აპირებთ, რომ რომს ეწვიოთ? მას ფეხითაც ადვილად შემოივლით! ჩვენ აქ მოსანახულებელ საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს და ადგილებს გირჩევთ:

კოლიზეუმი

რომის ღირსშესანიშნაობები კოლიზეუმით უნდა დავიწყოთ, რომელიც ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ის ქალაქის საკულტო ნაგებობაა. ერთ დროს, კოლიზეუმი 50 000 მნახველს იტევდა. ის რომაული სამყაროს უდიდესი ამფითეატრია. სეზონზე აქ საკმაოდ დიდი რიგები დგას. შეიძინეთ რიგგარეშე ბილეთი წინასწარ, საიტზე. ან შეიძინეთ რომის ტურისტული ბარათი, რომელიც კოლიზეუმში რიგის გარეშე შესვლას მოიცავს.

რომაული ფორუმი

კოლიზეუმის ბილეთი რომაული ფორუმის და პალატინის მთის ბილეთსაც მოიცავს. ამიტომაც, კოლიზეუმთან ერთად არც ეს უნდა გამოტოვოთ. ფორუმი ქალაქის ცენტრი იყო და აქ თქვენ ნახავთ ანტიკურ ბაზრობებს, ადმინისტრაციულ და რელიგიურ შენობებს. თუ ისტორია გაინტერესებთ გიდის ტურს შეუერთდით.

პალატინის მთა

ესეც რომის მესამე ღირსშესანიშნაობა, რომელიც კოლიზეუმის ბილეთში შედის. პალატინის მთა რომის 7 მთიდან ერთ-ერთია. მითოლოგიის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას დაარსეს რომი რომულუსმა და რემუსმა. მთაზე მოინახულებთ გამოქვაბულსა და ავგუსტუსის, პირველი რომაელი იმპერატორის რეზიდენციის ნანგრევებს.

პიაცა ვენეცია

რომაული ფორუმის სიახლოვეს, პიაცა ვენეციას იხილავთ – რომის ერთ-ერთ მთავარ მოედანს. აქედან ყველა ქუჩა რომის მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე მიდის. აქ იხილავთ ვიქტორ ემანუელ მეორეს მონუმენტს და უზარმაზარ მარმარილოს შენობას, რომელიც იტალიის ამ მეფეს მიეძღვნა. ნაგებობის სახურავიდან ქალაქზე პანორამული ხედები იშლება. ასვლა შუშის ლიფტით შეგიძლიათ.

კაპიტოლიუმის მოედანი

აყევით კიბეებს ვიქტორ ემანუელ მეორეს მონუმენტამდე და თქვენ Piazza del Campidoglio-ზე მოხვდებით. მიქელანჯელოს დიზაინით შექმნილი მოედანი რომის პოლიტიკური და რელიგიური გული იყო. კაპიტოლიუმის მოედანზე იხილავთ: სენატორის სასახლეს, კონსერვატორების სასახლეს და ახალ სასახლეს, სადაც ხელოვნების და არქოლოგიის მუზეუმია.

პანთეონი

რომის პანთეონი ქალაქის საუკეთესოდ შემონახული ანტიკური ძეგლია. შესვლა უფასოა. დაათვალიერეთ მისი ინტერიერიც. თუ ისტორიის მოსმენაც გაინტერესებთ, ყურსასმენები იქირავეთ ან გიდთან ჩაეწერეთ.

პიაცა ნავონა

პიაცა ნავონა ისტორიული ცენტრის გულში მდებარეობს, პანთეონთან ახლოს. ის რომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი მოედანია. აქ 3 შადრევნის მშვენიერებით დატკბებით: The Fontana dei Quattro Fiumi; The Fontana del Nettuno; The Fontana del Moro. აქაური ტერასები კარგი ადგილია რომ დალიოთ ან ნაყინი მიირთვათ. თუმცა, იცოდეთ, რომ ფასები ტურისტულია.

ტრევის ჩანჩქერი

პანთეონთან ახლოს მდებარე ევროპის ყველაზე ცნობილი შადრევანი Fontana di Trevi მდებარეობს, რომელიც რომში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ის ცნობილია როგორც ხელის თხოვნისთვის პოპულარული ლოკაციაც. წყალში ბევრ ქანდაკებას იხილავთ, რომლებიც ზღვის მითიურ პერსონაჟებს წარმოადგენენ. ნეპტუნი ცენტრს იკავებს. ტრადიციის თანახმად, აქ ორი მონეტა უნდა გადააგდოთ: ერთი სურვილის ჩასაფიქრებლად, ხოლო მეორე რომში დასაბრუნებლად.

