ევროპის ქალაქებიდან ყველაზე მეტი პარკი ბერლინშია. გერმანიის დედაქალაქი სავსეა მშვიდი ადგილებით და სიმწვანით. ბერლინის რეკრეაციული სივრცეები ქალაქის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, თავისი ისტორიული მონუმენტებით, გარე აქტივობებით და გერმანული ლუდის ბარებით. ყველასთვის ნაცნობია ბერლინის საკულტო ტიერგარდენი, თუმცა ამ ქალაქში კიდევ ბევრი მწვანე ადგილი იმალება.

ბრითზერ გართენ/Britzer Garten

ეს ბერლინის ყველაზე მრავალფეროვანი პარკია. ნეუკოლნის უბანში მდებარე ბრითზერ გართენში შესასვლელად რამდენიმე ევროა საჭირო, მაგრამ აქ მართლაც ბევრი რამ დაგხვდებათ. სეზონურად ბრითზერში ტიტებს და გეორგინებს იხილავთ. აქვეა ტერასიანი კაფე, სადაც ნამცხვარზე და ყავაზე შეგიძლიათ გაჩერდეთ.

მაუერპარკი/Mauer Park

სწორედ აქ იყო ბერლინის კედელი, რომელიც ქალაქს 30 წლის მანძილზე ყოფდა ორად. დღეს კი ლამაზი პარკია, სადაც ბევრი ყვავილი ხარობს. კვირაობით მაუერპარკი დიდ ფლი მარკეტებს მასპინძლობს. აქ ვინილებს, ვინტაჟურ სამოსს და სხვა საინტერესო ნივთებს იაფად შეიძენთ.

გართენ დერ ველტი/Gärten der Welt

ეს პარკი 19 საერთაშორისო თემატურ არეალს აერთიანებს და აქ ნამდვილად არ მოიწყენთ. დალიეთ მცენარეული ჩაი ჩინური ბაღის პავილიონში ან კლასიკური შავი ჩაი ინგლისური ბაღის კოტეჯში. ისეირნეთ შადრევნებს, ქანდაკებებს და ხიდებს შორის. შეგიძლიათ შეიძინოთ ფუნიკულიორის ბილეთი და ამ ექსტრაორდინალურ სივრცეს ზევიდან გადმოხედოთ.

ჯეიმს-სიმონის პარკი/James-Simon Park

ეს პარკი ბერლინის ცნობილი მუზეუმების კუნძულის სიახლოვეს მდებარეობს. როდესაც ლანშაფტის ფერწერულ ტილოებს დაათვალიერებთ, გადაკვეთეთ ხიდი ცნობილ კათედრალთან, შეუხვიეთ მარცხნივ მდინარე შპრესთან და ამ პატარა პარკსაც მიაგნებთ. ბერლინი პარკების ქალაქია, თუმცა მიტეს უბანი, სადაც მუზეუმებია განთავსებული, ქალაქის ცენტრია და მწვანე სივრცეები მაინც იშვიათია. ამიტომაც, ჯეიმს-სიმონის პარკი კულტურაში ჩაძირვის შემდეგ, მშვენიერი სარელაქსაციო ადგილია.

მონბიჯუს პარკი/Monbijou Park

შპრეს ნაპირზე, ჯეიმს-სიმონის პარკიდან ჩრდილოეთით, მონბიჯუს პარკი დაგხვდებათ, სადაც საბავშვო აუზი, კალათბურთის მოედანი და ბარბექიუს ზონაა. გაზაფხულსა და ზაფხულზე აქ მდებარე ბარში წყვილები სალსის და არგენტინული ტანგოს საცეკვაოდ იკრიბებიან. მაშინ, როცა ნეოკლასიკურ ქალაქის ხედზე მზე ჩასვლას იწყებს.

კიორნერპარკი/Körnerpark

ეს იდეალური გაზონის მქონე პარკი ნეუკოლნის უბანში მდებარეობს, მშვიდი ქუჩების სიახლოვეს. აქ შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი, დაათვალიეროთ კიორნეპარკის გალერეა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენებით, დაესწროთ კონცერტებს ღია ცის ქვეშ და აშ.

ტრეპთაუერის პარკი/Treptower Park

ამ ინგლისური სტილის ბაღში ზაფხულში ბევრი რამ ხდება. აქ იპოვნით ვარდების პარკს, ხეების მწკრივებს და სარბენ თუ ველოსიპედებისთვის განკუთვნილ ბილიკებს. აქ ასევე ჰაუს ზანერია – 200 წლოვანი ლუდის ღია ბარი. ეწვიეთ საბჭოთა ომის მემორიალს. თუ ბევრი დრო გაქვთ, იპოვნეთ უფუნქციო ეშმაკის ბორბალიც, ყოფილი გასართობი პარკის ნაწილში, ობსერვატორიასთან.

შარლოტენბურგის სასახლის ბაღები/Charlottenburg Palace Gardens

თუ შარლოტენბურგის სასახლის დათვალიერების დრო არ გაქვთ, მის გასაოცარ ბაღებს მაინც ეწვიეთ, რომლებიც თითქოს მე-17 საუკუნეში გამოგზაურებენ. აქ ყველაფერი უბრალოდ იდეალურია და გარემოს სტილისტიკით თავი პარიზში უფრო მეტად გეგონებათ, ვიდრე ბერლინში.

ვიქტორიაპარკი/Viktoriapark

კრაუზბერგის უბანში მდებარე ვიქტორიაპარკი ცნობილი ხელოვნური ჩანჩქერითაა. ჩანჩქერის ბოლოში, პრუსიულ ეროვნულ მონუმენტს დაინახავთ. აქაც აღმოაჩენთ ბერლინის პარკებისთვის დამახასიათებელ ღია ლუდის ბარს ბარბექიუ სენდვიჩებთან ერთად.

ვოლპარკ ფრიდრიჰშეინი/Volkspark Friedrichshain

ეს პარკი ბერლინის უძველეს საჯარო პარკად ითვლება. ის ოფიციალურად 1848 წელს, ყოფილი ვენახის ტერიტორიაზე გაიხსნა და ქალაქის ბევრი ისტორიული მომენტის მოწმეა. იპოვნეთ მარჰენბრუნენი, ე.წ. ზღაპრების შადრევანი, რომელიც ნეო-ბაროკოს ქმნილებაა და ძმები გრიმების ზღაპრების გმირებითაა მორთული. აქ დაგხვდებათ სპორტული კომპლექსიც.

ტიერგარდენი/Tiergarten

ბერლინის რაიხსტაგის გუმბათიდან თუ სამხრეთ-დასავლეთით გაიხედებით, დაახლოებით მიხვდებით თუ რამდენად ძვირფასია ტიერგარდენის სიმწვანე ქალაქისთვის. 210 ჰექტარზე გაშენებული პარკი ბერლინის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ სეირნობა სიმშვიდეს მოგგვრით და თანაც, ყოველდღე შეძლებთ მისი განსხვავებული ნაწილის დათვალიერებას.

ტემპელჰოფერის ველი/Tempelhofer Feld

ერთ დროს აქ სამხედრო აეროპორტი მდებარეობდა, თუმცა დღეს ის ბერლინის გამორჩეული პარკია. იქ, სადაც ვერტმფრენები ფრენდნენ, დღეს სკეიტერები და როლიკებიანი ახალგაზრდები დაფრინავენ. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და 6 კილომეტრიანი საველოსიპედო ბილიკი გაიაროთ.