ნეაპოლი იტალიის დინამიური და გასაოცარი ქალაქია. ბერძნებმა ის რომამდე აღმოაჩინეს, ასე რომ აქ ბევრი ანტიკური ნაშთია. ხალხმრავალი და ქაოტური ქალაქი ფერადი შენობებით გამოირჩევა. ჩვენ აქ ორ საინტერესო დღეს დაგიგემავთ.
დღე 1
დილა
დაიწყეთ ნეაპოლის გაცნობა მის სანაპიროზე მდებარე ღირსშესანიშნაობებით. არ დაგავიწყდეთ, კლასიკური ნეაპოლური ფუნთუშას – sfogliatelle-ს დაგემოვნება, მას ქალაქის ყველა წერტილში შეხვდებით. პირველი დანიშნულების ადგილი პლებისიტოს პიაცაა. ეს მე-19 საუკუნის დროინდელი მოედანი საოცარ სიმეტრიას განასახიერებს. შემდეგ რეალის სასახლეს ეწვიეთ, ეს ნეაპოლის სამეფო სასახლეა. პიაცას ჩრდილოეთ კუთხეში ლეგენდარული კაფე გამბრინუსი მდებარეობს, სადაც თან გასაყოლებელ შემწვარ პიცას შეიძენთ. ამის შემდეგ, მიდით აუგუსტეოს სადგურზე და აყევით ფუნიკულიორს ნეაპოლის ზედხედებით დასატკბობად.
შუადღე
ფუნიკულიორზე 7 წუთიანი მგზავრობით პიაცა ფუგაზე აღმოჩნდებით, საიდანაც 10 წუთში სანელმოს სასახლესთან მიხვალთ. ეს მე-13 საუკუნის შენობა ციხე იყო, დღეს კი კულტურის ცენტრია. აქედან დაინახავთ ვესუვიუსის მთას, ნეაპოლის სანაპიროს, კაპრის და ისკიას კუნძულებს. მოინახულეთ სან მარტინოს მუზეუმიც. ამის შემდეგ შეგიძ₾იათ ცოტახანი სასტუმროში ან ქალაქში შეისვენოთ.
საღამო
გაისეირნეთ ნეაპოლის ლამაზ, ცოცხალ სანაპიროზე, პორტის ნაწილში. თუ მზის ჩასვლის პერიოდი დაგემთხვევათ, ლამაზ ფოტოებსაც გადაიღებთ. დალიეთ რაიმე გემრიელი სასმელი რომელიმე აქ არსებულ ბარში. ვახშმად დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძები. შეგიძლიათ ნეაპოლიტანური ნაყინიც დააყოლოთ.
დღე 2
დილა
თუ პირველი დღე ნეაპოლის ისტორიას დაეთმო, მეორე დღეს მისი სული უნდა აღმოაჩინოთ. ამიტომაც, დაიწყეთ სპაკანაპოლით, ვიწრო ქუჩით, რომელიც ნეაპოლს ორ ნაწილად ყოფს. დაიწყეთ ნაპოლის ცენტრალური სადგურიდან და ნელ-ნელა მაღლა გაუყევით. აქ იხილავთ თევზის ბაზრობებს, ქუჩის კვების დახლებს, ქალაქის ხმაურს და ნეაპოლის ფერებს. შემდეგ, კაპელა სანსევეროს მუზეუმს ეწვიეთ აქ გასაოცარი ქრისტეს ქანდაკება დაგხვდებათ.
შუადღე
ვია დეი ტრიბუნალეზე ნეაპოლის მიწისქვეშეთში ჩასასვლელს იპოვნით. შეგიძლიათ აიღოთ ინგლისურენოვანი გიდის ტური ან ანტიკური ნეაპოლი გამოიკვლიოთ თავად. ამის შემდეგ, ეწვიეთ სანტა მარია ასუნტას კათედრალს, ის უძველესი მოზაიკებითაა მორთული. ეკლესიის შემდეგ კი ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეთ.
საღამო
უკანასკნელი საღამო დაიწყეთ გემრიელი კოქტეილით. პოპულარული ბარებია: Intra Moenia, Archeobar და Superfly. თუ აქამდე ნეაპოლიტანური პიცა არ დაგიგემოვნებიათ, ისე არ წახვიდეთ, რომ არ გასინჯოთ. Da Michele და Sorbillo მსოფლიოში ცნობილი პიცერიებია.