საბერძნეთი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მისი მდიდარი ისტორიული ქალაქებით და ულამაზესი სანაპიროებით. მანქანის ქირაობა მოგცემთ სრულ თავისუფლებას, რომ ეს ქვეყანა თქვენთვის სასურველ რიტმში მოიაროთ და ბევრი ადგილი მოინახულოთ. ამ ქვეყანაში გზების უმეტესობა კარგ მდგომარეობაშია და გზად ულამაზეს ლანდშაფტებს იხილავთ.

რა დოკუმენტები გჭირდებათ საბერძნეთში მანქანის დასაქირავებლად?

  • მართვის მოწმობა
  • პასპორტი
  • მოქმედი საბანკო ბარათი თქვენი სახელით

საბერძნეთში ავტომობილის ტარებისთვის ლეგალური ასაკია 18 წელი, თუმცა, მანქანის დასაქირავებლად მინიმალური ასაკის მოთხოვნა სხვადასხვა კომპანიაში სხვადასხვაა. მათი უმეტესობა ითხოვს, რომ მძღოლი მინიმუმ 23 წლის იყოს და მართვის მოწმობის აღებიდან 1 წელი მაინც იყოს გასული. ზოგი სააგენტო აქირავებს 21 წლის მოგზაურებზეც. აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ მოქმედი მართვის მოწმობა, პასპორტი და ბარათი გადახდისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მანქანის გაქირავების ბევრი სააგენტო დამატებით გადასახადს ითხოვს თუ მძღოლი 25 წლამდე ასაკისაა. რადგანაც საქართველო ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა, მათი მოქალაქეებისგან ხანდახან საერთაშორისო მართვის მოწმობასაც ითხოვენ. თუ კომპანიამ არ მოგთხოვათ, მაინც სასურველია რომ ეს დოკუმენტი თან იქონიოთ. იმ შემთხვევაში თუ პოლიცია გაგაჩერებთ, ის ნამდვილად გამოგადგებათ.

საერთაშორისო მართვის მოწმობის აღებაზე ინფორმაცია იხილეთ აქ.

როდესაც საბერძნეთში მანქანას ქირაობთ, აუცილებელია იქონიოთ მესამე პირის დაზღვევაც, რომელიც შეგიძლიათ მანქანის დაჯავშნის დროსაც ონლაინ ან ადგილზე შეიძინოთ.

მარტივია საბერძნეთში მანქანის ტარება? დიახ, რადგანაც გზები სასიამოვნო და იოლი მისაგნებია. აქ ტარებისას ყველაზე მნიშვნელოვანი წესია ის, რომ მანქანები დადიან გზის მარჯვენა მხარეს. მეორე წესი სიჩქარეს ეხება: ამ ქვეყანაში დასაშვები სიჩქარეა 80-110 კმ/სთ ღია გზებზე, 120 სმ/სთ ავტობანებზე ხოლო 50 კმ/სთ ურბანულ არეალებში. ეცადეთ არ გადააჭარბოთ დაწესებულ სიჩქარეს, რადგანაც აქ საავტომობილო მოძრაობას ბევრი კამერა აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ Google Maps საბერძნეთში საკმაოდ კარგად მუშაობს და თუ მის ოფლაინ ვერსიას გადმოწერთ, უინტერნეტოდაც მშვენივრად დაგეხმარებათ.

ფასიანი გზები

ათენიდან პელოპონესისკენ და ათენიდან სალონიკისკენ აქ ფასიანი გზებია მოწყობილი, რომლებით სარგებლობისთვისაც 1-დან 3 ევრომდე იხდით. ისინი მთელი გზის მანძილზე რამდენჯერმე შეგხვდებათ. გადასახდელი ჯიხურები ძირითადად მხოლოდ ქეშს იღებენ, ასე რომ იქონიეთ საკმარისი თანხა.

ეწვიეთ კუნძულებს ნაქირავები მანქანით

შესაძლოა ქალაქში მანქანის ქირაობა არ დაგჭირდეთ, მაგრამ თუ საბერძნეთის ულამაზესი კუნძულების ან სანაპიროების მონახულება გსურთ, მანქანა ძალიან გამოგადგებათ. თუ მას ათენში იქირავებთ, ისევ ათენში უნდა დააბრუნოთ. აუცილებლად გამოართვით გამქირავებელ კომპანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ნებას გრთავენ გადაიყვანოთ მანქანა ბორანით.

რამდენიმე რჩევა საბერძნეთში მანქანის ქირაობისთვის

1. შეამოწმეთ ყველაფერი მანქანის გაყვანამდე – კომპანიის თანამშრომელთან ერთად დაათვალიერეთ მანქანა და მიუთითეთ ყველა დაზიანებაზე, რაც ავტომობილს უკვე გააჩნია. გადაიღეთ ფოტო და ვიდეო მასალა.

2. ბენზინის სადგურები საბერძნეთში ყველგან შეგხვდებათ. როგორც წესი, ისინი მუშაობენ დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე და დაკეტილები არიან კვირას. უახლოეს სადგურებს Google Maps-შიც აღმოაჩენთ. კითხეთ კომპანიას, რომელი ტიპის ბენზინია მიზანშეწონილი ან იპოვნეთ შესაბამისი სტიკერი მანქანაზე.

3. დააკვირდით სად აპარკინგებთ. ქალაქებში პარკინგის ადგილები როგორც წესი შეზღუდულია. ოპოვნეთ ტურისტებისთვის განკუთვნილი ადგილები ან გამოიყენეთ სასტუმროს პარკინგი.

4. მანქანის ქირაობა საბერძნეთში საკმაოდ ბიუჯეტურად ითვლება. თუმცა გააჩნია ქვეყანას წლის რომელ დროს სტუმრობთ, რამდენი ხნით ქირაობთ მანქანას და რამდენად ადრე ჯავშნით. რაც უფრო პატარაა მანქანა, მით უფრო დაბალია მისი ქირაობის ფასი და პირიქით.

5. საბერძნეთში მანქანის ქირაობის ერთ-ერთი სანდო და პოპულარული კომპანიაა – Sunny Cars. თუმცა, აქ ბევრი სხვა კომპანიაც ოპერირებს.

6. საერთაშორისო ქირაობა აქ სამწუხაროდ დაშვებული არაა. საბერძნეთში მანქანის გაქირავების კომპანიები არ მოგცემენ უფლებას გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი და მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად: ალბანეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას ან თურქეთს ეწვიოთ.