ამალფის სანაპირო მისი სათევზაო სოფლებით და სანაპიროების პანორამული ხედებით, ბევრი მოგზაურის საოცნებო მიმართულებაა. პოზიტანოდან ვიეტრი სულ მარემდე გადაჭიმული სანაპირო ხაზი მართლაც დიდ საგანძურს ინახავს. აქ ფერადი ფილებით მორთული კათედრალები და შთამბეჭდავი სალაშქრო ბილიკებია. მაგრამ, საიდან უნდა დაიწყოთ? ჩვენ იტალიის ამ რეგიონში საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
პოზიტანო
ამ ცნობილ საკურორტო ქალაქს სათევზაო სოფლის წარსული აქვს. თუმცა, დღესდღეობით აქ დასვენება ბიუჯეტური სულაც არაა და გარშემო ბევრ მდიდრულ ვილასაც მოკრავთ თვალს. არაა სავალდებულო რომ აქ დარჩეთ, უბრალოდ ერთი დღით მაინც ეწვიეთ მას. მოირგეთ კომფორტული ფეხსაცმელი და მოიარეთ ეს კლდისპირა საოცარი დასახლება, გზად კი დატკბით სანაპიროს ულამაზესი პანორამებით.
“ღმერთების ბილიკი”
ამალფის სანაპიროზე იტალიის გამორჩეულად სუნთქვაშემკვრელი სალაშქრო გზებია. ერთ-ერთი მათგანია “The Path of the Gods” – 7 კილომეტრზე გაჭიმული გზა ზღვის დონიდან 630 მეტრზე, რომელიც ცაში გამოკიდულის შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. საშუალო სირთულის ბილიკს რამდენიმე შესასვლელი და დასასრული აქვს, მაგრამ ყველაზე პოპულარული სოფელ აგეროლაში იწყება და ნოჩელეში (Nocelle) მთავრდება.
ფურორის ფიორდები
Furore Fjord ამალფის ულამაზესი კლდოვანი ადგილია თავისი სანაპიროთი, სადაც კრისტალივით სუფთა წყალია. კლდეებს შორის გასაოცარი თაღვანი ხიდიც მოგხიბლავთ, რომელზე ასვლაც კიბეებით შეგიძლიათ. აქ ნავით ან წყლის ტაქსით მოხვდებით.
ამალფი
თვითონ ამალფი, ამ სანაპირო ზოლის მთავარი ჰაბი, ულამაზესი ფეხით მოსავლელი შუასაუკუნოვანი სოფელია სავსე ბუტიკებით, რესტორნებით და ხეივნებით. მის პიაცა დუმოზე მე-12 საუკუნის გოთიკური კათედრალი დგას. გაისეირნეთ ვია ლორენცო დამალფიზე, სადაც ქაღალდის მუზეუმს აღმოაჩენთ.
რაველო
ლატარის მთებში რომანტიკულ რაველოს აღმოაჩენთ, მისი 800 წლოვანი გასაოცარი ვილით, საიდანაც რეგიონზე ულამაზესი ხედები იშლება. ეს პატარა სოფელი მასპინძლობას უწევდა მსოფლიო ცნობადობის მქონე ვიზიტორებს, მათ შორის ვაგნერს და ლოურენსს. რაველოს ქვით მოპირკეთებული ქუჩები ცოცხალ მთავარ მოედანზე, პიაცა დუომოზე გაგიყვანთ, სადაც ლამაზი ბაღები და სანაპირო ხედებია. გადახედავთ ნეაპოლის ყურეს ზღვის დონიდან 365 მეტრზე.
ვიეტრი სულ მარე
ლიმნისფერი, მწვანე და ცისფერი ამალფის სანაპიროს ფერთა გამაა. მაგრამ, ვიეტრი სულ მარე ვიეტრის ფილების დაბადების ადგილია, რომელიც ცისარტყელას ფერებში გვხვდება. ეს წყლისპირა სოფელი ღია ცის ქვეშ მუზეუმია. აღმოაჩინეთ კერამიკის ნიმუშები და ულამაზესი კედლის გაფორმებები.
სორენტო
სორენტო პოზიტანოდან 30 წუთის სავალ გზაზეა და ტექნიკურად ამალფის სანაპიროს არ ეკუთვნის, თუმცა აქედან ადვილი მოსანახულებელია. აქ ანტიკური საბერძნეთის, რომაულ, შუასაუკუნოვან, რენესანსის და ბაროკოს არქიტექტურას აღმოაჩენთ. პიაცა ტასო სორენტოს გულია. აქ დაიბადა ლიმონჩელო, ამიტომაც ეს სასმელი სორენტოში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
ბაგნი რეჯინა ჯოვანა
სორენტოსთან ერთი ბრწყინვალე ადგილი – Bagni Regina Giovanna მდებარეობს – ბუნებრივი საცურაო აუზი, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. ეწვიეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობთ, რადგანაც მასზე მოსახვედრი ბილიკი დამღლელია.
ბაია დი იერანტო
სორენტოს ნახევარკუნძულზე მდებარე ეს კლდოვანი სანაპირო (Baia di Ieranto) 45 წუთის სალაშქრო გზაზეა ნერანოს სოფლიდან. გზად იხილავთ ხედებს კაპრის ქვის კოშკურებზე. ატმოსფერო აქ მართლაც გასაოცარია, მის სანაპიროს კი ჰომეროსის ქალთევზების მიწასაც კი უწოდებენ.