლის მფლობელებიც თითოეულ სტუმარს სიხარულით ეგებებიან და უნიკალურ კერძებს სთავაზობენ, განსაკუთრებული ფადოს მუსიკის თანხლებით.
დაიმახსოვრეთ, ლისაბონში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი თუ ერთხელ მაინც არ მოუსმენთ ფადოს მუსიკას ან არ დაესწრებით მათ შოუს!
დღე მეორე – დილა
ლისაბონში უამრავი კაფეა, და თითოეული გამორჩეული ინტერიერით და ისტორიის იზიდავს სტუმრებს. კაფე Nicola (გაიხსნა 1929 წელს) ოდესღაც აღაფრთოვანებდა მეცნიერებს, Confeitaria Nacional კი (მე-19 საუკუნის ბოლოს გაიხსნა) წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კაფეს. ამასთან ერთად შეგიძლიათ ეწვიოთ A Padaria Portuguesa-ს, ფრანგული სტილის ქსელს მის გარშემო არსებული მაღაზიებით. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა და ქოქოსით მორთული pão de deus (ღმერთების პური).
ტრამვაით გაეშურეთ ბელემისკენ – ლისაბონის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების აღმოსაჩენად. ეწვიეთ დიდებულ ჟერონიმუშის მონასტერს. საოცარი როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც, ის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პორტუგალიის ისტორიაში. ეს ის ადგილია, სადაც აღმომჩენები (მათ შორის ვასკო და გამა) ისვენებდნენ მათ მოგზაურობამდე და სადაც ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადამიანია დაკრძალული (მათ შორის ფერნანდო პესუა).
ნამდვილი Pastéis de Belém-ის მაღაზია მდებარეობს მონასტერიდან დაახლოებით 5 წუთის სავალზე, შეუკვეთეთ რამოდენიმე და დატკბით საოცარი კვერცხის ნაღებისგან, დარიჩინისა და შაქრის პუდრისგან შექმნილი ღვეზელით, რომელიც ყველაზე გემრიელია ქალაქში.
გაისეირნეთ სანაპიროზე და იხილეთ ბელემის კოშკი, გვიან გოთიკურ სტილში შექმნილი მანუელინის ციხესიმაგრე და მის ახლოს მდებარე Padrão dos Descobrimentos, ორივე მონუმენტი ასახავს პორტუგალიის როლს აღმოჩენების პერიოდში.
ბაიხას რეგიონში ყველაზე ლამაზი ისტორიული ძეგლებია, მათ შორის უამრავი მაღაზია, კაფე და რესტორნები, ისტორიის მოყვარულებისთვის კი საუკეთესო ადგილია Livraria Bertrand (ყველაზე ძველი წიგნის მაღაზია მსოფლიოში), café A brasileira (ლამაზი დეკორაციული კაფე, რომელიც 1905 წლიდან ღებულობს სტუმრებს) და ესკალატორი Elevador de Santa Justa, რომელიც 1902 წლიდან ოპერირებს.
საღამო
ღვინის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია BA Wine Bar ბაირო ალტოში; აქ 200-მდე ღვინის სახეობა ინახება, რომელიც იდეალურად ერწყმის ასევე აქ შემოთავაზებულ უგემრიელეს აპეტაიზერებს. დატკბით უგემრიელესი სასმლით, საოცარი კერძებით და კიდევ უფრო შესანიშნავი ხედებით ქალაქის ერთ-ერთი ტერასული რესტორნიდან.