ავტობუსების, ნავების, ტრამვაების და მეტროს სადგურების წყალობით, ბუდაპეშტში გადაადგილება მარტივია. უნგრეთის დედაქალაქი საფეხმავლოდ კომფორტული ქალაქია, თუმცა თუ სწრაფად გსურთ სადმე მოხვედრა ესეც თავისუფლადაა შესაძლებელი. ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს აპლიკაცია BKK. სადაც თქვენს მგზავრობას მარტივად დაგეგმავთ. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
აიღეთ სამოგზაურო ბარათი იაფი მგზავრობისთვის
ბუდაპეშტის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი ერთჯერადი მგზავრობისთვის ან ულიმიტო აბონიმენტი 24 საათიდან 1 თვემდე ხანგრძლივობით. ის ყველა სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ფარავს. ზოგიერთი ბარათი ღირსშესანიშნაობების უფასოდ მონახულებასაც მოიცავს. ბილეთს შეიძენთ მეტრო სადგურების სალაროებში ან თვითმომსახურეობის ჯიხურებში, რომლებიც მეტროში, ავტობუსის და ტრამვაების გაჩერებებზე დგას. ბილეთის ყიდვის შემდეგ, აუცილებლად გაატარეთ ის ავტობუსის აპარატში დროის მისათითებლად.
ფეხით სიარული საუკეთესო გზაა ბუდაპეშტის საოცარი არქიტექტურის დასათვალიერებლად
შესაძლოა ფეხით ქალაქი სწრაფად ვერ დაათვალიეროთ, მაგრამ სიამოვნებას ნამდვილად მიიღებთ. აქ სეირნობისას აღმოაჩენთ კაფეებს, ძეგლებს და საინტერესო მაღაზიებს, ასევე დატკბებით ბუდაპეშტის არქიტექტურით.
ველოსიპედით სიარული მარტივი და იაფია
ბუდაპეშტი ველოსიპედით სიარულზე მორგებული ქალაქია. აქ ბევრ საველოსიპედო ბილიკს ნახავთ. მისი ქირაობაც მარტივია. მოძებნეთ მწვანე სადგურები და დაიქირავეთ ის აპლიკაციით. როცა დაასრულებთ, დააბრუნეთ იგივენაირ სადგურებზე.
მეტრო
მეტრო ყველაზე სწრაფი გზაა ბუდაპეშტში გადასაადგილებლად. აქ 4 მეტროს ხაზია, რომლებიც მთელ ქალაქს მოიცავენ. პირველი ხაზი, რომელსაც ყვითელ ხაზსაც უწოდებენ ევროპის კონტინენტის უძველესი მეტროს ხაზია და იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.
ტრამვაი ქალაქის ხედებისთვის
ტრამვაები ფარავენ ძირითად უბნებს: პეშტს და ბუდას და ფართოვდებიან გარეუბნებში. ისინი ავტობუსებზე სწრაფები არიან და მათი გამოყენებაც მარტივია ამ ქალაქის სილამაზის შესაცნობად. ტრამვაი 2 ყველაზე ლამაზ გზას გადის ევროპაში, მიუყვება რა დანუბეს სანაპიროს და განახებთ უნგრეთის პარლამენტს.
ავტობუსები გარეუბნებისთვის
ავტობუსები და ელექტრო ტროლეიბუსები ბუდაპეშტს მთლიანად მოიცავენ. მათი საშუალებით მოივლით ცენტრსაც და გარეუბნებსაც. 16 და 16ა ნომერი სასახლემდე მიგიყვანთ, 21 და 21ა კი ნორმაფამდე, ქალაქის უმაღლეს წერტილამდე.
ურბანული მატარებლები ბუდაპეშტიდან ერთდღიანი ტურებისთვის
ურბანული მატარებლების ხაზს HÉV ეწოდება და იდეალურია ერთდღიანი ვიზიტებისთვის ბუდაპეშტის სიახლოვეს. მაგალითად, ზანტანდრში გაყვებით H5-ს ბუდას დაუნთაუნიდან; გოდოლოში H8-ს, ხოლო H7 ჩეპელის კუნძულამდე მიგიყვანთ.
ნავები დანუბეზე
ზაფხულის თვეებში დანუბეზე ნავების სერვისსაც შემოგთავაზებენ. მდინარეზე ბევრი გაჩერებაა მოწყობილი და ნავები თითქმის ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობასთან გაივლიან. დატკბით ქალაქის ხედებით წყლიდან.