ესპანეთი კუნძულების სილამაზით საბერძნეთსა და იტალიას ნამდვილად არ ჩამორჩება. მალიორკის, იბიცას და ტენერიფეს შესახებ ბევრმა იცის, თუმცა აქ სხვა, ნაკლებად პოპულარული კუნძულებიც დაგხვდებათ. ჩვენ საუკეთესოებს გაგაცნობთ:
1. სიეს კუნძულები/Islas Cies
ეს ესპანური კარიბის კუნძულებია – ატლანტიკის ოკეანის მორიგი მშვენება. გალისიის სანაპიროდან მოშორებული 3 კუნძული გალისიის ეროვნული დაცული პარკის შემადგენლობაში შედის. აქ თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე წყალი და ლამაზი ფიჭვის ტყეა. რომაელები ამ ადგილს „ღმერთების კუნძულებს“ უწოდებდნენ. აქ მოხვედრისას ამის მიზეზს ნამდვილად ამოიცნობთ. სიესზე დღიურად მხოლოდ 2000 ადამიანს უშვებენ, თუ ღამით დარჩენას გადაწყვეტთ, კარავში უნდა დარჩეთ. კუნძულის ყველაზე ლამაზი სანაპირო პლაია დე როდასია.
2. ფორმენტერა/Formentera
ყველამ იცის დიდი სამეული: მალიორკა, მენორკა და იბიცა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ამ სამ ძმას „პატარა დაიკო“ ჰყავთ – ფორმენტერა. ამ კუნძულზე მოხვედრა იბიცადან ბორანითაა შესაძლებელი. ფორმენტერა წყნარი ადგილია, სადაც დაათვალიერებთ სანაპიროებს და დროს მშვიდად გაატარებთ. ღამის გათევის შემთხვევაში გესთჰაუსები და სასტუმროები გიმასპინძლებენ.
3. ლა გრაციოზა/La Graciosa
გრაციოზა ერთ-ერთია კანარის კუნძულებიდან. ის ლანცაროტედან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ მშვიდ, განმარტოებულ კუნძულზე სამანქანო ტრასას ვერ ნახავთ. ისეირნეთ ველოსიპედით ან ფეხით და დაათვალიერეთ ფრინველები.
4. ლა გომერა/La Gomera
ლა გომერა არის კუნძული, რომელზეც დრო თითქოს გაჩერდა და მასზე ბუნება გამეფდა. მთელი კუნძული იუნეკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია შესული. აქაური ბიოსფერო და ეკოსისტემა უდაოდ უნიკალურია.
5. კარბერა/Cabrera
კარბერა მალიორკას სიახლოვეს მდებარეობს და ეს არის ადგილი, სადაც მალიორკელები გარბიან მაშინ, როდესაც მათი კუნძული ტურისტებით ივსება. აქ დელფინებსა და თოლიებს უხვად შენიშნავთ. კარბერა ეროვნული პარკის ტერიტორიის შემადგენლობაშია და დაუსახლებელი ადგილია.
6. ონსი/Ons
ონსიც ატლანტის ოკეანის ეროვნულ პარკს მიეკუთვნება სიესის მსგავსად. აქ 10 ულამაზესი სანაპიროა ქვიშით, ქვებითა თუ ნიადაგით. ონსიზე ბევრი სალაშქრო ბილიკია და შესაძლებლობა გაქვთ იშვიათი სახეობის ჩიტებს დააკვირდეთ.
7. ელ ჰიერო/El Hierro
ეს კანარის კუნძულების ყველაზე პატარა წარმომადგენელია. მას მერიდიანის კუნძულსაც უწოდებდნენ, იმიტომ, რომ 1885 წლამდე ნულოვანი მერიდიანის ადგილად ითვლებოდა.
8. ფრაილის კუნძული/Isla de Fraile
ეს პატარა კუნძული კი მურსიას რეგიონს ეკუთვნის. ფრაილი დაცულ ტერიტორიადაა აღიარებული და ზღვის ბინადრების მრავალფეროვანი სახეობების თავშესაფარს წარმოადგენს.
9. ეს ვედრა/Es Vedrà
ეს ვედრა იბიცას მაგიური მეგობარია, მოცული მისტიკური ლეგენდებით. ამბობენ, რომ ეს კუნძული დედამიწის ყველაზე მაგნიტური ადგილია, ბერმუდას სამკუთხედის და ჩრდილოეთ პოლუსის შემდეგ. სხვები ამბობენ, რომ აქ ქალთევზები და წყლის ნიმფები ბინადრობდნენ ჰომეროსის ოდისეადან. ერთ-ერთი მეთევზის ნაამბობის მიხედვით, მან ეს ვედრაზე უცხოპლანეტელებიც კი შენიშნა. რაც არ უნდა დაიჯეროთ, ამ კუნძულს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
10. ლობოსის კუნძული/Isla de Lobos
კანარის არქიპელაგის ეს პატარა კუნძული ფუერტევენტურას სიახლოვეს მდებარეობს. მას “მგლების კუნძულსაც“ უწოდებდნენ, სელაპების, ე.წ. “ზღვის მგლების” სიმრავლის გამო. ლობოსზე ერთი ულამაზესი, თეთრი კოტეჯების დასახლებაა ელ პუერტიტო. აქ ალბათ, ლაშქრობა უფრო გაგიტაცებთ, ვიდრე სანაპიროზე წამოწოლა.
11. ა ილა დე არუსა/A Illa de Arousa
ესეც ჩვენი სიის ბოლო სამოთხის მსგავსი კუნძული, რომელიც გალისიის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. აქ 5000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ულამაზესი სანაპიროებითაა სავსე. ა ილა დე არუსა გემრიელი ზღვის პროდუქტებითაცაა ცნობილი.