1 კვირა გაქვთ ცენტრალური იტალიის დასათვალიერებლად მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ და როგორ დაგეგმოთ? ჩვენ ამ დინამიურ რეგიონში 7 არაჩვეულებრივ დღეს დაგიგეგმავთ. გამოიკვლევთ ისტორიულ ქალაქ რომს, ვატიკანს და ულამაზეს ამალფის სანაპიროს.

დღე 1: ვატიკანი (ნახევარი დღე)

წმ. პეტრეს ბაზილიკა და წმ. პეტრეს მოედანი

მოგზაურობა ცენტრალურ იტალიაში მარადიული ქალაქის, რომის დათვალიერებით იწყება, მაგრამ დღის პირველი ნახევარი აუცილებლად ვატიკანს უნდა დაუთმოთ. ეს ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა მსოფლიოში და რომისგან კედლებითაა გამოყოფილი. თუ დილის 8-ის ნახევრიდან მიხვალთ, გრძელ რიგებს თავიდან აიცილებთ.

აუცილებლად მოინახულეთ წმ. პეტრეს ბაზილიკა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კათოლიკური ეკლესიაა და ადით მის მასშტაბურ გუმბათზე ბრწყინვალე ხედებისთვის. შემდეგი ღირსშესანიშნაობაა ვატიკანის მუზეუმი ლეგენდარული სიქსტის კაპელათი. მუზეუმის სრულად დასათვალიერებლად 2 სთ მაინც დაგჭირდებათ. შეიძინეთ ბილეთი ონლაინ.

დღე 1 – 3: რომი (4 ღამე)

კასტელ სან-ანჟელო

ვატიკანის დათვალიერების შემდეგ, იმავე დღეს შეგიძლიათ რომის გამოკვლევა დაიწყოთ. ვატიკანის კარიბჭიდან როცა გამოხვალთ, სან-ანჟელოს ციხესიმაგრე შემოგეგებებათ. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ვატიკანის და რომის ისტორიაში. შუა საუკუნეებში, საფრთხის დროს, ის რომის პაპების თავშესაფარს წარმოადგენდა. ნაპოლეონის ომების დროს კი რომის დაცვაში დიდი წვლილი შეიტანა.

პიაცა ნავონა

კასტელოს დათვალიერების შემდეგ, მდინარე ტიბრის გადაღმა ამ ულამაზეს მოედანს აღმოაჩენთ, რომელიც ცნობილია ბაროკოს სტილის შადრევნებით და კაფე-რესტორნებით, რომლებიც რომაულ ატმოსფეროს ქმნიან. ციხესიმაგრიდან აქამდე ფეხით მიხვალთ. აქ მდებარეობს კვატრო ფიუმის, დელ მოროს და ნეტუნოს შადრევნები.

პანთეონი

პიაცა ნავონადან ქალაქის უძველეს ძეგლს, პანთეონს მიადგებით, რომელიც ანტიკური რომის არქიტექტურული შედევრია. მისი გუმბათის ხილვით დარწმუნდებით თუ როგორ საოცრად მუშაობდნენ რომაელები მასიურ ნაგებობებზე. პანთეონში შესვლა უფასოა.

ტრევის შადრევანი

რომს ვერ დატოვებთ ცნობილი ტრევის შადრევნის ხილვის გარეშე. ეს ულამაზესი ბაროკოს სტილის შადრევანი სკულპტურებით ყველას ატყვევებს. პანთეონიდან ვიწრო ქუჩებით სწორედ მასთან ამოყოფთ თავს. ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია და ცარიელს მხოლოდ გამთენიისას თუ ნახავთ.

ესპანური კიბეები

ტრევის შადრევნის ჩრდილოეთით რომის მორიგ ღირსშესანიშნაობას იხილავთ. ესპანური კიბეების ავლის შემდეგ რომის ულამაზესი ხედებით დატკბებით. კიბეები მე-18 საუკუნეში აშენდა რათა ესპანური მოედანი ეკლესიასთან დაეკავშირებინა. ის ცნობილი შეკრების ადგილია უძველესი დროიდან.

პინჩიოს მთა

ესპანური კიბეებით ტრინიტა დეი მონტიზე ახვალთ და პინჩიოს მთის ბულვარიდან ქალაქის ზედხედს დაათვალიერებთ. ეს ბულვარი ცნობილია ბაღით და ტერასებით და ისტორიული მონუმენტებით. კარგი იქნება თუ აქ მზის ჩასვლის პერიოდში იქნებით.

კოლიზეუმი

დაიწყეთ მეორე დღე ცნობილი კოლიზეუმის დათვალიერებით. რაც უფრო ადრე მიხვალთ, მით უფრო ნაკლები ხალხი იქნება. იქვე დაათვალიერებთ რომაულ ფორუმს და პალატინის მთას. ისინი ერთ მთლიან ღირსშესანიშნაობად ითვლებიან. მისი 2 სართულის გამოკვლევაში 1 საათს გაატარებთ.