იტალიური ნაყინი – ჯელატო

დღის მანძილზე შესვენების დროს, აუცილებლად უნდა მიირთვათ ნაყინი. ტრევის ჩანჩქერთან რომის ორი საუკეთესო ნაყინის კაფეტერია მდებარეობს: San Crispino და Giolliti. რომელიც არ უნდა აირჩიოთ, თავს ორი პრობლემა იჩენს: რიგები და მრავალფეროვანი არჩევანი.

შოპინგის ქუჩები

რომში შოპინგისთვის 2 მთავარი ქუჩა გიმასპინძლებთ: Via del corso – სადაც ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Zara და H&M, ხელმისაწვდომ ფასებში შეიძენთ. თუ დიდი ბიუჯეტი გაქვთ, მაშინ ამ ქუჩას მიაკითხეთ – Via condotti. რომის ყველაზე პრესტიჟული ბრენდები: გუჩი, არმანი და პრადა სწორედ აქ დაგხვდებათ.

პიაცა დი სპანია

ვია კონდოტის ქუჩა მომხიბვლელ პიაცა დი სპანიამდე მიგიყვანთ, რომის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოედნამდე. აქ მონუმენტური კიბე მდებარეობს, რომელსაც ეკლესია Trinità dei Monti-მდე მივყავართ. კიბეზე შეგიძლიათ დამღლელი სიარულის შემდეგ ცოტა დაისვენოთ. რომის კიდევ ერთი შადრევანი ამ ადგილს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

რომის ეკლესიები

როგორც მაღლა ვახსენეთ, პიაცა დი სპანიას კიბეებს ეკლესია Trinità dei Monti-მდე ავყავართ, საიდანაც ქალაქზე საოცარი ხედები იშლება. ის რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარია. მაგრამ, იცოდით, რომ ამ ქალაქში 900-მდე ეკლესიაა? მათ შორის, მსოფლიოს უდიდესი ბაზილიკები. ჩვენ ყველაზე ლამაზი არქიტექტურის მქონე ეკლესიებს წარმოგიდგენთ: წმ. პეტრეს ბაზილიკა, სან ჯოვანის ბაზილიკა, სან პაოლო ფუორის ბაზილიკა, სანტა მარია მაგიორეს ბაზილიკა, სანტა მარიას ბაზილიკა, სან პიეტროს ბაზილიკა, სან კლემენტინის ბაზილიკა და აშ.

ვილა ბორგესის ბაღები

პიაცა დი სპანიას ჩრდილოეთით, რომის უდიდესი და ულამაზესი საჯარო პარკი მდებარეობს. ვილა ბორგესის ბაღები დატვირთული ქუჩების შემდეგ, საოცარ სიმშვიდეს გვთავაზობს. გაისეირნეთ შადრევნების და ტბის გარემოცვაში. პარკს ბოტანიკური ბაღიც აქვს. ვილა ბორგესს ორი შესასვლელი აქვს: პორტა პინჩიანადან და პიაცალე ფლამინიოდან.

რომის მუზეუმები

ვილა ბორგესის ბაღებში 3 მუზეუმი მდებარეობს: ბორგესის გალერეა, ეტრუსკოს ეროვნული მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა. ეს უკანასკნელი ვან გოგის და სეზანის ნამუშევრებს გთავაზობთ. ვატიკანი 13 მუზეუმს მოიცავს, რომელთა დათვალიერების შემდეგ, პირდაპირ ცნობილ სიქსტის კაპელას მიადგებით. ანტიკური ხელოვნების ეროვნულ გალერეაში რაფაელის და კარავაჯოს შემოქმედება დაგხვდებათ.

პიაცა დელ პოპოლო

პიაცა დელ პოპოლოს “ხალხის მუზეუმს” უწოდებენ. ის ვილა ბორგესის სიახლოვეს მდებარეობს და რომის უდიდესი მოედანია. აქ შადრევნები, 3 ეკლესია და ობელისკი დაგხვდებათ. მოედნიდან აყევით კიბეს მთაზე და დატკბით ვატიკანის ხედით.

