გერმანიასა და საფრანგეთს შორის მოქცეულ პატარა ქვეყანას – ბელგიას, თამამად შეუძლია თავი კულტურული ღირსშესანიშნაობებით მოიწონოს. აქ ნახავთ საუკეთესო ადგილებს შუა საუკუნეების ზღაპრული ადგილებით დაწყებული, ფართო ნაკრძალებითა და უცნაური, მიტოვებული ქალაქებით დამთავრებული.

1. ატომიუმი

წვრილი მილებით დაკავშირებული 9 უზარმაზარი მეტალის ბურთი: ასე ეძახიან ბელგიისა და ბრიუსელის მაცხოვრებლები ბოლო პერიოდში შექმნილ მათ ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას და ქალაქის სიმბოლოს – ატომიუმს. გასაოცარი არქიტექტურული კონსტრუქცია წარმოადგენს 165 მილიარდჯერ დიდი ზომის რკინის კრისტალის გამოსახულებას. 1958 წელს, ბრიუსელში ჩატარებული მსოფლიო გამოფენის განსაკუთრებული ექსპონატი, გრავიტაციის გამომხატველი ატომიუმი, დღემდე რჩება ქალაქის ჰორიზონტის განუყოფელ ნაწილად. სკულპტურა ამჟამად განთავსებულია ლაკენში, ჰეისელის პლატოზე, ბრიუსელის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში, სადაც პირველად ჩატარდა გამოფენა.

2. ლაკენის სამეფო სათბური

ბელგიის სამეფო სათბური არტ ნუვოს არქიტექტურისა და ეგზოტიკური სიმწვანის ბრწყინვალე შერწყმაა. აქ სასიამოვნო არომატი და არაჩვეულებრივი სანახაობა გელოდებათ. სათბურის კომპლექსი მე-19 საუკუნეში მეფე ლეოპოლდ II-სთვის აშენდა, რაც ნათლად გამოიხატება გუმბათოვან სახურავზე დადგმულ მდიდრულ შუშის გვირგვინებში. გაზაფხულზე, შუშის პავილიონებში სეირნობისას, დარწმუნდებით რომ ესაა ადგილი, რომელსაც თამამად შეგვიძლია დედამიწის სამოთხე ვუწოდოთ.

3. ნაპოლეონის ვატერლოოს მემორიალი

ადგილი, სადაც ყოველწლიურად ასეულობით რეკონსტრუქტორი იკრიბება 1815 წელს ვატერლოოს მახლობელ მინდვრებზე ნაპოლეონის დამარცხების აღსანიშნად. ამ ჟესტით ისინი გამოხატავენ, რომ ბრძოლა კოლექტიურ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს. ამ მოვლენას ეძღვნება „ლომის ბორცვი“ – ხელოვნური გორაკი ლომის ქანდაკებით. ბრიუსელის სამხრეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე ეს მემორიალი ორი საუკუნის წინანდელ კოალიციურ გამარჯვებას შეგვახსენებს ფრანგ გენერალზე.

4. ბრიუსელის გრან-პლასი

უთხარით ექსტრავაგანტულ არქიტექტორს შექმნას წარმატებული, გვიანი შუა საკუნეების სტილის სავაჭრო მოედნის დიზაინი და დიდი შანსია, რომ შედეგად ბრიუსელის გრან-პლასს მიიღებთ. მოედანი თვალს მოფარებულ ადგილას მდებარეობს. პლაზა აუცილებლად განგაცვიფრებთ ათეულობით ბაროკოს გილდიის სახლით, მორთულ-მოკაზმული მეფის სახლით, რომელიც ქალაქის მუზეუმად გადაკეთდა და მე-15 საუკუნის მერიის შენობით. ყველაფერი ეს საოცრად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ევროპის ყველაზე კარგად შემონახულ, შუა საუკუნეების სტილის მოედანს.

