არ აქვს მნიშვნელობა ლისაბონში რამდენიმე დღით ხართ თუ დიდი ხნით, აქ არ მოგწყინდებათ. 7 მთაზე გავრცელებული ქალაქი მავრიტანული ციხესიმაგრით, არქიტექტურით და ვინტაჟური ტრამვაებით გამოირჩევა. ჩვენ ამ ქალაქის საუკეთესო მარგალიტები შეგიკრიბეთ.

საო ჟარჟის ციხესიმაგრე/São Jorge Castle

ქალაქის ისტორიული ცენტრის მაღლა მდებარე მთა შუა საუკუნეებში გადაგაგდებთ. მე-11 საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე მავრიტანული მმართველობის ქვეშ აშენდა, დააკვირდით ქალაქს ამ ბუმბერაზი კედლებიდან და ესტუმრეთ მუზეუმს.

კარმო კონვენტი/Carmo Convent

ჩიადოს გამზირზე აუცილებლად მოგჭრით თვალს ღია ცის ქვეშ არსებული მაღალი სვეტები. შენობის ნანგრევებად ქცევა მიწისძვრამ გამოიწვია. არტეფაქტების დასათვალიერებლად ეწვიეთ მის არქეოლოგიურ მუზეუმს.

სე კათედრალი/Sé Cathedral

ვინტაჟური ტრამვაი ნომერი 28E, ლისაბონის გამორჩეულ კათედრალთან მიგიყვანთ. ის პორტუგალიის პირველმა მეფემ, ალფონსო პირველმა ააგო. აქ ბევრი არქეოლოგიური ნეშტი ინახება.

ეროვნული აზულეჯოს მუზეუმი/The National Azulejo Museum

აქ 759 ნომერი ავტობუსით მოხვდებით და შთამბეჭდავი ინტერიერი ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ. აზულეჯოში წარმოდგენილი კოლექციები რენესანსიდან ბაროკოს გავლით, თანამედროვე შემოქმედებას აერთიანებს.

ქრისტეს მონუმენტი/Cristo Rei Monument

მართალია ის ლისაბონს არ ეკუთვნის, თუმცა ქალაქიდან მონუმენტამდე მოკლე მანძილი გაშორებთ. ის რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკების შთაგონებით აშენდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ დატვირთვას ატარებს.

ანტიკური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

ბაროკოს სტილის სასახლეში ლისაბონის გამორჩეული, ანტიკური ხელოვნების კოლექციები ინახება. ეგვიპტურ და რომაულ სკულპტურებთან ერთად, აქ აზიის უძველეს კერამიკას და ავეჯს იხილავთ.

ლისაბონის ოკეანარიუმი

ევროპის უდიდესი ოკეანარიუმი ლისაბონში დაგხვდებათ. პირველ რიგში, შენობის ექსტერიერი მოგხიბლავთ, შიგნით კი უამრავი სახეობის წყლის ბინადარი, უზარმაზარ აკვარიუმებში, თქვენ გარშემო იცურებს.

ბერარდოს მუზეუმი/Berardo Museum

ეს ლისაბონის თანამედროვე ხელოვნების გალერეაა. ის მილიარდელი, ჟოზე ბერარდოს კოლექციას წარმოგვიდგენს, რომელიც აბსტრაქტულ, სიურეალისტურ და ექსპრესიონისტულ ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს, მათ შორის პოპ არტს. აქ უორჰოლის, პალოკის, დალის და პიკასოს ნამუშევრებსაც იხილავთ. შაბათობით მუზეუმში შესვლა უფასოა.

ბელემის კოშკი/Belém Tower

ბელემის კოშკი იუნესკოს დაცული ძეგლია იმ დამსახურების გამო, რომ ის პორტუგალიის ნაპირს აღმოჩენების ეპოქაში და მის შემდგომაც იცავდა. კოშკი ვიზიტორებს მისი არქიტექტურის და ისტორიული როლის გამო ხიბლავს. შესვლის ღირებულებაა 6 ევრო.

