მენტონი საფრანგეთის მარგალიტია და ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხედ ითვლება. აქ ფრანგული რივიერას ატმოსფერო, ვილები, გამომწვარი თიხის სახურავები, საოცნებო სანაპიროები, პალმის ხეები და ლიმნის ბაღები დაგხვდებათ. იმის გამო, რომ ის იტალიასთან ახლოს მდებარეობს, იგრძნობა იტალიური გავლენა მის შენობებში, კულტურაში და გემრიელ საკვებში, მათ შორის პასტასა და ჟელატოში. ორი დღით მაინც დატკბით ამ მაგიურ სანაპირო ქალაქში დასვენებით!
მენტონში უბრალოდ ყოფნაც გამოცდილებაა. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, დატკბით სახლების პასტელური ფერებით და ციტრუსების სურნელებით, აღფრთოვანდით ბაროკოს შენობებით. წვრილი ქუჩები შარმითა და ისტორიით, ფრანგული რივიერისთვის საკმაოდ ავთენტურია. მონაკოსთან და ნიცასთან სიახლოვის მიუხედავად, აქ ბიუჯეტური ფასები და ნაკლები ხალხია. ქალაქში სეირნობისას შეამჩნევთ რომ აქ სხვადასხვა ქვეყნის ნაზავია: ჩამწკრივებული პალმების ქუჩა ესპანეთიდან, პროვანსული არქიტექტურა საფრანგეთიდან და სამზარეულო იტალიიდან. მენტონს ბრწყინვალე ხედები აქვს ხმელთაშუა ზღვაზე, უკან ალპებით. არაა გასაკვირი რომ მას “მარგალიტს” უწოდებენ.
მენტონი ცნობილია ლიმნებით
ლიმონი მენტონის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე თბილ ადგილად ითვლება, რადგანაც წლის მანძილზე დაახლოებით 316 დღე მზიანია. აქედან გამომდინარე, მენტონში უნიკალური მიკროკლიმატია ლიმნის ხეების გასახარად. მათ აქ ყველგან შეხვდებით: პარკებში, ქუჩებში, ბულვარში. მენტონში ყოფნისას აუცილებლად უნდა შეიძინოთ რაიმე ლიმნის პროდუქტი: ლიქიორი, საპონი, ზეთუ და სხვა. თუ მენტონს თებერვალში ეწვევით, ყოველწლიურ ლეგენდარულ ლიმნის ფესტივალს აუცილებლად დაესწარით.
რას გააკეთებთ მენტონში
1. გაისეირნეთ ძველ ქალაქში
ძველი ქალაქი მენტონის მშვენებაა შუასაუკუნოვანი შენობებით და ქუჩებით, რომლებიც აღგაფრთოვანებთ. აღმოაჩინეთ ვიწრო გზები და გახსოვდეთ, რომ ქალაქი მე-13 საუკუნეში აღმოაჩინეს. აუყევით ქუჩებს კათედრალამდე და დატკბით ფერადი შენობებით, დიდი ვილებით და ელეგანტური ბაროკოს ნაგებობებით.
2. ბაზილიკა: Saint-Michel-Archange
ძველი ქალაქის თავზე ამ ულამაზეს ბაზილიკას აღმოაჩენთ. ის ბაროკოს არქიტექტურით გამოირჩევა, აქვს შთამბეჭდავი ფასადი და ინტერიერი ჭერის მხატვრობით. კათედრალს ორი კოშკურა აქვს: საათის კოშკი 35მ. სიმაღლისაა, მეორე კოშკი 53 მეტრის. მისი მონახულების შემდეგ, დაათვალიერეთ სასაფლაოც, საიდანაც მთელი სანაპირო ზოლი მოსჩანს.
3. სანაპირო: Plage des Sablettes
ამ თეთრქვიშიან სანაპიროს ულამაზესი ბულვარი აქვს. აქ აღმოაჩენთ ლამაზ შადრევნებს, რესტორნებს და სასიამოვნო ატმოსფეროს. აქ იკრიბებიან ახალგაზრდები და ოჯახები კარგი დროის გასატარებლად.
4. ჟან კოკტოს მუზეუმი
ჟან კოკტო ცნობილი არტისტი და რეჟისორი იყო, რომელსაც უყვარდა მენტონი. ეს მისი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი იყო. ამის გამო, ქალაქში მის საპატივცემულოდ მუზეუმი შეიქმნა, სადაც ხელოვანის ნამუშევრებია გამოფენილი. მუზეუმი ყოფილ ციხესიმაგრეშია, რომელიც ჟან კოკტოს ლამაზი მოზაიკებით გააფორმეს. ამ ეკლექტიკურ ადგილს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
5. მოიწყვეთ 1 დღიანი ტური მონაკოში
მონაკო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გლამურული ადგილია. მენტონიდან გაყევით მატარებელს იქ 1 დღის გასატარებლად. ეწვიეთ დიდი სასახლეს და კაზინოს, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმების შთაგონებად იქცა. დაათვალიერეთ იახტები ნავსადგურში და ტროპიკული ბაღები. ბოლოს კი დაისვენეთ მონაკოს სანაპიროზე.
6. იცურავეთ მენტონის სანაპიროებზე
Plage des Sablettes ყველაზე დატვირთული ცენტრალური სანაპიროა. თუმცა აქ გამოსაკვლევია სხვა სანაპიროებიც. მენტონის დასავლეთით ქვიანი სანაპიროებია, აღმოსავლეთით, იტალიის მიმართულებით კი ქვიშიანი. სასიამოვნო სანაპიროებია: Plage du Fossan და Plage Rondelli. რონდელიზე სანაპირო ბარებიც დაგხვდებათ.
როგორ მოხვდებით მენტონში
მენტონში მოხვედრა მარტივია საფრანგეთიდანაც და იტალიიდანაც, რადგანაც საზღვართან მდებარეობს. ფრენის შემთხვევაში, ნიცის აეროპორტიდან მენტონამდე 30 წუთის გზაა. მატარებლის შემთხვევაში, ისარგებლებთ ჩქაროსნული მატარებლებით პარიზიდან, რომელიც მენტონში 6 საათში ჩადის. მარსელიდან კი 3.5 სთ დაგჭირდებათ.
მენტონი საკმაოდ პატარაა და მას ფეხითაც მოივლით, რაც მის დასათვალიერებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუ სხვა ადგილების მონახულებაც გინდათ, მენტონში ორი რკინიგზის სადგურია. ორივე მათგანი დაგაკავშირებთ საფრანგეთის და იტალიის ბევრ ქალაქთან. ბევრი ვიზიტორი ირჩევს მატარებლით სულ რაღაც 9 წუთიან მგზავრობას ვენტიმილიამდე.