ვენეციური კოშკები, სუფთა სანაპიროები და ღამის ცხოვრება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ზაკინტოსს უნდა ეწვიოთ. ეს ბერძნული კუნძული ისტორიით, ბუნებით და საკვებით ნამდვილად დაიკვეხნის. ჩვენ დაგიგეგმავთ 48 საათს ამ მშვენიერ ადგილზე.

ზაკინტოსს “აღმოსავლეთის ყვავილს“ უწოდებენ. კუნძულს ეს მეტსახელი ვენეციელებმა მაშინ შეარქვეს, როდესაც მასზე მე-15/18 საუკუნეებში ძალაუფლებას ფლობდნენ. 1953 წელს მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამ თითქმის ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ზაკინტოსი ახლიდან ააგეს და ის დღემდე ყოფილი ვენეციური დიდების სიმბოლოა.

დღე 1

დილა – იცურეთ კრისტალივით სუფთა წყალში

მართალია საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ თითქმის ყველგან დადის, თუმცა მანქანის ქირაობა საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ. ყველაზე შთამბეჭდავ სანაპიროებს გემით უნდა ესტუმროთ. მათ შორის, ყველაზე პოპულარულ ნავაჯიოს. ამისათვის შეუერთდით ნავის ტურს აგიოს ნიკოლაოსიდან ან იქირავეთ ნავი პორტო ვრომიში. წაიღეთ თან მსუბუქი წასახემსებელი.

შუადღე – დააგემოვნეთ ზაკინტოსის სამზარეულო და დაათვალიერეთ აგიოს დიონისიოსის ეკლესია.

თუ უკან ქალაქში დროულად დაბრუნდებით, მიირთვით ლანჩი ზაკინტოსის ტრადიციულ ტავერნაში. მათ შორის საუკეთესო ვარკაროლაა. იქ მოუსმენთ ბერძნულ სიმღერებს და ცნობილი მზარეული ლილი თქვენთვის სხვადასხვა კერძს მოამზადებს.

საჭმლის მირთმევის შემდეგ, გაისეირნეთ ქალაქში და დაათვალიერეთ ვენეციური სტილის შენობები. მათ შორისაა აგიოს დიონისიოსი – ზაკინტოსის უდიდესი ეკლესია. იქ შემონახულია კუნძულის მფარველი ანგელოზის, წმ. დიონისიოსის ნაშთები. მუზეუმში კი მისი ცხოვრების ისტორიას გაეცნობით.

საღამო – დაათვალიერეთ ზაკინტოსის ულამაზესი სოფელი, ბოჩალი

ზაკინტოსის ქალაქის თავზე, ვენეციური სტილის ციხესიმაგრე დგას. ამ მთაზე სოფელი ბოჩალი მდებარეობს, იდეალური ადგილი ფიჭვის ხეებს შორის სასეირნოდ. სწორედ აქ მიიღო ინსპირაცია დიონისიოს სოლომოსმა მაშინ, როცა საბერძნეთის ეროვნული ჰიმნი დაწერა. თავს შთაგონებულად თქვენც აუცილებლად იგრძნობთ.

ბოჩალის ვერ დატოვებთ ცნობილი დესერტების გასინჯვის გარეშე ლატასში. ეს ცნობილი კაფე უკვე 60 წელია რაც არსებობს და უგემრიელეს ტრადიციულ დესერტებს გთავაზობთ.

ღამე – კოქტეილები ზღვასთან

თუ ბოჩალიში ცოტა დიდხანს დარჩებით, დალიეთ სასმელი მთის წვერზევე. საოცარი ხედების ფონზე თქვენ საუკეთესო კოქტეილებს შემოგთავაზებენ.

ალტერნატივის სახით გირჩევთ ზღვასთან მდებარე ფრედის ბარს თსილივში (Tsilivi).

დღე 2

დილა – დაიწყეთ დღე ფანქეიქებითა და კულტურით

სასაუზმოდ ესტუმრეთ ქალაქ ზაკინტოსის ცენტრს. მიირთვით ფანქეიქები სხვადასხვა ტოპინგებით, იქამდე სანამ კუნძულის ისტორიაში ჩაიძირებით.

მოგზაურობა აგიოს მარკოს მოედნიდან უნდა დაიწყოთ. აქ თავისუფლების ხე დარგეს, რომელიც კუნძულის მიერ თავისუფლების მოპოვების სიმბოლოა. აქაა სოლომოსის მუზეუმი, რომელიც შთამბეჭდავ გამოფენას, ორიგინალ მანუსკრიპტებს და სკულპტურულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს.

ორი ნაბიჯის მოშორებით ბიზანტიურ მუზეუმს აღმოაჩენთ, ბიზანტიური არტეფაქტებით. გალერეებს შორის, შეგიძლიათ მოედანზევე, იტალიური სტილის კაფეში გემრიელი ყავაც დააგემოვნოთ. ჩაიარეთ ალექსანდროუს ქუჩით და დაათვალიერეთ ღია მაღაზიები იქამდე, სანამ სანაპიროს ესტუმრებით.

შუადღე – ზღვის კუები

გერაკას სანაპირო სოლომოსის მოედნიდან 30 წუთის გზაზეა. იქ შეგიძლიათ სანაპიროზე წოლის დროს ზღვის კუებზე დაკვირვებით ისიამოვნოთ. მიირთვით ლანჩი ახლომდებარე რესტორანში.

საღამო

ისარგებლეთ ხიდით, რომელიც ზაკინტოსს აგიოს სოსტისთან აკავშირებს.  იქამდე, სანამ ამ სამოთხეში მოხვდებით, ესტუმრეთ ლითაკიას, სადაც უნიკალური კერამიკის ნიმუშებია წარმოდგენილი და სახლში მომზადებული ფრიგინიათი გაგიმასპინძლდებიან. ანდრიანი ახალგაზრდა არტისტია, რომელმაც შექმნა ინტერაქტიული სივრცე, სადაც ვიზიტორებს საკუთარ ხელოვნების ნიმუშებს უზიარებს.

ღამე

აგიოს სოსტის კუნძული 1633 წლამდე მიწის ნაწილი იყო, თუმცა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მას გამოეყო. დღეს ის ზაკინტოსის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია ბევრი ბარით და რესტორნით ღამის გართობისათვის. დაასრულეთ დღე კოქტეილით სანაპიროზე და შეუერთდით დიჯეის ფართის კამეოს კლუბში.