ბერლინი თანამედროვე მულტიკულტურული ქალაქია, სადაც ახალგაზრდული ცხოვრება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ გერმანიის დედაქალაქის ეკლექტიკურ უბნებში გაგარკვევთ:

მიტე/Mitte

საუკეთესო უბანი ბერლინის ისტორიაში ჩასაძირად

განადგურებული და რამდენჯერმე აღდგენილი მიტე ბერლინის პულსია. თუ ბერლინში პირველად მოგზაურობთ, ეს აუცილებლად სანახავი ადგილია და მთელ დღეს აქ ძალიან მარტივად და სასიამოვნოდ გაიყვანთ. დაიწყეთ დღე ბრანდებურგის კარიბჭით და გაყევით ბერლინის კედლის გზას. ეწვიეთ ჰოლოკოსტის მემორიალს, ჩარლის შესამოწმებელ პუნქტს (Checkpoint Charlie), რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის გამყოფი წერტილი იყო და შეისწავლეთ ნაცისტური გერმანიის შესახებ ტერორის მუზეუმში (Topografie des Terrors.) ისტორიაში ჩაძირვის შემდეგ, მოინახულეთ გერმანიის რაიხსტაგი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პარლამენტის შენობა. უფასო ბილეთის შეძენა მათ ოფიციალურ საიტზე წინასწარ შეგიძლიათ. განაგრძეთ სეირნობა ტრენდული კაფეების, ხელოვნების გალერეების, ბუტიკების და ისტორიული შენობების გასწვრივ. მდინარე შპრეს სანაპირო სასიამოვნო სასეირნო ატმოსფეროს შეგიქმნით. თუ სატელევიზიო კოშკთან მიხვალთ, მიტეს სრულიად შეიგრძნობთ.

პრენზლაუერ ბერგი/Prenzlauer Berg

საუკეთესო უბანი ტრენდული კაფეების და შარმის გამო

პრენზლაუერი ოჯახებზე ორიენტირებული უბანია და ის საუკეთესო მაგალითია თუ რატომ არ უნდა განვსაჯოთ წიგნი ყდის მიხედვით. ბერლინის ეს უბანი ბოჰემურ ატმოსფეროს აფრქვევს და არტისტებისთვის და მუსიკოსებისთვის ერთგვარი მაგნიტია. მისი ფოტოგენური ქვაფენილიანი ქუჩები საუკეთესოა სასეირნოდ და ფოტოების გადასაღებად. ამავდროულად, მისი ვინტაჟური მაღაზიების და მყუდრო წიგნის მაღაზიების არჩევანი წვიმიანი შუადღის იდეალურ გატარებას გვპირდება. თუ გურმანი ხართ, პრენზლაუერი არც ამ მხრივ გაგიცრუებთ იმედს. მის ქუჩებში ნახავთ სამზარეულოებს მთელი მსოფლიოდან და უამრავი სახეობის ყავას. თუ აქ ზაფხულში, უიქენდის დროს მოხვდებით, ეწვიეთ მაუერპარკს, სადაც ცნობილი ფლი მარკეტი დაგხვდებათ. პარკში სხვა გასართობებიც გაგაოცებთ – ნიჭიერი ადამიანების პერფორმანსები და ღია ცის ქვეშ კარაოკე.

