სამხრეთ ესპანეთი ულამაზესი ქალაქების და დასახლებების მქონე ადგილია. ჩვენ ის დაუვიწყარი მიმართულებები შეგიკრიბეთ, რომლებიც ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

სევილია/Seville

სევილია ალბათ ყველაზე რომანტიკული ქალაქი იქნება, რასაც ამ ქვეყანაში გამოცდით. ანდალუსიის დედაქალაქი ყველაზე მრავალფეროვანი უბნებით გამოირჩევა. აქ ძველი ებრაული კვარტალია: სანტა კრუზი, ასევე, ბოშათა გარეუბანი ტრიანა. ისტორიული მონუმენტებიდან აქ იხილავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ გოთიკურ კათედრალს და მურიშის ელეგანტურ სასახლეს, რომელიც Game of Throne-ის გადაღებებისთვის გამოიყენეს.

გრანადა/Granada

პოეტი ლორი ლი ამ ქალაქს აღწერს როგორც „ყველაზე ლამაზ და მომაჯადოებელ ესპანურ ქალაქს.“ გრანადა დიდ დაროს ველსა და სიერა ნევადას მთებს შორისაა მოქცეული. მისი შარმი დაუვიწყარია: გაისეირნეთ კარერა დელ დაროზე, ძველ არაბულ უბანში და ამას თავად იგრძნობთ. მთავარი მონუმენტი ალჰამბრას ციხესიმაგრეა.

რონდა/Ronda

ორ ეროვნულ პარკს შორის მდებარე რონდა ანდალუსიაში საუკეთესო ადგილმდებარეობის ქალაქია. აქ პირველ რიგში შთამბეჭდავ ხიდს დაინახავთ, რომელიც 1793 წლით თარიღდება და ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს. რონდა ესპანური კორიდის დაბადების ადგილად ითვლება. აქ ასევე, არაბული აბაზანები დაგხვდებათ.

ხერეს დე ლა ფრონტერა/Jerez de la Frontera

ეს სამხრეთ ესპანეთის ერთ-ერთი იდუმალი საოცრებაა. ქალაქი, რომელიც ანდალუსიის დედაქალაქის სიდიადეს და კადიზის მოკრძალებულ შარმს აერთიანებს. ის ცნობილია სასმელი შერითაც, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ ხერეს დე ლა ფრონტერაში მზადდება. ასევე, ამბობენ, რომ ეს ძველი მომხიბვლელი ქალაქი, ცეკვა ფლამენკოს დაბადების ადგილია.

კადიზი/Cádiz

ხერესიდან კადიზი მხოლოდ ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს. მას თავისთვის დამახასიათებელი ბოჰემური აურა აქვს. ადგილობრივები იუმორის გრძნობით, მთელ ესპანეთში სახელგანთქმულები არიან. თებერვალში აქ ფესტივალიც კი ეწყობა, რომლის დროსაც ქუჩებში სატირულ სკეტჩებს დგამენ.

კორდობა/Córdoba

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქში, კორდობაში, უმშვენიერეს მესკიტა კათედრალს იხილავთ. მე-10 საუკუნის დროინდელი ტაძარი რენესანსის დროინდელი დეტალებით, ნამდვილად მოგხიბლავთ. არცერთი სხვა ნაგებობა არ საუბრობს ამაზე უკეთ იმ ორი კულტურის შერწყმაზე, რომლებმაც სამხრეთ ესპანეთი ჩამოაყალიბეს.

ესტეპონა/Estepona

ეს ულამაზესი ესპანური დასახლება დღემდე ხელშეუხებელ ანდალუსიურ ავთენტურობას ინარჩუნებს. მისი ფერადი სახლები ლამაზი ყვავილებით აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ესტეპონას ფართო სანაპირო, პლაია დე ლა რადა, ნაკლებადაა დატვირთული ვიდრე ახლომდებარე ნერჟა. ყვავილების სასახლე ქალაქის ძველი ნაწილის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია.

მალაგა/Málaga

ბოლო წლებში, პიკასოს დაბადების ადგილმა სამხრეთ ესპანეთის ყველაზე კულტურულად დინამიური და კოსმოპოლიტური ქალაქის სტატუსი მოიხვეჭა. მალაგაში დღეს 30-ზე მეტი მუზეუმია, სათავეში მოქცეული პაბლო პიკასის სახელობის მუზეუმით. აქ ბევრ კლასიკურ რესტორანსა და კოქტეილ-ბარსაც აღმოაჩენთ, ასევე განახლებულ საზღვაო პორტს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ქალაქებს აკავშირებს.

15 რამ რაც ესპანეთში მოგზაურობამდე უნდა იცოდეთ