5. ვიქტორ ორტას საცხოვრებელი სახლები

ვიქტორ ორტამ, რომელსაც ხშირად არტ ნუვოს მოძრაობის „მამად“ მოიხსენიებენ, ბრიუსელს ინოვაციური საცხოვრებელი სახლები დაუტოვა, რომელთა არქიტექტურული იერსახე, 19 საუკუნის მიწურულის დასავლეთის არქიტექტურაში ახალ სიტყვად ჩაიწერა. ოთხივე შენობას იუნესკოს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. ბევრი დრო რომ არ წაგართვათ, გეტყვით, რომ ამათგან Maison & Atelier Horta არის მხატვრის ყოფილი სახლი და სახელოსნო, რომელიც მდებარეობს Saint-Gilles-ში, ბრიუსელის გარეუბანში და ამჟამად მუზეუმადაა გადაკეთებული. ხოლო რაც შეეხება Hotel Solvay-ს  ბრიუსელის ცენტრში, იუნესკო მას უწოდებს არტ ნუვოს პერიოდში შესრულებული მისი ნამუშევრებიდან „ყველაზე ამბიციურსა და სანახაობრივს“.

6. წმ. ბავოს საკათედრო ტაძარი

მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოპარული ხელოვნების ნიმუში (“მისტიკური კრავის თაყვანისცემა” ჰუბერტ და იან ვან ეიკები), გენტის წმ. ბავოს ტაძარშია განთავსებული. უმეტესწილად მას გენტის საკურთხევლის სახელით მოიხსენიებენ. 12 პანელიანი პოლიპტიქი გადაურჩა მღელვარე რვა საუკუნეს. “მისტიკური კრავის თაყვანისცემა” პირველი მასშტაბური ნახატი იყო, რომელმაც ბიძგი მისცა რენესანსის ეპოქის დაწყებას. ის ჯერ ნაპოლეონის მეომრების მიერ იქნა მოტაცებული, შემდეგ ნაცისტების ხელში ჩავარდა, განძზე მონადირეების მიერ გადაურჩა მარილის მაღაროებს, მოგვიანებით კი განდგომილმა მღვდელმა გაყიდა.

7. ფლანდრიის მინდვრები

პირველი მსოფლიო ომის დროს, პრუსიის მიმდებარე მინდვრებში, ბელგიის ფლამანდიურ ნაწილში, მოკავშირეთა ჯარები საშინელ საომარ თხრილებში აღმოჩნდნენ დამარხული. სოფელსა და ქალაქში ვხვდებით ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალებს, თითქმის დანგრეული სავაჭრო პუნქტი (Cloth Hall) კი გადაკეთდა მუზეუმად (In Flanders Fields Museum), რომელსაც სახელი ვიცე პოლკოვნიკ ჯონ მაკკრეის ლექსის პატივსაცემად ეწოდა.

8. წმინდა სისხლის ბაზილიკა

რომანული სტილის წმინდა სისხლის ბაზილიკა, რომელიც ბრიუგეს ისტორიულ ბირთვში დგას, მე-12 საუკუნეში აშენდა. ის გამოირჩევა მოედნის ფონისგან გამოკვეთილი თავისი მუქი შეფერილობით. რა თქმა უნდა, გამორჩეული სამლოცველო შეიცავს გამორჩეულ რელიქვიას: ფლაკონი, რომელშიც იესო ქრისტეს სისხლი ესხა, ყოველდღე გამოაქვთ თაყვანსაცემად.

9. ბრიუგეს სამრეკლო

თუ ფიქრობ, რა მოინახულო ბელგიაში, უფრო კონკრეტულად კი მის ყველაზე თვალწარმტაც ქალაქში, მოგზაურობის დაწყებას “ბრიუგეს სამრეკლოს 366 საფეხურით” გირჩევთ. აღმოაჩინე ჩრდილოეთ ვენეციის შუა საუკუნეების სტილის ქუჩების ქსელი და ახლოდან დაათვალიერე სასურველი შენობა. რაც შეეხება სამრეკლოს, ის 1240 წელს, ბაზრის მოედანზე აშენების დღიდან გამოიყენებოდა ხანძრის ან სხვა საფრთხის შესამჩნევად. სამრეკლოს, აშენებიდან 40 წელში, ცეცხლი გაუჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით აღადგინეს, ქალაქის არქივები სრულად განადგურდა.

