ტაილანდი სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად პოპულარული მიმართულებაა. ის მშვენიერი ადგილია წლის ნებისმიერ სეზონზე, მაგრამ საუკეთესო პერიოდია მშრალი სეზონი: ნოემბრიდან მარტამდე. ზოგადად, ტაილანდში მთელი წელი თბილა, მაგრამ ზამთარი საუკეთესო დროა აქ სამოგზაუროდ. აპრილი ყველაზე ცხელ თვედ ითვლება, მაისიდან ოქტომბრამდე კი ხშირად იცის წვიმები.

ტაილანდის მთავარი სამოგზაურო სეზონები

  • მთავარი: ნოემბრიდან მარტამდე

  • ნეიტრალური: აპრილიდან ივნისამდე და ოქტომბერი

  • ნაკლებად სასურველი: ივლისიდან სექტემბრამდე

საუკეთესო დრო ნაკლები ხალხისთვის და დაბალი ფასებისთვის ივლისიდან სექტემბრამდეა, რადგანაც ტურისტებს ტაილანდში წასვლისას ნესტიანი კლიმატი ნამდვილად აფრთხობთ. ამ დროს სასტუმროები იაფია და ადგილობრივად უკეთეს ავთენტურ გამოცდილებასაც მიიღებთ. თუმცა, მზად იყავით წვიმებისთვის.

საუკეთესო დრო იდეალური ამინდისთვის არის ნოემბრიდან მარტამდე, ხანდახან აპრილის ჩათვლით. გამონაკლისია კოჰ სამუის და კო ტაოს კუნძულები, სადაც წვიმები დეკემბრამდეა. ზამთრის პერიოდში ტაილანდში სუფთა ცისფერი წყალი და საუცხოო ამინდია.

საუკეთესო დრო ფესტივალებისთვის: ნოემბერში აქ მანათობელი ფარნების ფესტივალია (Yi Peng), რომლის დროსაც მონაწილეები ფარნებს ცაში აფრენენ. ასევე, Loy Krathong – როცა კალათებს ყვავილებით და სანთლებით ავსებენ და მდინარეებში, ტბებსა და არხებში უშვებენ. მთვარის ახალი წელი იანვარში ან თებერვალში ბანგკოკს დრაკონების ზღვად აქცევს, თებერვალში კი დაესწრებით ყვავილების ფესტივალს – Chiang Mai-ს. აპრილის შუა რიცხვებში წყლის შესხმის ფესტივალი ტარდება (Songkran), რომელიც წყლით ბრძოლად იქცევა ხოლმე. ვეგეტარიანული ფესტივალი კი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისშია, ეპიცენტრი ფუკეთში. ეცადეთ ტაილანდში მოგზაურობისას აუცილებლად გამოსცადოთ აქაური ფესტივალები, რომლებიც დღესასწაულებად იქცევიან.

საუკეთესო დრო სკუბა დაივინგისთვის და ტაილანდის მდიდარი წყალქვეშა ცხოვრების გამოსაკვლევად ნოემბრიდან აპრილამდეა, როცა წყალი მშვიდია და ყველაფერი ძალიან სუფთად ჩანს. ამ მიზნით გაეშურეთ სიმილანის და სურინის კუნძულებზე.

საუკეთესო დრო კუნძულებზე სიარულისთვის:

  • ფუკეთი, პიპის კუნძულები, კო ლანტა: ოქტომბერი-მაისი ან ივნისი.
  • კო სამუი, კო ტაო, კო ფა-ნგანი: ივნისი-სექტემბერი.

საუკეთესო დრო შოპინგისთვის: არ აქვს მნიშვნელობა ტაილანდს წლის რომელ პერიოდში ეწვევით, აუცილებლად მოინახულეთ ბანგკოკის უიქენდის ბაზრობა შაბათ-კვირას (Chatuchak Weekend Market). გირჩევთ ასევე ბანგკოკის ღამის ბაზრობებს ბევრი სუვენირით. მონახულებას იმსახურებს Chiang Mai და Wua Lai.

ცუდი დრო ტაილანდში ვიზიტისთვის: ასეთი დრო არ არსებობს. აქ ყველა სეზონს თავისი დადებითი მხარე აქვს.