მართალია ის საბერძნეთის ნაწილია, მაგრამ, ეგეოსის ზღვაში მდებარე კრეტას კუნძული თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საჭმელი გასაოცრად გემრიელი: ადგილობრივი თეთრი ყველით, ზეითუნის ზეთით, ზღვის პროდუქტებით… ლანდშაფტი განსხვავებული და შთამბეჭდავი: მთებით და მწვანე მდელოებით, საკურორტო ქალაქებით და ცარიელი სანაპიროებით.

არ აქვს მნიშვნელობა რისთვის ესტუმრეთ კრეტას – სანაპიროზე რელაქსაციისთვის, კრონოსის სასახლის მოსანახულებლად თუ კერძების დასაგემოვნებლად, აქ ყოფნის დროს აუცილებლად უნდა ეწვიოთ ულამაზეს სოფლებს. ჩვენ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

ქორა სფაკიონი/Chora Sfakion

ამ სოფლის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ავტობუსით გაემართოთ. აქაური ხედები ლიბიის ზღვაზე ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებად დაგრჩებათ. ქორა სფაკიონში ჩასულებს მხოლოდ და მხოლოდ წამოწოლა და არაფრის კეთება მოგინდებათ. ადგილობრივები ძალიან მეგობრულები არიან, პორტის რესტორნები კომფორტული, სანაპიროები – გასაოცარი. პატარა ნავებით მთელი სანაპიროს დათვალიერებას შეძლებთ.

ანოგია/Anogia

ანოგიას რეტიმნოს რეგიონში აღმოაჩენთ, ანტიკურ გამოქვებულ იდეონთან, სადაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ზევსმა თავისი ახალგაზრდობა გაატარა. დასხედით ღია კაფეებში ან ჯორჯიოს მოედანზე მდგარი მსხვილი ხის ქვეშ, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც თავად ქალაქი. გასინჯეთ დაბრაწული ცხვარი, რადგანაც ეს რეგიონი მეცხოველეობითაა ცნობილი და ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ ინგრედიენტებს მოიცავს. ასევე, მოინახულეთ მუზეუმები, სადაც კრეტის ხელოვნებას აღმოაჩენთ.

სპილი/Spili

შეჩერდით ამ ფოტოგენურ პატარა ქალაქში, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ყავისთვის. აქ თუ რომელიმე კაფეში შეივლით, ვიზიტს აუცილებლად დაასრულებთ სპილის სრულად დათვალიერებით. მოინახულეთ უმშვენიერესი მონასტერი და პატარა მაღაზიები. ვორიცას მთიდან ქალაქი საოცრად მწვანე და ხასხასაა. ჰავა საკმაოდ ზომიერია მთელი ზაფხულის მანძილზე.

პლატანესი/Platanes

პლატანესი ორი რამის გამო იზიდავთ – პოპულარული სანაპიროს და დიდ ქალაქთან მეზობლობის გამო. შეგიძლიათ ესტუმროთ მას მაშინ, როცა რეთიმნოსგან შესვენება გინდათ ან დაჯავშნოთ სასტუმრო აქ და ქალაქში აქედან იაროთ. პლატანესში დაქირავებული ნებისმიერი ოთახიდან, ყოველდღე ლურჯი ეგეოსის ზღვა შემოგეგებებათ. აქ ბარ-რესტორნებსაც შეხვდებით, ჩვენ კერძ დაკოს დაგემოვნებას გირჩევთ, ყველით, პომიდვრითა და ქერით. ეს ადგილი ასევე ცნობილია ზღვის კუებით, რომლებიც სანაპიროზე ხშირად გამოდიან.

სისი/Sissi

სისი ჰერაკლიონთან 45 კილომეტრში მდებარე უსაყვარლესი ქალაქია. მშვენიერი პატარა პორტი მას სასიცოცხლო ენერგიას აძლევს. სისი დიდი ისტორიით იკვეხნის, რადგანაც 1866-69 წლებში, კრეტაზე აჯანყების პერიოდში, გარდამტეხ როლს თამაშობდა. კუნძულის მაცხოვრებლებმა ოტომანი კოლონისტების წინააღმდეგ გაილაშქრეს და გემები იარაღით სწორედ აქ დატვირთეს. სისიში თევზაობა ცხოვრების სტილადაა ქცეული, ამიტომაც ხშირად წააწყდებით ქალებს და კაცებს, რომლებიც თევზაობენ და თევზებს საგულდაგულოდ  ასუფთავებენ. ხმელთაშუაზღვისპირეთში სისი ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძებით ნამდვილად გამორჩეულია.