25 აპრილის ხიდი/Ponte 25 de Abril

ლისაბონის ყველაზე საკულტო ხიდთან სელფის გადაღებით, ნებისმიერს დაარწმუნებთ, რომ სან ფრანცისკოში ხართ. 2.27 კილომეტრი სიგრძის ხიდი სწორედ ამერიკულმა კომპანიამ ააგო. მასზე გადასასვლელად და შთაბეჭდილებების მისაღებად, მანქანის დაქირავება ნამდვილად ღირს.

ალფამა/Alfama

როცა ლისაბონი 1755 წლის მიწისძვრამ დაანგრია, უძველესი მავრიტანული უბანი ალფამა მედგრად იდგა. პასტელური სახლები და ქვაფენილიანი გზები მას ქალაქის ყველაზე ქარიზმატულ უბნად აქცევს. ბარებთან ჩავლისას, პორტუგალიურ ხალხურ, მელანქოლიურ მუსიკას გაიგონებთ.

ლისაბონის გადმოსახედები

ლისაბონის გადმოსახედებზე სუნთქვა ნამდვილად შეგეკვრებათ. გამორჩეულებია: Miradouro da Graça და Miradouro Senhora do Monte.

საო ვიჩენტე დე ფორას მონასტერი/Monastery of São Vicente da Fora

ეს მონასტერი მე-12 საუკუნეში აღმოაჩინეს და შემდგომ, მე-17 საუკუნის გვიანდელი რენესანსის სტილით გაამდიდრეს. აქვეა მეფეების მავზოლეუმიც.

ფადოს მუზეუმი/The Fado Museum

პორტუგალიური სულის ერთ-ერთი ყველაზე გამომხატველი განცდა, ნოსტალგიაა, ანუ საუდადე. ის კი ფადოს (ფოლკლორულ) მუსიკაში მჟღავნდება. ამ მუზეუმში ჟანრის ყველაზე ცნობილ მომღერლებს და გიტარისტებს გაეცნობით. აუდიოგიდების საშუალებით კი, თვალიერებისას ძველ ჩანაწერებს მოუსმენთ.

კალუსტა გულბენკიანის მუზეუმი/Calouste Gulbenkian Museum

ანტიკური ხელოვნებისთვის ამ ფენომენალურ მუზეუმს მიაკითხეთ, რომელიც სომეხი კოლექციონერის კოლექციას წარმოადგენს, მიძღვნილს ლისაბონისთვის.

ჯერონიმოს მონასტერი/Jerónimos Monastery

როდესაც 1501 წელს, მეფე მანუელ პირველს პორტუგალიური ტრიუმფის აღნიშვნა სურდა, მან ამ მონასტრის აგება გადაწყვიტა. დღეს ის იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსს ატარებს.

კომერსიოს მოედანი/Praça do Comércio

აქ მე-18 საუკუნის სვეტებს, ტრიუმფალურ თაღს და მეფის ქანდაკებას იხილავთ. ლისაბონის ისტორიულ ცენტრში შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ქალაქის ისტორიის შესახებ. რიგისგან თავის ასარიდებლად, დაჯავშნეთ ბილეთები წინასწარ. თუ ღვინო გიყვართ, არ გამოგრჩეთ პორტუგალიური ღვინის დაგემოვნების ოთახი.

საო როკის ეკლესია/São Roque Church

როსიოს მოედნიდან, აიარეთ კიბე და ამ შესანიშნავ ეკლესიას აღმოაჩენთ – ბრწყინვალეს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. სამლოცველო ოქროთი, მარმარილოთ და სხვა ძვირფასი ქვებითაა მორთული. აქ იხილავთ წმინდა ხელოვნების მუზეუმსაც.

პენას ეროვნული სასახლე/National Palace of Pena

ტყიან მთაზე მდებარე პენას სასახლე ბოტანიკური ბაღითაა შემოსაზღვრული. მეფე ფერდინანდ მეორეს ფანტაზიამ არქიტექტურაში ნამდვილად ბრწყინვალედ გაამართლა. ლისაბონის როსიოდან აქ მოსახვედრად მატარებლის საშუალებით 40 წუთი გჭირდებათ.

მუოროსის სასახლე/Castelo dos Mouros

იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს შუასაუკუნოვანი მავრიტანული სასახლე ქალაქზე ულამაზეს ხედს გვთავაზობს. კარგ ამინდში კი ატლანტის ოკეანესაც კი მოკრავთ თვალს.