კაპიტოლინის მუზეუმი

მიქელანჯელოს დაპროექტებულ პიაცა დელ კამპიდოლიოზე კაპიტოლინის მუზეუმი მდებარეობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი, სადაც ანტიკური რომის არტეფაქტებია დაცული.

აპიანის გზა

მესამე დღეს დროა, რომ რომის საიდუმლოებები გამოიკვლიოთ და ეწვიოთ ადგილებს, რომლებიც ტურისტული არეალიდან მოშორებით არიან. Appian Way რომაელების აგებული პირველი სატრანსპორტო გზაა, რომელსაც ქვაფენილიანი ქუჩები მიუყვება. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი.

კარაკალას აბანოები

აპიანის გზის დასრულების შემდეგ, გაყევით ავტობუსს Caracalla-მდე. ეს საუცხოოდ შემონახული საჯარო აბანოების კომპლექსია, რომის მნიშვნელოვანი ნანგრევები. ეს ადგილი ანტიკურ რომაულ სამყაროში ყველაზე შტამბეჭდავი კომპლექსი იყო თავისი მოზაიკის მორთულობით.

სან ჯოვანის ბაზილიკა

აბანოების კომპლექსიდან 1 კილომეტრს თუ გაივლით, სან ჯოვანის ბაზილიკასთან აღმოჩნდებით, რომელიც “მსოფლიოს დედა ეკლესიად” ითვლება და რომის 4 უდიდესი ბაზილიკას შორისაა. როგორც კი შიგნით შეხვალთ, მაშინვე მიხვდებით თუ რატომაა ის ასეთი დიადი. ინტერიერში სკულპტურები, ხელოვნების ნიმუშები და მოზაიკებია.

დღე 4 – 5: ამალფის სანაპირო (4 ღამე)

რომიდან ამალფიზე მოხვდებით მატარებლით ან ავტობუსით.

სორენტო

დაიწყეთ ულამაზესი ძველი ქალაქის დათვალიერება მისი გამორჩეული ძეგლის, Chiostro di San Francesco-ს დათვალიერებით, რომელიც მე-14 საუკუნის მშვიდი მონასტერია, იდეალური ადგილი ხალხმრავლობას რომ გაექცეთ.

შემდეგ მიაკითხეთ მის ულამაზეს სანაპიროებს საცურაოდ და რუჯის მისაღებად და დატკბით სორენტოს წყლისპირა სილამაზით. მეხუთე დღეს დაათვალიერეთ პოზიტანო, რომელიც ცნობილი წყლისპირა ქალაქია საკულტო ფერადი სახლებით. სორენტოდან პოზიტანოსკენ ავტობუსები ადრე დილიდან დადიან.

შეგიძლიათ ქალაქი ვიწრო ქუჩებით დაათვალიეროთ და თან მუდმივად ზღვის ხედებით დატკბეთ. პოზიტანოს შემდეგ კი მოინახულეთ ქალაქი ამალფი თავისი ისტორიულია რქიტექტურით და ბრწყინვალე ხმელთაშუაზღვიური ატმოსფეროთი. მოინახულეთ დუომო დი ამალფი.

დღე 6: პომპეი (1 დღიანი ტური)

სორენტოდან პომპეიში გაყევით მატარებელს სორენტოს მატარებლის სადგურიდან და როგორც კი ჩამოხვალთ, მაშინვე ანტიკური რომაული ქალაქის შესასვლელთან აღმოჩნდებით. ბილეთის ღირებულებაა 2.5 ევრო. პომპეის დათვალიერებას 3-4 საათი სჭირდება. იხილეთ ვილა დე მისტერი, აპოლოს ქანდაკება, პომპეის ამფითეატრი და აშ.

დღე 7: კაპრი (1 დღიანი ტური)

მოგზაურობის მეშვიდე დღეს ეწვიეთ კაპრის, სორენტოს სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულს, რომელიც ცნობილია ულამაზესი ლანდშაფტით და ლურჯი გამოქვაბულებით და გაატარეთ სარელაქსაციო დღე. კაპრიზე მოსახვედრად გაყევით ბორანს სორენტოდან. მგზავრობის დროა ნახევარი სთ.

დღე 8: ნეაპოლი (1 ღამე)

ცენტრალურ იტალიაში 1 კვირის გატარების შემდეგ, ნეაპოლის აეროპორტიდან შეგიძლიათ გაფრენა. ფრენამდე კი ცოტა ხნით ამ ქალაქში გავლასაც მოასწრებთ.

იხილეთ ასევე: 1 კვირა ჩრდილოეთ იტალიაში

2 დღე ნეაპოლში