მთელ მსოფლიოში ნაცნობი, ფიჭის ფორმის ეს ნუგბარი შუა საუკუნეების ბელგიაში დაიბადა და დღემდე ბრიუსელის უპირველეს სასუსნავად რჩება, რომელსაც ქალაქის ქუჩებში კარაქის თბილი სურნელი შეაქვს. ვაფლის ერთი პატარა ფურგონიდან წამოსული არომატიც კი საკმარისია, რომ სხვა სამყაროში გადაინაცვლოთ. ეს ისეთი სითბოს სურნელია, თითქოს ყოველდღე შობა იყოს.

ბელგიის დედაქალაქში ბევრი სწორედ იმიტომ ჩადის, რომ მისი საუკეთესო ვაფლები აღმოაჩინოს. თუმცა ქალაქში,  სადაც შოკოლადის დეგუსტაცია სტანდარტული შეთავაზებაა, კარტოფილი ფრის კი საკუთარი მუზეუმიც აქვს, არც ვაფლის კეთების მაღალი ოსტატობა გაგვიკვირდება.

ბელგიური დელიკატესის ორი ძირითადი სახეობა არსებობს. როდესაც ამ კერძს წარმოიდგენთ, ალბათ თვალწინ ბრიუსელური, მართკუთხა, მსუბუქი და ნაზი გემოს მქონე ვარიანტი გიდგებათ. ლიეჟური ვაფლი კი უფრო პატარა, მომრგვალო, უფრო არომატული და ნოყიერია.

ბელგიური ვაფლის ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება, როდესაც ფქვილისა და წყლის ნაზავს ცხელ მეტალის ფირფიტებს შორის წურავდნენ და ქუჩის გამყიდველები ასაღებდნენ. 1500-იანი წლებისთვის ეს ვაფლები უფრო ჰაეროვანი გახდა და ფლამანდიელი ოსტატების ნახატებშიც კი გამოჩნდა, სადაც ისინი ძალიან ჰგვანან ჩვენთვის დღეს ნაცნობ ვერსიას. ამის მიღმა, ბელგიელები ლიეჟურ ვაფლს დღესაც თითქმის ისევე მიირთმევენ: ხელში დაჭერილს, გზაში და ყოველგვარი დანამატის გარეშე.

კაფე Le Roi de la Gaufre („ვაფლის მეფე“)

უბრალო და მოკრძალებულ დაწესებულება, რომელიც ქალაქის ისტორიულ გულში მდებარეობს

ეს სივრცე მანამდე საცხობ La Fourche-ს ეკავა, რომელსაც ზოგიერთი ადგილობრივი ქალაქში ლიეჟური ვაფლის საუკეთესო საცხობად მიიჩნევდა. როდესაც მფლობელი პენსიაზე გავიდა, საქმის მართვა და რეცეპტი მისმა თანაშემწემ, აბდელჰამიდ დერაზმა გადაიბარა. ახლა სამზარეულოში მოკალათებული, წარმოშობით მაროკოელი და ბრიუსელში 40 წელზე მეტი ხნის მცხოვრები, სიტყვაძუნწი კაცია, თუმცა მისი ინგრედიენტები ყველას დასანახად მინის ქილებშია გამოფენილი: რძე, კარაქი, კვერცხი, ფქვილი, საფუარი და შაქარი: ბელგიური დელიკატესი, რომელიც პატარა ნატეხებად იყიდება. ლეგენდის თანახმად, ლიეჟური ვაფლი მაშინ შეიქმნა, როდესაც XVIII საუკუნეში ლიეჟის პრინც-ეპისკოპოსმა მოისურვა დესერტი, რომელიც ამ ტკბილი კრისტალებით იქნებოდა გაჯერებული. დნობის მაღალი ტემპერატურის გამო, ისინი ნახევრად ნებდებიან და ნახევრად ეწინააღმდეგებიან მწველ სიცხეს, რაც ლიეჟურ ვაფლს მისთვის დამახასიათებელ სისავსესა და ხრაშუნა ტექსტურას სძენს.

ლიეჟური ვაფლის ხელახლა შეთბობა უფრო მიღებული პრაქტიკაა. შემთბარი ლიეჟური კარგია, მაგრამ ახლად გამომცხვარი – სრულყოფილი. ის კარამელიზებულია, მაგრამ არა მომაბეზრებლად ტკბილი, ნოყიერია, მაგრამ არა წელვადი. ეს არის დაბალანსებული სიტკბო, რომელიც ბავშვობაში ატრაქციონების პარკებში გასინჯულ ნუგბარს გაგახსენებთ და ყოველი ლუკმით საოცარ სიამოვნებას მიიღებთ.