10. The Hallerbos იგივე ლურჯი ტყე

მაჩიტელებით სავსე გაზაფხულის ტყეებს მხოლოდ ბრიტანეთის სოფლებში არ ვხვდებით. ისინი მთელ ევროპაშია წარმოდგენილი და ბელგიის Hallerbos, რომელიც ძირითადად ფლამანდიის ბრაბანტის რეგიონში მდებარეობს, განსაკუთრებულად ლამაზ სანახაობას გპირდებათ. დროის შერჩევას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყვავილების იისფერი ხალიჩა აპრილის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე, მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩნდება.

11. Beaufort Project-ის მუდმივი ნამუშევრები

მას შემდეგ, რაც Beaufort Project დაიწყო, ბელგიის სანაპირო ქალაქებში უფრო და უფრო უცნაური ქანდაკებები გამოჩნდა: არნე კვინზის გიგანტური, ჩაზნექილი ნარინჯისფერი ტიტანებიდან დაწყებული (Rock Strangers) ოსტენდში, იან ფაბრის ავტოპორტრეტით დამთავრებული, სადაც ის ზის ბრინჯაოს მასიურ კუზე (Searching for Utopia) ნიუპორტში. ამ განსაკუთრებულმა ნამუშევრებმა, საჯარო ხელოვნების ტრიენალეზე მუდმივი სივრცე დაიმსახურეს და ქვეყნის სანაპირო უფრო საინტერესო ადგილად აქციეს.

12. გრანდ კურციუსის მუზეუმი

გრანდ კურციუსის მუზეუმი ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა არც იყოს აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში, მაგრამ ისტორიისა და ანთროპოლოგიის მოყვარულები აუცილებლად იპოვიან აქ საკუთარ სამოთხეს. დიდი რაოდენობით შემონახული და გამოფენილი არქეოლოგიური საგნები კაცობრიობისა და ჩვენი ევოლუციის საუკუნოვან ისტორიას მოგვითხრობენ. გრანდ კურციუსი, რამდენიმე სხვა მუზეუმთან, მათ შორის იარაღისა და დეკორატიულ ხელოვნების მუზეუმებთან გაერთიანების შედეგად, გვიყვება ამბავს რამდენიმე პერსპექტივიდან.

13. დურბუის მომხიბვლელი ქალაქი

პატარა, მხიარული, ზღაპრული ქალაქი დურბუი, მდინარე ურტეს ნაპირზე, ტყიან არდენებში მდებარეობს და ბელგიის ღირსშესანიშნაობებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. “მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი” დაახლოებით 11,300 მოსახლეობით, იდეალური მიმართულებაა გრძელი ლაშქრობებისა და კაიაკით მოგზაურობის მოყვარულთათვის. მურაბების ქარხანა და უცნაური ტოპიარის პარკი კიდევ უფრო უცნაურს ხდის ამ სამოთხეს.

14. მაღალი ჭაობი

ბელგია-გერმანიის საზღვარზე მდებარე ამ უკაცრიელ ტერიტორიაზე, The High Fens-ის ნაკრძალი, თავისი იდუმალი ჭალებითა და იშვიათი ველური ბუნებით, ბევრი მოლაშქრის საოცნებო ადგილია. აქ შეხვდებით გარეულ ღორს, მინდვრის ძელქორს და შავ როჭოს. გვალვის დროს, როცა ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია, ნაკრძალი იკეტება.

15. რუბენსის სახლმუზეუმი

ის, რომ პიტერ პოლ რუბენსი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, აშკარა ხდება ანტვერპენში, მის სახლსა და სახელოსნოში სტუმრობისას. იტალიური სტილის სახლში ნახავთ როგორც მხატვრისა და მისი თანამედროვეების ნამუშევრებს, ასევე იმ საგნებს, რომლებსაც ის ყოველდღიურად იყენებდა, მათ შორის ვერცხლის დოქს და ტაშტს.

