ბრიუსელში ყოფნის დროს, ბელგიის სხვა ქალაქების დათვალიერებაც მშვენიერი იდეაა. ეს ევროპული დედაქალაქი ქვეყნის ცენტრში მდებარეობს და მშვენიერი ლოკაციაა ბევრი ადგილის მოსანახულებლად, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთაც. მაგალითად, ამსტერდამი და ლუქსემბურგი ბრიუსელიდან რამდენიმე საათის გზაზე მდებარეობს.
1. ბრიუგე
ბრიუსელიდან 105 კილომეტრში, ქვეყნის პოპულარული ტურისტული მიმართულება მდებარეობს. აქ ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა და ამავდროულად, ჰარმონიული სიმშვიდე. ბრიუსელიდან 1 დღით თუ ბრიუგეში გაისეირნებთ, გვერწმუნეთ, ნამდვილად ისიამოვნებთ. თუ ტურზე ჩაეწერებით, ბრიუსელის ცენტრიდან კომფორტულად ჩაგიყვანენ და ჩამოგიყვანენ, ამასთან ბრიუგეს ისტორიას გაგაცნობენ და მის ქუჩებს დაგათვალიერებინებენ.
2. გენტი
გენტს ბრიუსელისგან მხოლოდ 58 კილომეტრი აშორებს. თუ მუზეუმების მონახულების ნაცვლად, მხოლოდ არქიტექტურით ტკბობა და ქალაქის ატმოსფეროში ჩაძირვა გსურთ, ავტობუსის ტური კარგი ალტერნატივაა. დედაქალაქის ცენტრიდან ის გენტის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მოგატარებთ და ქალაქის ისტორიას გაგაცნობთ. ასევე, იხილავთ შოკოლადის დამზადების პროცედურას. თუ ამ ქალაქს თქვენით ესტუმრებით, შეგიძლიათ ლაარნის ციხესიმაგრეც მოინახულოთ, რომელიც გენტს მე-11 საუკუნეში იცავდა.
3. ვატერლოო
პატარა ქალაქი ვატერლოო ბრიუსელის სამხრეთით, 18 კილომეტრში მდებარეობს. მან მსოფლიო პოპულარობა 1815 წელს მომხდარი ცნობილი ომით მოიპოვა. აქ ნაპოლეონის საფრანგეთის არმია დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, ჰანოვერს და პრუსიას შეხვდა. ბრძოლის ველი დღეს საოცრად მშვიდი და ლამაზი მინდორია, რომელსაც მთიდან ლომის ქანდაკება გადმოჰყურებს. აქ ბრიუსელიდან ნახევარ დღიან ორგანიზებულ ტურებზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ. გასვლის დროები დღის მანძილზე რამდენიმეა.
4. ანტვერპენი
ნახევრად ჰოლანდიურად მოსაუბრე ანტვერპენი, ბევრი არტისტით და ოსტატითაა ცნობილი. მთავარი ღირსშესანიშნაობა Grote Markt-ა – დიდი მოედანი, სადაც ბრაბოს შადრევანს, მერიას და ეთნოგრაფიულ მუზეუმს იხილავთ. ანტვერპენის ყველაზე შთამბეჭდავი გოთიკური ტაძრებია: წმ. პოლის ეკლესია (Sint-Pauluskerk) და Cathedral of our Lady, რომელიც 1352 წლით თარიღდება. ინტერიერიც და ექსტერიერიც ორივე კათედრალს ერთნაირად საუცხოო აქვს. ხელოვნების მოყვარულთათვის აქ რუბენსის სახლია, ასევე სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, სადაც ცნობილი მხატვრების ნიმუშებს იხილავთ. ბრიუსელიდან ანტვერპენში სტუმრობა დაიწყეთ უძველესი ციხესიმაგრით – National Redoubt of Belgium. ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, აქ მატარებლის სადგურის ხილვითაც დატკბებით.
5. ლუქსემბურგი
ეს პატარა ქვეყანა ბელგიის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობს და ბრიუსელს მსხვილი საავტომობილო გზით უერთდება. ლუქსემბურგი ევროპის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრია. ამიტომაც, აქ ბევრი პოლიტიკური ინსტიტუცია მდებარეობს. მათ შორის: ევროპის პარლამენტის სამდივნო, ევროპული ინვესტიციების ბანკი, ევროკავშირის საგამომცემლო ოფისი და აშ. დედაქალაქის ძველი უბანი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია. იმიტომ, რომ აქ ბევრი ისტორიული სასახლე მდებარეობს. მათ შორის Walls of Corniche, რომელიც ქალაქზე საოცარ ხედს გვთავაზობს. ბრიუსელში დაბრუნებამდე, შეჩერდით მშვიდ ქალაქ დინანტშიც და მიმოავლეთ თვალი მის ღირსშესანიშნაობებსაც.
