პარიზი უდიდესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ცენტრია, ულევი არქიტექტურის და უკიდეგანო სიყვარულის შემცველი ქალაქი. საფრანგეთის დედაქალაქი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისათვის, მდებარეობს მდინარე სენაზე. პარიზში, სადაც უამრავი ცნობილი ღირსშესანიშნაობა ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლთა ისტორიისა და არქიტექტურის დაცვის ორგანიზაცია – იუნესკო.
ეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთლიანი ევროპისაც. ზუსტად ეს გახდა ქალაქის სიმბოლო. უსასრულო რიგების გავლის და საბოლოოდ ბოლო სართულზე ასვლის შემდეგ, შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი პანორამული ხედებით.
ნოტრ-დამი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ერთ-ერთი პირველი ტაძარია, რომელიც აშენდა გოთიკურ სტილში და შეცვალა რომაული არქიტექტურის მნიშვნელობა.
ტაძრის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და დასრულდა თითქმის ორი საუკუნის შემდეგ. ყველაზე გასაოცარი კი მისი გარე ფასადი, თაღი, პორტალები, სკულპტურებია, რომელიც მას ამშვენებს.
ლუვრი
ლუვრი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი მუზეუმია. პარიზის ცენტრში მდებარე ისტორიული ძეგლი წარმოადგენდა სამეფო რეზიდენციას 210 000 კვადრატული მეტრის ფართობით, რომელთაგან 60 600 გამოფენებისთვის იყო განკუთვნილი.
ლუვრის საფუძველში დევს სასახლე, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნეში, მისი ნარჩენები კი მუზეუმის ბოლო სართულზეც არის შემონახული. 1682 წელს მეფე ლიუდოვიკმა აირჩია ვერსალი მის რეზიდენციად და ლუვრისგან შექმნა ადგილი, სადაც წარდგენილი იყო სამეფო საგნების ყველაზე დიდი კოლექციები. ფრანგული რევოლუციის დროს კი ეროვნულმა ასამბლეამ გადაწყვიტა ლუვრისგან მუზეუმი შეექმნა.
ორსეს მუზეუმი
ორსეს მუზეუმი მე-19/მე-20 საუკუნის გასაოცარ კოლექციებს წარმოგვიდგენს, შექმნილს 1848-1914 წლებში. ეს მუზეუმი საუკეთესო ადგილია მთელს საფრანგეთში, რათა იმპრესიონისტების ხელოვნებით დატკბეთ. აქ იხილავთ, ვინსენტ ვან გოგის, ედგარ დეგას, მანეს, მონეს, რენუარის, სეზანის, ტულლუზ-ლოტრეკის და სხვების ნამუშევრებს.
მუზეუმს ასევე აქვს წიგნების და სუვენირების მაღაზია, კაფე და რესტორანი.
ელისეის მინდვრები და ტრიუმფალური თაღი
რომაული არქიტექტურის მოყვარული ნაპოლეონის თხოვნით შეიქმნა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მიძღვნილი იყო სამეფო ჯარების მრავალრიცხვოვანი გამარჯვებისათვის. ის მე-19 საუკუნეში იყო შექმნილი და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტად არის შემორჩენილი.
ტრიუმფალური თაღის ტერასიდან კი ულამაზესი ხედები იხსნება, მათ შორის ელისეის მინდვრებზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ავენიუდ არის წოდებული. ის 2 კმ-ის ფართობზე არის გადაჭიმული კონკორდის და ტრიუმფალური თაღის მოედნებს შორის.
კრუიზი მდინარე სენაზე
კრუიზის დროს შეგიძლიათ დატკბეთ პარიზის ისტორიული ძეგლებით, რომელიც გარდაიქმნება ყველანაირ ფერში მზის ჩასვლასთან ერთად. აქედან სულ სხვანაირია ეიფელის კოშკი, ალექსანდრეს ხიდი და მრავალი სხვა, უფრო ლამაზი და რომანტიული.
მონმარტი
მონმარტი წარმოადგენს ბორცვს 130 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც მდებარეობს პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს რაიონი ცნობილია საკრე-კერის ბაზილიკით, რომელიც 1919 წელს აშენდა და მიეძღვნა ჯარისკაცებს, რომლებიც 1870 წლის ომს ემსხვერპლნენ.