16. ანტვერპენის MAS მუზეუმი და Het Eilandje

ანტვერპენის (ევროპის სიდიდით მეორე პორტი), ზღვასთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად, დაარსდა შთამბეჭდავი MAS მუზეუმი, ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღირსშესანიშნაობა. მუზეუმმა კი, თავის მხრივ, იზრუნა ძველი ნავსაშენის უბნის Het Eilandje-ს აღორძინებაზე. ანტვერპენის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი უბნის პანორამული ხედით დათვალიერებისთვის, შეგიძლიათ ახვიდეთ მუზეუმის ადვილად მისადგომ „ჰორიზონტალურ ბულვარზე“.

17. პლანტენ-მორეტუსის მუზეუმი

მე-16 საუკუნის ძვირფასი ლექსიკონები, მსოფლიოს ზოგიერთი უძველესი სტამბა და სპილენძის ფირფიტები, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს ბეჭდვის ტექნოლოგიაში, არის იმ საოცრებებს შორის, რომლებსაც პლანტენ-მორეტუსის მუზეუმში იხილავთ. მუზეუმი პლანტენის ყოფილი ბეჭდვითი დაწესებულების შენობაში მდებარეობს. სწორედ აქ დაიბეჭდა პირველი ატლასი და მრავალენოვანი ბიბლია – Plantin Polyglot Bible.

18. ბინჩის კარნავალი 

ვალონის პატარა ქალაქ ბინჩში, არსებობს კარნავალის აღნიშვნის დიდხნიანი ტრადიცია. “ჟილების” (Gilles) სახელით ცნობილი ჯამბაზის მსგავსი ფიგურები ბოროტი სულების განდევნას ისახავენ მიზნად. სირაქლემას ქუდებით შემკობილნი ხალხს ფორთოხლებს ესვრიან და ასე ზეიმობენ (რაც წარმატების მომტანად ითვლება და მათი უკან გადაგდება არ შეიძლება).

19. დოელი მოჩვენებათა ქალაქი

აღმოსავლეთ ფლანდრიის სოფელი დოელი – ეს არის მოჩვენებათა ქალაქი ატომური ელექტროსადგურის ჩრდილში, შესაბამისად იდეალური ადგილი გრაფიტის შესაქმნელად. დიდი ხნის წინ, ანტვერპენის ნავსადგურის გასაფართოებლად დაიგეგმა მისი დანგრევა, მაგრამ პროტესტის შედეგად ეს პროექტი შეჩერდა და სოფელი მივიწყებულ ადგილად იქცა. ის ბელგიელი და საერთაშორისო ქუჩის მხატვრებისთვის არაოფიციალური ურბანული ტილო გახდა, სადაც ხელოვანები მაქსიმალურად გამოხატავენ საკუთარ თავს. არსებობს მეამბოხე მაცხოვრებლების მცირე ნაწილი, რომლებიც უარს ამბობენ სოფლის დატოვებაზე, რადგან ხედავენ როგორ დაემსგავსა ის პოსტ აპოკალიფსური ფილმის ეპიზოდს.

20. მიტოვებული გამაგრილებელი კოშკი IM

მიტოვებული ქალაქების მკვლევრები შარლერუაში მდებარე მიტოვებული IM-ის ელექტროსადგურს ახასიათებენ როგორც ღირსშესანიშნავ სანახაობას. გამაგრილებელი კოშკი, რომელიც 1921 წელს აშენდა, სიმაღლით თითქოს ცას სწვდება. მისი ხავსით დაფარული სახურავიდან გადმოხედვა აუცილებლად მოგგვრით ჟრუანტელს. დაცვის თანამშრომლები ხშირად იმყოფებიან ადგილზე, ტურისტების ძველ შენობაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.