ხიდი და კასტელ სან ანჯელო

სან ანჯელოს ხიდი 10 ანგელოზის ქანდაკებითაა მორთული, რომლებიც სკულპტორ ბერნინის ეკუთვნის. აქედან ქალაქზე და მდინარეზე ულამაზესი ხედი იშლება. სან ანჯელოს სასახლე კი იმპერატორმა ჰადრიანმა ააგო, რათა ის მავზოლეუმი ყოფილიყო. მოგვიანებით მან სამხედრო როლი მოირგო და შემოსევების დროს, პაპების თავშესაფრად იქცა. ეწვიეთ სასახლეს და პაპების აპარტამენტებს. შეიძინეთ რიგგარეშე ბილეთები წინასწარ.

ვატიკანი

კასტელ სან ანჯელოდან გრძელი დერეფანი ვატიკანამდე მიგიყვანთ. რომში ყოფნისას მისი მონახულება აუცილებელია. ეს მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანა იტალიაში ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია.

წმ. პეტრეს მოედანი

ვატიკანში ამ ცნობილი წმ. პეტრეს მოედნიდან მოხვდებით. ყოველწლიურად აქ მილიონობით ტურისტი მოდის. წმ. პეტრეს მოედანი დაპროექტდა იმ მიზნით, რომ მას ადამიანების დიდი ნაკადი დაეტია მაშინ, როცა რომის პაპი მათ აივნიდან დალოცავდა. მოედნის გარშემო 240 სვეტი და 145 წმინდანის ქანდაკებაა. მოედნის შუაში ეგვიპტური ობესილისკი და ორი შადრევანია.

წმ. პეტრეს ბაზილიკა

წმ. პეტრე ბაზილიკის ინტერიერი იმდენად გასაოცარია, რომ რიგში დიდხანს დგომას მაშინვე დაგავიწყებთ. აქ მონუმენტები და მდიდრული ბაროკოს დეკორაციებია. ასევე, მიქელანჯელოს გიგანტური გუმბათი. გუმბათზე ასვლას ლიფტით და შემდეგ კიბით შეძლებთ. იქიდან ქალაქის ხედით დატკბებით. წმ. პეტრეს ბაზილიკაში შესვლა უფასოა, გუმბათზე ასვლა ფასიანი.

ტრასტევერეს უბანი

ტრასტევერეს რაიონი მდინარე ტიბერის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ვატიკანის მხარეს. მას უნიკალური შარმი აქვს, ამაში თავადაც დარწმუნდებით. ისეირნეთ ვიწრო, ყვავილებით მორთულ ქუჩებში და შეიგრძენით ნამდვილი იტალიური ატმოსფერო.

იტალიური ლანჩი ტრატორიაში

ტრასტევერეს უბანი ტრატორიებით, ანუ ბიუჯეტური საკვები სივრცეებითაა ცნობილი, სადაც ტრადიციულ პიცას და პასტას დააგემოვნებთ. აქ ბევრი ავთენტური რესტორანია პატარა ტერასებით. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ: Roma Sparita, Antico Arco, Tonnarello, Birra e sale, Pizzeria Loffredo, Il Tamburello di Pulcinella.

კამპო დი ფიორი

იტალიური სამზარეულოს დაგემოვნების შემდეგ, ესტუმრეთ იტალიურ ბაზარს, სადაც ახალ, ჯანსაღ პროდუქტებს შეიძენთ. ის რომის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და საუკეთესო ხარისხის იტალიური პროდუქციით გამოირჩევა.

სან ლორენცოს უბანი

ტრასტევერეს უბნის მსგავსად, ესეც ნაკლებადაა ცნობილი ტურისტებში და შედარებით წყნარია. აქ უფრო მეტად სტუდენტებს შეხვდებით, რადგანაც რამდენიმე უნივერსიტეტი მდებარეობს. ასევე, ქუჩის არტისტების ნამუშევრებსაც შეაფასებთ. ღამის ცხოვრება და ლუდი აქ სულაც არაა ძვირი!

ავენტინის მთა

მშვიდი უბანი, ლამაზი ბაღები და ქალაქის გასაოცარი ხედი – ეს ავენტინოს მთაა! აქ დაგხვდებათ სანტა საბინას ბაზილიკა და ცნობილი კარიბჭის ჭუჭრუტანაც, სადაც გახედვის დიდი რიგი დგას.

რომის კატაკომბები

ბოლო ღირსშესანიშნაობა კი კატაკომბებია. ჩვენ კალიქსტუსის კატაკომბებს გირჩევთ. ერთ დროს ეს ადგილი ებრაელთა და ქრისტიანთა სასაფლაო იყო. სხვა კატაკომბებია: სან სებასტიანი, დომიტილა და პრისცილა. აქ ვიზიტები გიდის თანხლებით ხორციელდება.

იხილეთ ასევე: რომის სანაპიროები