ფრიდრიხშეინ-კრაუზბერგი/Friedrichshain-Kreuzberg

საუკეთესო უბანი ალტერნატიული კულტურის გამოსაკვლევად

მართალია ეს ორი სხვადასხვა უბანია, მაგრამ ბერლინელები მას ერთად მიიჩნევენ. ფრიდრიხშეინ-კრაუზბერგი ალტერნატიული ხელოვნების და კულტურის ეპიცენტრია ბერლინში. კრაუზბერგი მეტია ვიდრე უბრალოდ უბანი. ეს არის კულტურის ეკლექტური მიქსის არეალი. ფერადი გრაფიტებიდან ცოცხალ ბარებამდე და კლუბებამდე, ეს უბანი არტისტების და მუსიკოსების სამოთხეა. აქ აღმოაჩენთ მეორადი სამოსის მაღაზიებს, წიგნის მაღაზიებს, ქუჩის ხელოვნებას და აქტიურ ბარებს. ეს ყველაფერი კი უბნის უნიკალურ შარმს ქმნის. დააგემოვნეთ დონერ ქაბაბი – ბერლინის არაოფიციალური საფირმო საჭმელი, გაისეირნეთ ისტ საიდ გალერისთან ან დატკბით გორლითზერ პარკით (Görlitzer Park). როგორც კი აქ მზე ჩადის, ახალი ენერგია ჩნდება. ტექნო კლუბები და ალტერნატიული ბარები გასართობად გვიწვევენ და დღესასწაული დილამდე არ სრულდება. ამ უბნებში ვერ მოიწყენთ.

ნეუკოლნი/Neukölln

საუკეთესო უბანი ბოჰემური გამოცდილებისთვის

ერთ დროს, ეს ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანი იყო თუმცა ახლა, თავისი ქვაფენილიანი ქუჩებით და ბუტიკ მაღაზიებით დღისით თუ ღამით ცოცხალი ენერგიით გვავსებს. ნეუკოლნის ქუჩები საერთაშორისო არომატების საგანძურია. რესტორნები, მყუდრო კაფეები და ტრენდული ბარები ნამდვილად გასიამოვნებენ. დააგემოვნეთ შუა აღმოსავლეთის ტკბილეული, ვიეტნამური ქუჩის კვება ან ტრადიციული გერმანული კერძები. ნეუკოლნი ხელოვნების და კულტურის სცენითაც დაიკვეხნის. დამოუკიდებელი ხელოვნების გალერეები, მუსიკის დარბაზები და ალტერნატიული შოუს სივრცეები ამ უბანში იყრიან თავს.

შარლოტენბურგი/ვილმერსდორფი/Charlottenburg-Wilmersdorf

საუკეთესო უბანი ექსკლუზიური და ძვირადღირებული გამოცდილებისთვის

ეს უბანი ბერლინს არ ჰგავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც. აქ მოხვედრისას დაემშვიდობეთ გრაფიტით დაფარულ ქუჩებს, 5 ევროიან ქაბაბებს და ჰიფსტერულ ცხოვრებას. შარლოტენბურგი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია, ვისაც მაღალი კლასის და ფუფუნების გამოცდაც სურს. აქ ძვირადღირებული მაღაზიები და ბაროკოს სტილის შენობებია მშვიდი ხეივნების გასწვრივ. ამ უბანში მდებარეობს მე-17 საუკუნის შარლოტენბურგის სასახლე ულამაზესი სამეფო ბაღებით. ხელოვნების ენთუზიასტები ჰელმუტ ნიუტონის ფონდსაც უნდა ეწვიონ.

ტიერგართენი/Tiergarten

საუკეთესო უბანი რომ ხმაურიან ქალაქს გაექცეთ

ბერლინის სწრაფი ცხოვრების ტემპმა თუ დაგღალათ, რელაქსაციის და სიმშვიდის ოაზისი – ტიერგართენი გელოდებათ. დაივიწყეთ ბერლინის დატვირთული ქუჩები, მუდმივი მოძრაობა და ქაოტური ურბანული ცხოვრება და ჩაიძირეთ ტყეში, რომელიც ქალაქის გულშია. ისეირნეთ ველოსიპედით, მოიწყვეთ პიკნიკი ან ეწვიეთ პარკის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ბერლინის ზოოპარკს და საკულტო ბელევუს სასახლეს, გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციას. ტიერთაგთენი უბრალოდ დიდი პარკი არაა. აიარეთ 270 კიბე გამარჯვების თაღზე და დატკბით ბერლინის პანორამული ხედებით.