სამხრეთ გერმანია – სახალისო ნაციონალური დღესასწაულების, ზღაპრული უძველესი და გერმანული შუასაუკუნეების ქალაქების, ფუტურისტული სოფლების, საოცარი სათხილამურო კურორტების, სასახლეების, უკიდეგანო ისტორიისა და კულტურის მხარეა. ის გარშემორტყმულია გრანდიოზული ბავარიის ალპებით და შემოსილია კრისტალურად სუფთა ალპიური ტბებით, რაც მას ქვეყნის საუკეთესო რეგიონად აქცევს.

მიუნხენი


ხმაურიანი ქალაქი მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. არ აქვს მნიშვნელობა თუ რითი ხართ დაინტერესებული: არქიტექტურით, ისტორიით, მოდით, ლიტერატურით, მუსიკით, ტრადიციული გერმანული სამზარეულოთი თუ ხელოვნებით, მიუნხენი ყველაფერს შემოგთავაზებთ. ის ასევე ცნობილია მხიარული ფესტივალებით, მათ შორის – ოქტობერფესტით. ასე რომ, სამხრეთ გერმანიის შესწავლა მიუნხენიდან უნდა დაიწყოთ, აქ ყველაფერია შერწყმული!

გარმიშ-პატერკინხენი


გრანდიოზულ ბავარიის ალპებზე მდებარე, სარკისებური ალპური ტბებით გარშემორტყმული გარმიშ-პატერკინხენი – სიურეალისტურ სილამაზეს წარმოგვიდგენს. ეს იდეალური მიმართულებაა ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და იმ მოგზაურებისათვის, რომლისთვისაც მთის პეიზაჟები, სუფთა ჰაერი და კულტურულ-ისტორიული ობიექტებია საინტერესო. ცუგშპიტცე, ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალი ამ პატარა ქალაქის თავზეა აღმართული და მოგზაურებს ულამაზესი პეიზაჟების სანახავად იზიდავს.

ლინდაუ

ლინდაუ ბოდენის ტბის სანაპიროზე მდებარე ზღაპრული ქალაქია. მის ჰორიზონტზე 33 მეტრი სიმაღლის შუქურა და ლომის სიმბოლო იწონებენ თავს, რომელიც თითქოს ამ საპორტო ქალაქის შესასვლელს იცავს. ლინდაუს ძველ ქალაქში შემობიჯებისას, მოემზადეთ შთამბეჭდავი სახლების, უდიდესი ქუჩების და საოცარი ისტორიული ბაროკოს, რენესანსისა და გოთიკური არქიტექტურის სანახავად.

შტუტგარტი


შტუტგარტი – იდეალურად დაგეგმარებული, ლამაზი ქალაქია, რომელიც მზადაა მის კულტურაში გამოგზაუროთ. ის ცნობილია სამხატვრო მუზეუმებითა და მსოფლიო დონის გალერეებით, ორი საოცარი ავტომობილის მუზეუმით (Porsche და Mercedes Benz) და რამოდენიმე საბავშვო გამოფენით. აქ ასევე ევროპაში ერთადერთი კომბინირებული ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი მდებარეობს სახელწოდებით ვილჰელმა (Wilhelma).

ჰაიდელბერგი


საუნივერსიტეტო ქალაქი ჰაიდელბერგი კულტურულ და ინტელექტუალურ ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ბევრი ცნობილი ავტორის ლიტერატურულ ნაწარმოებშიც არის მოხსენებული. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მე-13 საუკუნის გრანდიოზული ჰაიდელბერგის სასახლეა, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის საცავი მდებარეობს. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბევრი იშვიათი წიგნის საიდუმლო საცავს წარმოადგენს. ქალაქის ძველი ხიდი კი ალბათ ყველაზე ლამაზი ადგილია ფოტოების გადასაღებად და მოგონებების აღსაბეჭდად.

რეგენსბურგი


რეგენსბურგმა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტმა მშვენივრად შეინარჩუნა 1000-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომელთა უმრავლესობა რომაული პერიოდიდან მოდის. ისტორიულად ძველი ქალაქი დუნაის მდინარის ორივე მხარეს მდებარეობს, ამ მხარეების დამაკავშირებელი ძველი ქვის ხიდი კი ქალაქის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ფრაიბურგი


საუნივერსიტეტო ქალაქი ფრაიბურგი სხვა ქალაქებთან შედარებით ნაკლებად ტურისტული, მაგრამ არანაკლებ ლამაზია. ქალაქის პეიზაჟს ამშვენებს ფრაიბურგის ტაძარი, ახალი რატუშა, მარტინის ეკლესია, Haus zum Walfisch („ვეშაპის სახლი“) და Martinstor („მარტინის ჭიშკარი), ქუჩები კი იზიდავენ ტურისტების ყურადღებას მოზაიკური და ვიწრო ფორმების გამო.

როტენბურგ-ნა-ტაუბერე


პატარა ქალაქი როტენბურგ-ნა-ტაუბერე ცალსახად ბავარიის ყველაზე ლამაზი ადგილია. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ტერმინი „ზღაპრული ქალაქი“, მაგრამ როტენბურგ-ნა-ტაუბერეს აღწერა სხვაგვარად არც შეიძლება. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ გრანდიოზული ლაბირინთები, ფერადი სახლები ყვავილებით და ციცქნა მაღაზიები.

ფუსენი


იმის მიუხედავად, რომ მას ხშირად მხოლოდ ნოიშვანშტაინის სასახლით იცნობენ, თვითონ ქალაქს მაინც ბევრი აქვს თქვენთვის მოსაყოლი. ფუსენი, ცნობილი როგორც ვიოლინოს წარმოების ინდუსტრიის ადგილი, დიდებულ მთებსა და კრისტალურად სუფთა ტბებთან მდებარეობს, გერმანიის ცნობილი რომანტიული გზის გასწვრივ (Romantic Road). აქ ყველაფერი დაგავიწყდებათ, როგორც კი ლამაზ გერმანულ სახლებს იხილავთ.

ბამბერგი


ბამბერგი – ტიპური შუასაუკუნეების გერმანული ქალაქია, რომელიც ტურისტებს ისტორიული შარმისა და მისტიკის გამო იზიდავს. ბამბერგის ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს და მისი ლამაზი არქიტექტურის და კულტურის მრავალფეროვნებით ამაყობს. მისი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია: Altes Rathaus (“ძველი რატუშა“), ბამბერგის ტაძარი, ალტენბურგის სასახლე და პატარა ვენეცია (მდინარესთან მდებარე ოვალური ფერადი სახლების რაიონი).