პალეოქორა/Paleochora

2000 მაცხოვრებლით დასახლებული პალეოქორა სხვა სოფლებთან შედარებით შესამჩნევად დიდია. საფეხმავლო ქუჩები ჩამწკრივებული ფერადი შენობებით, გიწვევენ გარშემო ყველაფერი გამოიკვლიოთ. თუ ასე მოიქცევით, აღმოაჩენთ ბარებს, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს და რესტორნებს, რომლებსაც აქ ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე მიუბრუნდებით.

მატალა/Matala

მეტალა იდეალური ვარიანტია როცა ტურისტული, დატვირთული და ხმაურიანი კრეტის ქალაქებიდან გაქცევა მოგინდებათ. ის წყნარ სათევზაო სოფელს ჰგავს და განწყობაც მომენტალურად მშვიდი ხდება. მატალა 60-იან წლებში ჰიპების საყვარელი ადგილი იყო. ჯონი მიჩელმა აქ ყოფნის დროს შექმნა სიმღერა „Carey”. სწორედ აქ დაგხვდებათ მისტიკური გამოქვაბულები კლდეებში.

ლუტრო/Loutro

ლუტრო ქორა სფაკიონიდან 20 წუთის სავალზეა, ამიტომ გირჩევთ ორივე ერთად მოინახულოთ. იმის გამო, რომ აქ სამანქანო გზით ვერ მოხვდებით, სატრანსპორტო მოძრაობა თითქმის არ არსებობს. მშვენიერი გადაწყვეტილებაა ესტუმროთ ლუტროს ერთი დღით, მაგრამ თუ დარჩებით, ულამაზეს მზის ჩასვლას იხილავთ. ესტუმრეთ მარმარას სანაპიროს, აქ გემრიელი კერძებითაც გიმასპინძლებენ.

ეპისკოპი/Episkopi

ეპისკოპი პატარა აგრო-სოფელია, მდინარით, სანაპიროებით და სიმწვანით. აქ აწარმოებენ ცნობილ ბერძნულ ზეითუნის ზეთს. კრეტას ერთ-ერთი უძველესი ქალაქის სახელწოდება ბერძნულ ენაზე ეპარქიას ნიშნავს. აქ სხვადასხვანაირ ბიზანტიურ ტაძარს იხილავთ, შთამბეჭდავი ინტერიერით. ეპისკოპში დარჩენით ნამდვილად მოიპოვებთ სიმშვიდეს.

აგია პელაგია/Agia Pelagia

კრეტის სოფლებს შორის აგია პელაგია ყველაზე განვითარებულია, რადგანაც ის ერთგვარ კურორტად ჩამოყალიბდა. არდადეგების აქ გატარება რელაქსაციისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ისიამოვნეთ ტერასებზე სხდომით, თეთრი ღვინის დალევით და ხედებით ტკბობით. ჰერაკლიონიდან ავტობუსით 30 წუთის გზაზე, რამდენიმე სანაპირო დაგხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ აქ მშვიდი და სუფთა ზღვაა, ზაფხულობით აგია პელაგია ხალხით მაინც არ იტვირთება.

ვამოსი/Vamos

ეს ისტორიული სოფელი საოცარი შარმით გამოირჩევა. აქ შემოგეგებიან ძველი ქვის შენობები წვრილი ქუჩებითა და უზარმაზარი ხეებით. მიირთვით ლანჩი ვამოსის ნანგრევების სიახლოვეს და ადით სოფლის უმაღლეს წერტილში, საიდანაც ცისფერი ზღვა ქვევით, სანაპიროსკენ დაგიძახებთ.

ელოსი/Elos

ეს სოფელი თითქოს ერთი გზაა პატარა მაღაზიებითა და კაფეებით, რომელსაც თვალის დახამხამებაში ჩაივლით. ელოსის დათვალიერება ბევრ დროს არ წაგართმევთ. მოინახულეთ უძველესი ლამაზი ეკლესია მთაზე, სადაც მთელ ჭერზე მოხატული ფრესკები მოგჭრით თვალს. შეიარეთ საჩუქრების მაღაზიაში, რომელიც მოხუც წყვილს ეკუთვნის. ისინი ბერძნული ტრადიციულ ხელოვნების ნიმუშებს ყიდიან, ისევე როგორც ზეთსა და თაფლს.

მირტოსი/Mirtos

წვრილი ქუჩები შაქრივით თეთრი სახლებით და მბზინვარე აივნებით – მირტოსში კუთხის კაფეები სურნელოვანი ხეებით მიგიზიდავენ. ეს პატარა სოფელი ბერძნული სილამაზის ნიმუშია. სანაპიროზე კრიალა წყალი და ოქროსფერი ქვიშა დაგხვდებათ. მიირთვით რვაფეხასგან მომზადებული კერძი რომელიმე კაფე-რესტორანში და ღრმად ჩაისუნთქეთ აქაური ჰაერი.