ესპანეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამართული სარკინიგზო გზით გამოირჩევა. ერთ დღეს, შეგიძლიათ იხილოთ გაუდის არქიტექტურა ბარსელონაში, მეორე დღეს დაათვალიეროთ მადრიდის მუზეუმები, ხოლო მესამე დღის საღამოს სევილიაში ფლამენკოს შოუს დაესწროთ. ამასთან, აქ ბიუჯეტური მატარებლის ხაზები ფუნქციონირებენ. ათასობით გაჩერების და კომფორტული სამგზავრო გამოცდილების შედეგად, ესპანეთში მატარებლით გადაადგილება სტრესული სულაც არაა.
ბრწყინვალე მატარებლის სერვისები
მატარებლით ესპანეთის ყველა კუთხეში მოხვდებით, ხოლო იმ წერტილებში, სადაც მატარებელი ფიზიკურად ვერ მიდის, დანიშნულების ადგილამდე ავტობუსები მიგიყვანთ. 1 საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში, მოქმედებს კომპენსაცია. Renfe – ესპანეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანიაა, Iryo და Ouigo უფრო დაბალი ფასებით ოპერირებენ. ესპანეთში ძირითადად სამი კატეგორიაა: მაღალ-ჩქაროსნული დიდ დისტანციებზე, რომლებიც მადრიდს სხვა დიდ ქალაქებთან აკავშირებენ; საშუალო დისტანციის სერვისები და ნელი მატარებლები ვიწრო, ფოტოგენურ გზებზე.

შემოთავაზებულია ტურისტული მატარებლები
სტანდარტული სერვისების გარდა, ესპანეთი “ტურისტულ მატარებლებს” გვთავაზობს. ეს სეზონური, პატარა გზებზე გათვლილი მატარებლებია.
საერთაშორისო რკინიგზა ლიმიტირებულია
ესპანეთს თავის საზღვრებში მოწესრიგებული და ყოვლისმომცველი სარკინიგზო სისტემა აქვს, მაგრამ საერთაშორისო მიმართულებით, სიტუაცია განსხვავებულია. ასევე, კანარის კუნძულებზე საერთოდ არ არიან მატარებლები, მხოლოდ მალიორკას და ბალეარის კუნძულებს აქვთ ლიმიტირებული სარკინიგზო ხაზები. ესპანეთიდან საფრანგეთში მგზავრობა შესაძლებელია რენფეს მატარებლების საშუალებით, რომლებიც მარსელს და ლიონს უკავშირდებიან. ფასების ღირებულება იწყება 29 ევროდან. ასევე, არის ერთი სარკინიგზო ხაზი პორტუგალიისკენ.

დაჯავშნეთ წინასწარ ფულის დასაზოგად და გარანტირებული ადგილისთვის
გირჩევთ ადგილის ნაადრევად დაჯავშნას თუ აქ მატარებლით მგზავრობას აპირებთ. მადრიდსა და ბარსელონას შორის სტანდარტული ბილეთის ფასი 20 ევროდან იწყება. ერთი და იგივე დღის ბილეთი ხანდახან 10-ჯერ ძვირი ღირს თუ წინასწარ არ დაჯავშნით. ბილეთები შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან იქონიოთ QR კოდი ტელეფონში.
შესაძლო გარემოებები ფასდაკლებისთვის:
- პატარა ჯგუფი: როცა 4 ან მეტი ადამიანი ყიდულობს ბილეთს
- 60 წლის ზევით ადამიანები
- 25 წლამდე ახალგაზრდები სტუდენტის სტატუსით
- ბავშვები

მატარებელი აქ ყველაზე სწრაფი და ბიუჯეტური ტრანსპორტია
ესპანეთში მატარებელი უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე თვითმფრინავი. მაგალითად, მადრიდიდან ბარსელონაში ფრენას 1.15 სთ სჭირდება, მატარებელს 2.15 სთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტში შემოწმებას და პროცედურებს გავდივართ, დახარჯული დრო ერთმანეთს უტოლდება. მანქანის ქირაობის შემთხვევაშიც, მეტი დრო და თანხა დაგეხარჯებათ.

საუკეთესო მატარებლის მარშრუტები ფოტოგენური ხედებით
სანტანდერიდან ოვიედოსკენ: ბილეთის ღირებულებაა – €16.35. აქ ადგილების შერჩევა არ ხდება, ამიტომაც შეგიძლიათ მგზავრობის სხვადასხვა დროს ფანჯრის სხვადასხვა მხარეს გადაჯდეთ. დაათვალიერებთ “ესპანურ დოლომიტებს” კანტაბრიის მთებს.
ბარსელონადან კორუნამდე: ეს ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სარკინიგზო გზაა, რომელიც 14 საათს გრძელდება. შეიძინეთ ფანჯრის ადგილი, იდეალური იქნება მარჯვენა მხარე.
გრანადადან ალმერიამდე: მოიტოვეთ საოცარი მავრიტანული ალმერია უკან და გადაკვეთეთ დასავლეთ ანდალუსია ალმერიამდე.
პალმა დე მალიორკადან სოლერამდე: გაივლით მთებს, გვირაბებს და ციტრუსის ხეებს. ყველა ადგილი მშვენივრად დაგათვალიერებინებთ არემარეს.

რჩევები მატარებლის სადგურებისთვის
დიდი ქალაქების უმეტესობას რამდენიმე მატარებლის სადგური აქვს, ამიტომაც მიაქციეთ ყურადღება საიდან გადის თქვენი მატარებელი. ასევე, წინასწარ ნახეთ დისტანცია ქალაქის ცენტრამდე. ზოგიერთი მათგანი 15 კილომეტრითაა დაშორებული ძველ უბანს. ესპანეთის უდიდესი სადგურები, ბარსელონასა და მადრიდში შესაძლოა დამაბნეველი იყოს, ამიტომაც არ მოგერიდოთ კითხვების დასმა საინფორმაციოში. დიდ სადგურებში კაფეები და საკვები კიოსკები დაგხვდებათ.