6. ამსტერდამი
ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი მდიდარი ისტორიით და კულტურული ღონისძიებების სიმრავლით გამოირჩევა. ქალაქის მთავარი ღირსება 160 წყლის არხია. ამსტერდამი ხელოვნების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ბევრ მუზეუმს იხილავთ, მათ შორის ცნობილ Rijksmuseum-ს 7 მილიონი ხელოვნების ნიმუშით. ვან გოგის მუზეუმი მის მხატვრობებს და წერილებს წარმოგიდგენთ; ხოლო რემბრანტის სახლ-მუზეუმი მხატვრის რეზიდენცია იყო 20 წლის მანძილზე. აქ ასევე ნახავთ ანა ფრანკის მუზეუმს და ებრაულ ისტორიულ მუზეუმს.ფეხით სეირნობის დროს, მოინახულეთ სამეფო სასახლე და ფლი მარკეტი – Vlooienmarkt.
7. ალსტი
ალსტი ყვავილების ინდუსტრიითაა ცნობილი. ის ბრიუსელიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფერად ყვავილების ბაზრობას – Bloemenveilinghal, რომელიც ყოველ დილას იმართება. ქალაქის მთავარ მოედანზე ბელგიის უძველესი, ორიგინალური მერიის შენობაა. მოედნის შემდეგ, მოინახულეთ ეკლესია – Sint-Martinuskerk. ინტერიერი ხელოვნების ნიმუშებითაა მორთული, მათ შორის პოლ რუბენსის ნახატით. ისტორიით დაინტერესებულები პირველი მსოფლიო ომის დროინდელ საომარ ველებსაც ეწვიეთ, სადაც მუზეუმი და მემორიალიც დაგხვდებათ.
8. მორსელი
ალსტიდან 5 კილომეტრში მორსელი მდებარეობს, ამიტომაც შეგიძლიათ ალსტთან ერთად მოინახულოთ. აქ რენესანსის დროინდელ ციხესიმაგრეს (waterkasteel) იხილავთ. შემდეგ კი მე-13 საუკუნის ეკლესიისკენ (Sint-Martinuskerk) გაემართეთ. აქ ბუნება ძალიან ლამაზია, ამიტომაც უბრალოდ ბელგიის ლანდშაფტითაც დატკბებით.
9. უდენარდი
უდენარდი (Oudenaarde) წყნარი ქალაქია ქსოვილის ინდუსტრიით. ის ბრიუსელიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის, უდენარდი გენტის შემდეგ, ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. გოთიკური სტილის შენობებს შორის ყველაზე ღირსშესანიშნავი მერიაა, რომელიც მე-16 საუკუნეში ააგეს. მერიის შემდეგ, ვალბურგას მონასტერი მოინახულეთ, შემდეგ კი ეპისკოპოსის სასახლე. საბოლოოდ, ეკლესიის: Church of Our Lady of Pamele-ის ულამაზესი ფანჯრებით და თაღებით დატკბით.
10. ჰუიზინგენი
ბუნების მოყვარულებს ბრიუსელთან 15 კილომეტრში მდებარე ეს ქალაქი ლამაზი ბაღებით და სასეირნო ბილიკებით გააოცებს. აქ დაგხვდებათ ტბაც ნავებით და ღია აუზი. პატარები საბავშვო მოედნებზე გაერთობიან, თქვენ კი შეგიძლიათ საპიკნიკოდ გაემზადოთ.
11. ატი
პატარა ქალაქი ატი ბრიუსელიდან 58 კილომეტრშია. მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, აქ ბევრი ციხესიმაგრეა. 23 მეტრი სიმაღლის კოშკი მე-12 საუკუნით თარიღდება. ქალაქში უძველეს ეკლესიასაც იხილავთ, მე-17 საუკუნის მერიის შენობას და მე-18 საუკუნეში აგებულ სახლებს.
12. ჰაზელტი
ბრიუსელიდან 85 კილომეტრის დაშორებით, ლიმბურგის პროვინციის დედაქალაქი მდებარეობს. ქალაქის ცენტრში დიდი მოედანია ძველი სახლებით. აუცილებლად ეწვიეთ გოთიკურ კათედრალს – Saint Quentin Cathedral. აქვეა უძველესი Our Lady Church, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრულად აღადგინეს. შეიარეთ მუზეუმში, რათა მეტი გაიგოთ ადგილობრივ ისტორიასა და კულტურაზე.