თუ ამ რაიონში გაისეირნებთ, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ ტერტრის მოედანს. აქ შეხვდებით უამრავ ხელოვანს, მხატვარს და არქიტექტორს, რომლებიც დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან და დაგიმეგობრდებიან. ტერტრის მოედანი დაგაბრუნებს თანამედროვე ხელოვნების ეპოქაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი მხატვრები, როგორიც არიან ამედეო მოდილიანი, კლოდ მონე, პაბლო პიკასო და ვინსენ ვან გოგი ზუსტად აქ მუშაობდნენ და სეირნობდნენ. ამ კვარტალში მდებარეობს ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის მუზეუმი, სადაც წარდგენილია მისი სკულპტურების და ნახატების დიდი კოლექციები.
ვერსალი
ვერსალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეფო რეზიდენციაა საფრანგეთში. ის სამეფო მნიშვნელობას და სიმდიდრეს ასახავს და წარმოადგენს შენობების, ბაღების და ტერასების უდიდეს კომპლექსს.
მულენ – რუჟი
მონმარტის რეგიონში მდებარე კაბარე მულენ რუჟი ცნობილია მთელს მსოფლიოში მისი ფრანგული კანკანის გამო. ის 1889 წელს აღორძინდა და დღესდღეობით წარმოადგენს ტურისტულ ადგილს და იწვევს ვიზიტორებს პარიზული შარმის სანახავად.
ოპერა გარნიე
პარიზის ეროვნული ოპერა ბაროკოს სტილშია შექმნილი და ის ნაპოლეონის იმპერიული რეჟიმის სიმბოლურ ძეგლს წარმოადგენს. ფასადზე არსებული 8 სკულპტურა ალეგორიულ ფიგურებს გამოხატავენ: პოეზიას, მუსიკას, სიმღერას, დრამას, ცეკვას, იდილიას და ვარჯიშს. თაღებში იხილავთ როსინის, ბეთჰოვენის და მოცარტის გამოსახულებებს. ცალკე აღნიშვნის ფაქტია პარიზის ოპერის შიდა სივრცე. მისი ჰოლი ნამდვილად მოგაჯადოვებთ.
აქ ხშირად ტარდება ღონისძიებები: ოპერა, საბალეტო სპექტაკლები, კლასიკური მუსიკის კონცერტები თუ გალა საღამოები. რომელიმე საღამოს აქ გატარება ნამდვილი პარიზული გამოცდილება იქნება. თუ ამას ვერ შეძლებთ, უბრალოდ დაათვალიერეთ ინტერიერი დღისით.
ლუქსემბურგის ბაღი
ეს პარიზის აუცილებლად მოსანახულებელი მწვანე სივრცეა, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდებოდა. ლუქსემბურგის სასახლე მაშინ დედოფალი მარიასთვის მეფე ჰენრი მეოთხემ ააგო. სასახლის გარშემო არსებული ბაღები ფლორენციის ბობოლის ბაღების მსგავსი უნდა ყოფილიყო. შადრევანთან არსებული სკამები ფოტოს გადასაღებად თუ მშვიდი დასვენებისთვის პოპულარული ადგილია.
შეგიძლიათ ოიწყოთ პიკნიკი, ითამაშოთ მაგიდის ჩოგბურთი ან ჭადრაკი. პატარებს საბავშვო სივრცე მოხიბლავთ, სადაც კარგად გართობას შეძლებენ.
პომპიდუს ცენტრი
ეს კულტურული ცენტრი თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. მისი ექსტერიერიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში 100 000-ზე მეტი ნამუშევარი ინახება. მათ შორის, პაბლო პიკასოს, მარკ შაგალის, პიერ მონდრიანის, პოლ კლეს, სალვადორ დალის, რენე მაგრიტის და ენდი უორჰოლის.
ცენტრს აქვს 3 წიგნის მაღაზია, კაფე და კრეატიული საჩუქრების მაღაზია. რესტორნის ტერასიდან ნოტრ-დამის, ეიფელის კოშკის და მონმარტრის ხედები იშლება.