Maison Dandoy

ძველი ჩაის სახლი

„Maison Dandoy” 1829 წელს დაარსდა, რაც ამ საოჯახო ბიზნესს თავად ბელგიის სახელმწიფოზე ერთი წლით უფროსს ხდის. ამ კომპანიამ საკონდიტრო ისტორია შექმნა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა, ვინც სპეკულოოსი (კარამელიზებული ორცხობილა) გაყიდა. თუმცა, ვისაც უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ეს საცხობი, რომელიც დღეს უკვე მრავალი ფილიალის მქონე ფრანშიზად იქცა, ადგილობრივებში სახელს სწორედ ბრიუსელური ვაფლით იხვეჭს.

ერთ-ერთი ფილიალი დიდებულ გრან-პლასთან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ქალაქის მთავარ ბაროკოს მოედანთან, მდებარეობს. 1980-იან წლებში სწორედ აქ, სიმბოლური სახელწოდების მქონე – “კარაქის ქუჩაზე” დაიწყეს მათ სულ პირველად ვაფლების გაყიდვა. აქ ნაყინსა და ვაფლებს კედელში გამოჭრილი პატარა სარკმლიდან მოგყიდიან. ვისაც დროის მშვიდად გატარება სურს, შეუძლიათ სართულებზე განთავსდნენ. XIX საუკუნის შუა ხანებში ვაფლი ბელგიური ჩაის სახლების განუყოფელი ნაწილი გახდა, ბრიუსელური სახეობა კი განსაკუთრებით უხდება მაგიდასთან მირთმევას.

Pardon

ახალი კლასიკა

საბოლოო გაჩერებისთვის სენ-ჟილს მიაშურეთ – ისტორიული ცენტრის სამხრეთით მდებარე უბანს, რომელიც ცნობილია თავისი მყუდრო ატმოსფეროთი, დამოუკიდებელი რესტორნებითა და ტრენდული ღამის ცხოვრებით. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც კაფე Pardon იდეალურად ეწერება.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რობერტი და მისი ბარისტა პარტნიორი „მარლა“ ბრიუსელურ ვაფლს ზედმეტი კარაქით ამზადებდნენ, რაც შიგთავსს კრემისებრ ტექსტურას სძენდა; ვეგანურ ვაფლებში კვერცხს სელის თესლით ანაცვლებდნენ, რომელსაც აბლენდერებდნენ და ჟელესებრ მასამდე აყოვნებდნენ; აცხობდნენ პატარა ბრიოშ-ვაფლებსაც კი.

ეს არის მენიუ, რომელიც სხვაგან შეიძლება ზედმეტად ექსპერიმენტულადაც კი მოგჩვენოთ, მაგრამ აქ ეს ყველაფერი საოცრად ლაღი პროცესია, თავად რობერტისა და მარლას ხასიათიდან გამომდინარე.

ბელგიური ვაფლის ქრონოლოგია

  • 1500-იანი წლები: ბელგიურ ვაფლს ქუჩის გამყიდველები ასაღებენ. ისინი იღებენ ბადისებრ ფორმას, რეცეპტებს კი შაქარი, კვერცხი, სანელებლები და საფუარი ემატება, რაც მათ მანამდე არსებული უბრალო ცხელი ნამცხვრებისგან განასხვავებს.

  • 1700-იანი წლები: ჩნდება პირველი წერილობითი რეცეპტები, რომლებიც რეგიონულ სახეობებს შორის განსხვავებას გამოკვეთს. ამ დროისთვის ვაფლი მთელ ბელგიაში ჩაის სახლების ძირითად პროდუქტად ყალიბდება.

  • 1869 წელი: ამერიკელი გამომგონებელი კორნელიუს სვართაუტი აპატენტებს თანამედროვე ვაფლის საცხობ აპარატს. მან საუკუნოვანი ხელსაწყო უფრო მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი და რაც მთავარია მომხმარებლისთვის დამწვრობის თვალსაზრისით ბევრად უსაფრთხო გახადა.

  • 1964 წელი: ბელგიელი მიგრანტები, მორის და როუზ ვერმერშები, ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე ბრიუსელურ ვაფლებს ყიდიან სახელწოდებით „Bel-Gem“, რითაც ამ ვარიაციას საერთაშორისო დონეზე უწევენ პოპულარიზაციას, როგორც კლასიკურ ბელგიურ ვაფლს.