ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ანკონა ტურისტებმა აქტიურად სულ ახლახანს აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა აქ ბორნებით გადმოდის ხორვატიიდან ან საბერძნეთიდან. რომაელების ეპოქაში ანკონა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აღმოაჩინეთ მისი მდიდრული ისტორია და საუკეთესო ღირსშესანიშნაობები.

ნავსადგური და პიაცა დელა რეპუბლიკა

Piazza della Repubblica ანკონას გულისცემაა. მის გვერდით მდებარეობს ნავსადგური უზარმაზარი ოვალური აუზით, რომელსაც რომაულ პერიოდში იყენებდნენ. აქვე მდებარეობს ისტორიული ტრაიანოს თაღიც. მოიარეთ ეს არეალი ფეხით და აუცილებლად შეიგრძნობთ ანტიკური ხანის გამოძახილს.

სან კირიაკოს კათედრალი

Cattedrale di San Ciriaco აშენდა იმ საყდრის ადგილას, სადაც ქალღმერთი ვენუსი მეზღვაურებს იცავდა. დღესაც შეამჩნევთ მის ძველ ნაშთებს. თუ სულ მაღლა ახვალთ, ქალაქზე და ადრიატიკის სანაპიროზე ულამაზესი ხედებით დატკბებით.

მონტე კონეროს სანაპიროები

ანკონას სამხრეთით მდებარე კონეროს მთა 572 მეტრ სიმაღლეზე პირდაპირ სანაპიროსთანაა აზიდული. ეს დაცული ეკოლოგიური არეალია. პარკში 20-ზე მეტი სალაშქრო გზაა. თუმცა, შეგიძლიათ უბრალოდ თეთრ ქვიშიან სანაპიროზე წამოწვეთ და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ. მათი უმეტესობა ლურჯი დროშის მფლობელია, რაც წყლის და ნაპირის სისუფთავეზე მეტყველებს. Mezzavalle Beach – ბილიკითაა ხელმისაწვდომი და პატარა კაფე აქვს. Portonovo-ში ავტობუსით ჩახვალთ. Two Sisters-თან მხოლოდ ნავებითაა მისვლა შესაძლებელი.

სანტუარიო დელა სანტა კასა ლორეტოში

პატარა ქალაქი ლორეტო ანკონასთან ახლოს მდებარეობს, სულ რაღაც 20 კილომეტრში და აქ ერთდღიანი ვიზიტის შესრულება სავსებით შესაძლებელია. მე-14 საუკუნეში ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი იყო პილიგრიმებისთვის რომის შემდეგ. მისი საკულტო ნაგებობაა სანტუარიო დელა სანტა კასა.

პიაცა დელ პლებისიტო

ეს გრძელი პიაცა ანკონაში პოპულარული ადგილია დასასვენებლად და კაფეში დასასხდომად.  გაისეირნეთ ამ მოედანზე, იხილეთ კოშკურა, შადრევანი და მე-15 საუკუნის სასახლე გოთიკურ შენობებთან ერთად.

ომეროს მუზეუმი

Museo Tattile Statale Omero არის ხელოვნების მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუშებს შეეხოთ. აქ ყველა ის ბარიერი თუ სიგნალიზაცია არ არსებობს, რაც ზოგადად მუზეუმებში ხელოვნების ნიმუშებთან მიახლოებას გვიზღუდავს. აქ ყველა დიდი დროის სკულპტურა და არქიტექტურაა, მათ შორის მიქელანჯელოს ნამუშევრები. ამ ექსტრაორდინალურ მუზეუმში შესვლა უფასოა.

რომაული ამფითეატრი

ანკონას ეს უდიდესი რომაული ამფითეატრი იმპერატორ ავგუსტუსის დროს აშენდა. ის 10 000 მაყურებელს იტევდა, თუმცა დღეს მცირე ნაწილია შემორჩეული. თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ მეზობელი შენობები თეატრის კომპლექსის ფორმაში და დიზაინში ჯდებიან.

სანტა მარია დელა პიაცა

Santa Maria della Piazza მე-13 საუკუნეში მეხუთე საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე აშენდა. მისი ფასადი შემკობილია მარმარილოთი და ელეგანტურად მორთული თაღებით. ინტერიერი მინიმალისტურია. ის ანკონას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეკლესიაა.

პასეტო და ომის მემორიალი

პასეტოს სანაპიროს მაღლა მთაზე თეთრი მარმარილოს მონუმენტი მდებარეობს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მემორიალია. მასთან სანაპიროდან ფეხით ან ლიფტით მოხვდებით. ხედები კარგ ამინდში ხორვატიის სანაპირო ზოლსაც კი წვდება.