რა ვნახოთ

რა უნდა ვნახოთ და გავაკეთოთ ზაკინტოსში?

საბერძნეთის ეროვნული ჰიმნის ავტორის, დიონისიოს სოლომოსის დაბადების ადგილს, მოგზაურებისთვის საკმაოდ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ზაკინტოსი ცისფერი იონიის ზღვითაა გარშემორტყმული და წყლის კუების დიდ პოპულაციას მასპინძლობს. ქვიშიანი სანაპიროებისა და სხვადასხვა კულტურით შთაგონებული არქიტექტურის ქალაქში სხვადასხვა სპორტის სახეობებით ბევრ ადრენალინსაც მიიღებთ.

დაივინგი

სარკესავით სუფთა წყალში უნიკალურ ზღვის ფაუნას აღმოაჩენთ: სელაპებიდან დაწყებული მასიური კუებით დასრულებული. ზაკინტოსი დაივინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. დიდი თევზებისთვის სპილოს რიფს მიაკითხეთ, ბარაკუდებისთვის მარცელოუს რიფს. უკვე გამოცდილი დაივერებისთვის მარათონისის რიფია საინტერესო.

ადგილობრივი ველური ბუნება

ზაკინტოსის ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია კუნძულის ველური ბუნების აღმოსაჩენად. თუ გსურთ ცხოველებს ეკომეგობრულად დაუახლოვდეთ, დაჯავშნეთ ტური მარათონისზე, „კუს კუნძულზე“. აუცილებლად გაეცანით სწორად მოქცევის წესებს, რათა ცხოველები არ შეწუხდნენ.

მოიარეთ ქალაქი

1953 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რამაც ვენეციური სტილის შენობები გაანადგურა, ზაკინტოსის არქიტექტურა სრულად განაახლეს. დღეს აქ ელეგანტური ნაგებობები, კაფეები და პატარა მაღაზიებით სავსე ქუჩებია. ეწვიეთ მე-17 საუკუნის ალექსანდერ რომას სასახლეს სოლომოს მოედანზე, სადაც ძველი ავეჯი და ხელოვნების ნიმუშები დაგხვდებათ. თუ აქ აგვისტოში მოხვდებით, აუცილებლად დაესწარით წმ. დიონისოსადმი მიძღვნილ ფესტივალს, რომელიც 1 კვირის მანძილზე გრძელდება.

მიიღეთ ადრენალინი

ზაკინტოსში დაივინგის გარდა, სუბვინგი მოგხიბლავთ, რომელიც საშუალებას იძლევა იცურო ტალღებში ისე, თითქოს დელფინი ხარ. ამ წყლისქვეშა სპორტით დაკავებისთვის შეგიძლიათ მიაკითხოთ პელიგონის კლუბს. თუ პარაშუტით გადმოხტომა გხიბლავთ, ბანანას სანაპიროსკენ გაეშურეთ.

იმგზავრეთ მატარებლით

ზაკინტოსის ტურისტული მატარებელი საუკეთესო საშუალებაა უბრალოდ დასხდეთ და კუნძული დაათვალიეროთ. მას შემდეგ, რაც ზაკინტოსის ძირითად ღირსშესანიშნაობებს ნახავთ, მატარებელი სხვა მიმართულებებითაც წაგიყვანთ. ესტუმრეთ კალამაკის სანაპიროს ან ვენეციურ ციხესიმაგრეს, დაათვალიერეთ ტრადიციული პარფიუმერიის და კერამიკის მაღაზიები. ალიკის სანაპიროდან გამავალი მატარებელი მთის სოფლებს დაგათვალიერებინებთ.

გამოიკვლიეთ კუნძულის სანაპიროები

არსებობს მიზეზი რატომ უყვართ კუებს ზაკინტოსის სანაპიროები. რბილი ქვიშა ადამიანებისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. ცნობილ ფოტოგენურ სანაპირომდე – შიფვრეკამდე აგიოს ნიკოლაოსიდან, სკინარიდან ან პორტო ვრომიდან გემებს უნდა გაყვეთ.

აცოცდით ბოჰალის კოშკზე

საუკეთესო ხედებისთვის ბოჰალის ციხე-სიმაგრეს მიაშურეთ. მე-15 საუკუნის დროინდელი დანგრეული სანგრების მიღმა, ბოჰალის სოფელს აღმოაჩენთ და ადგილობრივ კაფეში ლუდს შეუკვეთავთ. თუმცა, აუცილებლად წაიღეთ თან წყალი, რადგანაც კოშკისკენ ამავალ გზაზე ბევრი სიარული მოგიწევთ და არაფერი შეგხვდებათ.

დაათვალიერეთ პარკები

თუ ზაკინტოსის რომელიმე პარკს ესტუმრებით, თქვენ ფეხქვეშ ველური ყვავილების ხალიჩა გაეფინება. აქ მრავალფეროვანი მცენარეები სეზონის მიხედვითაა წარმოდგენილი. საუკეთესო ასკოს ქვის პარკია, სადაც ირმებიც ბინადრობენ.

ესტუმრეთ ცისფერ გამოქვაბულებს

ზაკინტოსის ფოტოგენური სანაპირო კლდეებითაა გაფორმებული. აუცილებლად ნახეთ ცისფერი გამოქვაბულები, რომლებიც ფერს წყლისგან ირეკლავენ. იქ მხოლოდ და მხოლოდ ნავებით მოხვდებით.

გაექეცით სიცხეს გრილ მუზეუმებში

ზაკინტოსში შუადღის სიცხეს მუზეუმში დაემალებით. აგია მარინაში ზაკინტოსის ფლორა-ფაუნის შესახებ ისტორიულ მუზეუმს აღმოაჩენთ. პოეზიის მოყვარულები სოლომოსისადმი მიძღვნილ მუზეუმს უნდა ეწვიონ, რომელმაც 1823 წელს საბერძნეთის ჰიმნი შექმნა.

დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები

ზაკინტოსი მაღალი კლასის ზეითუნის ზეთს აწარმოებს. 2000 წლის ზეთისხილის ხე, რომელიც სოფელ ექსო ჰორაში დგას, ამის ცოცხალი დასტურია. ეს გურმანების საყვარელი კუნძული ბევრ ახალ გემოს გაგასინჯებთ. დააგემოვნეთ სოფიგადურა – საქონლის ხორცი ტომატის სოუსში ან მანტოლატო – კვერცხისა და ნუშის კერძი. თუ ზეთისხილის კულტურა გაინტერესებთ და ზაკინტოსში შემოდგომაზე იმყოფებით, არისტეონის ეკოლოგიურ ცენტრში შეძლებთ თავადაც დაკრიფოთ და დაწუროთ ზეითუნის ზეთი.

როგორ გავატაროთ 2 დღე ზაკინტოსში

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

საბერძნეთისაბერძნეთი
საბერძნეთი9 სექ 2026

საბერძნეთის 5 ყველაზე ლამაზი მთის სოფელი

მეცოვო, პაპინგო, ნიმფეო, დიმიცანა და პალეოს აგიოსი: საბერძნეთის 5 მთის სოფელი ქვის არქიტექტურით, ლაშქრობით და ადგილობრივი სამზარეულოთი.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე