ჩრდილოეთ გერმანია ტურისტებს გასაოცარი მრავალფეროვნებით იზიდავს – ფუტურისტული ქალაქები მდიდარი წარსულით, როგორებიცაა ბერლინი და ჰამბურგი, კარგად შემონახულ ისტორიულ ქალაქებთან ერთად ბრწყინავენ. ჩვენ ამ ქვეყნის ყველაზე ამაღელვებელ მიმართულებებში გაგიძღვებით.
ბერლინი
არ აქვს მნიშვნელობა, 1 დღით მიდიხართ ბერლინში თუ მთელი თვით, გერმანიის დედაქალაქი აუცილებლად მოგნუსხავთ. ბერლინი ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური ჰაბია, სადაც ხელოვნება და ისტორია ყველა კუთხეში ყვავის. აქ იხილავთ მეორე მსოფლიო ომის მემორიალებს, არაჩვეულებრივ მუზეუმებს, არქიტექტურას, სკულპტურებს და გამოცდით ევროპის საუკეთესო ღამის ცხოვრებას.
შვერინი
შვერინი ქალაქია უამრავი ტბით. ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ნამდვილად ღირს ამ ქალაქში მოგზაურობად – ეს რომანტიკული შვერინის სასახლეა, რომელიც შვერინის ტბას ამაყად გადმოჰყურებს. ის ერთ დროს ჰერცოგებისა და ჰერცოგინიების სახლი იყო.
როსტოკი
როსტოკში ვიზიტი მისი 4 ისტორიული კარიბჭის და ულამაზესი ტაძრების გამო ღირს. მათ შორის წმ. მარიას, ნიკოლაის და პეტრის ეკლესიებია. ტურისტებისთვის მთავარი მაინც ვარნემუნდეს სანაპიროა, სადაც მზესაც მიეფიცხებით, ბულვარშიც ისეირნებთ და გერმანულ კერძებს კაფე-რესტორნებშიც დააგემოვნებთ.
ლუბეკი
ლუბეკი იუნესკოს მემკვიდრეობითი ძეგლების სიაშია, რადგანაც ის შუა საუკუნეებში დაიბადა. ის გერმანიის უდიდესი ისტორიული ქალაქია, რენესანსის სტილის სახლებით და რომანტიკული ხეივნებით. ქალაქის სიმბოლო ჰოლშტენტორია – ზღაპრული გოთიკური კარიბჭე მე-15 საუკუნიდან.
ბრემენი
ბრემენი ცნობილი ძმები გრიმების ზღაპრიდან გახდა. ეს ქალაქიც ცნობილია ისტორიული არქიტექტურით და შუასაუკუნოვანი კათედრალით. აქ დაგხვდებათ იუნესკოს ძეგლად წოდებული ქალაქის მერიაც – ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა მთელ ევროპაში.
სტრალსანდი
აქ ბევრი გოთიკური სტილის კონსტრუქციაა, მათ შორის ეკლესიები, მერია და რიგითი სახლებიც კი. სტრალსანდის აკვარიუმი გერმანიის ოკეანოგრაფიული მუზეუმის ნაწილია, სადაც უამრავ ზღვის ბინადარს იხილავთ ჩრდილოეთის ზღვიდან და ბალტიისპირეთიდან.
ჰამბურგი
ჰამბურგი უნიკალურია ქალაქია, სადაც ისტორიული და ფუტურისტული არქიტექტურა საოცარი სინატიფითაა შერწყმული. მოინახულეთ ელბას გვირაბი, რომელიც მდინარე ელბაშია მოქცეული და ინჟინრული საოცრებაა. ხელოვნების მოყვარულები ამ ქალაქში ბევრ ფანტასტიკურ მუზეუმს და გალერეას აღმოაჩენენ.
ბინზი
საკურორტო ქალაქი ბინზი რუგენის კუნძულზე მდებარეობს და თეთრი ქვიშით, სასიამოვნო ბულვარით და ფოტოგენური არეალით გამოირჩევა. აქ ბევრი გასაოცარი არქიტექტურული ნიმუში მდებარეობს. მათ შორის პრორას კომპლექსი.
სილთი
სილთს ჩრდილოეთის ზღვის დედოფალს უწოდებენ. ესაა კუნძული, რომელიც იუნესკომ შეიფარა. აქ იდეალურ ზღვისპირა დასვენებას მოიწყობთ: ქვიშიან სანაპიროებზე, გემრიელი საკვებით, სალაშქრო გზებით, დასასვენებელი სპა-ცენტრებით და წყლის სპორტის შესაძლებლობებით.
ვისმარი
მომხიბვლელი საპორტო ქალაქი ბალტიის ზღვის ნაპირზე მდებარეობს და არ უნდა გამოტოვოთ, თუ შუასაუკუნოვანი არქიტექტურა გხიბლავთ. იუნესკოს დაცული ძეგლი საუკეთესოდაა შემონახული და მასიურ ანტიკურ ქალაქის ცენტრს ქმნის. ფერადი ნავსადგური ვისმარს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ვერნეგოროდა
ვერნეგოროდა მორიგი საგანძურია, რომელიც გერმანიის მთებში მდებარეობს. ის ქვეყნის ყველაზე მშვიდ დასახლებადაა მიჩნეული. გერმანიის გამორჩეული ქალაქი წარმოუდგენელია ციხესიმაგრის გარეშე და აქაც მედიდური ვერნეგოროდას სასახლე დაგხვდებათ, ისტორიული მოედნით. ისარგებლეთ მატარებლის ტურით ჰარცის მთებში და თვალწინ ქალაქის პანორამული ხედები გადაგეშლებათ.
იხილეთ ასევე: საუკეთესო ქალაქები და სოფლები სამხრეთ გერმანიაში