კოჰ სამუიზე ბევრი სანახაობით და საქმით შეიქცევთ თავს. ულამაზესი სანაპიროების მიღმა, სადაც ტროპიკული მზის ქვეშ მთელ დღეს გაატარებთ, აქ კიდევ ბევრია გამოსაკვლევი.

ანგ ტონგის ეროვნული პარკი / Ang Thong National Marine Park

ეს პარკი მოიცავს 42 კუნძულის არქიპელაგს ტაილანდის ყურეში. კუნძულებზე ჯუნგლები, მთები, თეთრი ქვიშის სანაპიროები, ჩანჩქერები, ფარული გამოქვაბულები და ტბებია. ეს დაცული ტერიტორია მდიდარი ეგზოტიკით და ზღვის ბინადრებით გამოირჩევა. შეგიძლიათ დაკავდეთ ლაშქრობით, კაიაკით, სნორკელინგით, დაივინგით და უბრალოდ რელაქსაციით.

დიდი ბუდა

კოჰ სამუის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე დიდი ბუდა ტაილანდის ცნობილი ძეგლია. 12 მ სიმაღლის ოქროს ბუდას ათეულობით კილომეტრს მიღმა დაინახავთ. აქ ნახავთ პატარა ბაზრობასაც სუვენირებისთვის სხვა დახლებთან ერთად.

მეთევზეების სოფელი / Bophut’s Fisherman’s Village

ბოჰუტის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეთევზეთა სოფელი ყოველ პარასკევს ცოცხალ ქუჩის ბაზრობად იქცევა სასიამოვნო ატმოსფეროთი. ერთ დროს აქ მეთევზეთა საზოგადოება ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ საცხოვრებელი ადგილები შეიცვალეს, ძველი ხის სახლები ისევ შემორჩენილია.

ქვის ფორმაციები / Hin Ta and Hin Yai

ამ ქვის ფორმაციების ერთობლიობა ლამაის სანაპიროზე მდებარეობს. ქვებს ქალის და მამაკაცის გენიტალიებს ამსგავსებენ და ლოკაციის სახელწოდებაც აქედან მოდის. აქედან ბრწყინვალე ხედი იშლება მეზობელ კუნძულებზე.

კოჰ სამუის საყდრები

გამოიკვლიეთ კუნძულის ყველაზე საკულტო საყდრები. მათ შორის ყველაზე ლამაზია: Wat Phra Yai, რომელსაც ბუდას საყდარს უწოდებენ. თანაბრად პოპულარულია: Wat Plai Laem, ფერადი დეკორით და უზარმაზარი ქანდაკებით. უნიკალური გამოცდილებისთვის კი გირჩევთ: Wat Khunaram.

ნა მუანგის ჩანჩქერები / Na Muang Waterfalls

ეს ჩანჩქერები სამუის ფოტოგენურ ადგილად ითვლება. აუცილებლად მოინახულეთ უზარმაზარი ბუნებრივი აუზი ჩანჩქერის ქვეშ. საუკეთესო დრო აქ ვიზიტისთვის სექტემბრიდან ნოემბრამდეა.

საიდუმლო ბუდას ბაღი

ეს მშვიდი, სკულპტურებით სავსე ბაღი კოჰ სამუის ფარული მარგალიტია. ის გვთავაზობს გასაოცარ ხედებს ჯუნგლებზე. თითოეულ ქანდაკებას საკუთარი უნიკალური დატვირთვა აქვს და გარემოს მისტიკურობას სძენს.

ლამაის ქვა / Lamai Overlap Stone

ამ ქვასთან ასვლა ცოტა სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ შთამბეჭდავი ხედებით აუცილებლად დაჯილდოვდებით. დააკვირდით სპეციალურ ნიშნებს და იხილეთ ეს ბუმბერაზი საოცრება ახლოდან.

ვარდისფერი სპილოს პარკი / Pink Elephant Samui Water Park

ეს თანამედროვე აკვაპარკი მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას წარმოგვიდგენს და ოჯახური გართობისთვის იდეალური ადგილია. ღიაა დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე.

ვერცხლისფერი სანაპირო / Thong Takhian Bay

ეს ულამაზესი სანაპირო სეზონზე საკმაოდ გადატვირთულია, მაგრამ მისი მონახულება ნამდვილად ღირს. აქ კრისტალივით ლურჯი წყალი და თეთრი ქვიშა დაგხვდებათ სხვადასხვა ქვის ფორმაციებით და მთებით.

სკუბა დაივინგი

დაივინგი ერთ-ერთი ტოპ მიზეზია, რატომაც სტუმრობენ კოჰ სამუის ტურისტები. ამ ტროპიკულ საოცრებათა სამყაროში წყალქვეშა ბინადრების დათვალიერებითაც დატკბებით.

სანტიბურის კლუბი / Santiburi Samui Country Club

გოლფის ეს კლუბი საოცარ ბუნებაშია გაშენებული და გარშემო მთებს, ქოქოსის პლანტაციებს და ველებს აერთიანებს. აქედან იხილავთ ხედებს ტაილანდის ყურეზე. ღიაა დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ტონგ კრატის მეთევზეთა სოფელი / Thong Krut fisherman’s village

კოჰ სამუიში მდებარე ეს სოფელი სუფთა წყლით და ნაპირით გამოირჩევა. აქ მეზობელ კუნძულებზეც გადახვალთ ნავებით. როცა სამუის ხალხმრავლობისგან გაქცევა მოგინდებათ, სწორედ მას უნდა მიაკითხოთ. აქ ბევრი ზღვის პროდუქტების რესტორანია.