აღმოაჩინეთ მალიორკას სილამაზე. ეს ხმელთაშუაზღვის კუნძული იბიცასთან მდებარეობს. აქ კლდეები, გამოქვაბულები, მომხიბვლელი მთის სოფლები და ქალაქებია. მალიორკა მის ყველა კუთხეში გაგაკვირვებთ. ის ესპანეთის უდიდესი კუნძულია და მისი უნიკალურობით ცნობილ მსახიობებს და არტისტებსაც იზიდავს. აღმოაჩინეთ საუკეთესო აქტივობები და ადგილები შენს მეგზურთან ერთად:

1. ვალდემოსას სოფელი

ტრამუნტას მთებში ჩამალული ეს ფოტოგენური სოფელი ვალდემოსა სიმწვანეში ჩაძირული ქვის კოტეჯებით გამოირჩევა. სადაც არ უნდა გაიხედოთ, აქ ყველგან ულამაზესი ხედია. შეჩერდით ყავაზე ბარბაფლორიდას კაფეში ან ისადილეთ ძველ მანქანების ავტოფარეხში, სადაც დღეს რესტორანია გახსნილი სახელად: Es Taller.

2. ალფაბიას ბაღები

Jardins d’Alfàbia – ულამაზესი ბოტანიკური ბაღებია ტიპური მალორკული ატმოსფეროთი, სადაც სხვადასხვა არქიტექტურული დეტალები იყრის თავს, მათ შორის ბაროკო, გოთიკა, არაბული და ინგლისური. ბაღები თვალწარმტაცია შადრევნებით, წყლის ლილიებით და ხეებით ჩამწკრივებული ხეივნებით. შესვლის ღირებულებაა 9 ევრო. ღიაა დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 7-ის ნახევრამდე. სოლერიდან აქ ძველი ვინტაჟური ტრამვაით მოხვდებით.

3. გაყევით მატარებელს და ტრამვაის პალმადან სოლერამდე

მალიორკაში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა ულამაზესი ქალაქის, სოლერის (Soller) მონახულებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მასთან მისასვლელი გზა. დასხედით საუკუნის მატარებელში ხის ვაგონებით. გზად ნახავთ მთებს, ტრადიციულ მალიორკულ სოფლებს და ზეთისხილის ხეებს. პალმადან სოლერამდე ვინტაჟურ მატარებელს 1 სთ სჭირდება. შემდეგ გაყევით ტრამვაის პუერტო დე სოლერამდე. სოლერი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ქალაქი და პორტი, რომელიც ტრამვაით 15 წუთის გზაზე მდებარეობს. გზად ისევ უმშვენიერესი ხედები გელით. ბილეთის ფასია 8 ევრო.

4. დეია

აღმოაჩინეთ რომანტიკული სოფელი დეია, რომელიც კლდეებსა და ტრამუნტას მთებს შორის მდებარეობს. ეს ერთ დროს ცნობილი ქალაქი პოპულარული იყო მუსიკოსებში, პოეტებსა და არტისტებში. მისი ძველებური შარმი, მშვიდი ქუჩები კვიპაროსებით და ტრადიციული სახლებით აუცილებლად მოგხიბლავთ. მიირთვით მალორკული დესერტი ენსაიმადა და გადმოხედეთ ქალაქს ზეთისხილის ტერასებიდან.

5. კალა პი

Cala Pi – პატარა სამოთხეა, ქვიშიანი ხელშეუხებელი ნაპირებით. ის ორ კლდეს შორის, ფიჭვის ხეებში მდებარეობს და კუნძულზე წყლის სისუფთავით გამორჩეული ადგილია. 

6. პალმა დე მალიორკა

მალიორკაზე მოგზაურობა სრულყოფილი ვერ იქნება თუ დროს მის დედაქალაქში, პალმაზე არ გაატარებთ. ეს საოცარი სანაპირო ქალაქი კოსმოპოლიტურ და ტრადიციულ შარმს აერთიანებს. გაისეირნებთ ბულვარებში, ქვაფენილია ქუჩებში, სასახლეებსა და ეკლესიებს შორის და შეიგრძნობთ მდიდრულ კონტრასტს. მოინახულეთ ალმუდანიას სასახლე და დატკბით ხედებით პალმაზე. შეგიძლიათ შეუერთდეთ ნავის ტურებს სანაპიროზე და არემარე წყლიდანაც დაათვალიეროთ.

7. კალა დელ მორო

Cala del Moro – მალიორკას ტოპ ადგილია. მისი სანაპირო კუნძულზე ერთ-ერთი საუცხოო და საუკეთესო ნაპირია. აუცილებლად ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი.

8. სანტანის ბაზრობა

Santanyí Market – ერთ-ერთი საუკეთესო ფერადი ადგილია მალიორკაზე, სადაც ასობით დახლზე მრავალფეროვანი პროდუქცია დაგხვდებათ. ბაზრობა იმართება ოთხშაბათს და შაბათს დილის 9 საათიდან შუადღის 2 საათამდე. შეიძენთ საკვებს, სამოსს, ხელნაკეთ ნივთებს.

9. სოფელი პოლენკა

Pollença Village – მომხიბვლელი სოფელია მალიორკას ჩრდილოეთით ქვის სახლებით, რომლებიც მთებითაა გარშემორტყმული. მის ქუჩებში რამდენიმე საათს თავისუფლად გაატარებთ, მოივლით მაღაზიებს, ისტორიულ ძეგლებს და რომანტიკულ რესტორნებს.

10. ქეფ დე ფორმენტორი

Cap de Formentor – ეს ზღვასთან კლდეზე გამოჭიმული შუქურა მთელი კუნძულის დამაგვირგვინებელი მარგალიტია. მასთან მისასვლელი გზა ისეთივე ლამაზია, როგორც ხედი მისგან. თუ მზის ჩასვლისას ეწვევით, განსაკუთრებით ისიამოვნებთ. მასზე ასასვლელად შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა ან სკუტერი. თუმცა, დადის 334 ნომერი ავტობუსიც პოლენკადან. შეგიძლიათ მიხვიდეთ ნავით და ბორნებითაც.

11. დაისვენეთ კალა ლომბარდის სანაპიროზე

Cala Llombards – ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი სანაპიროა მალიორკაზე. აქ მშვიდი სუფთა წყალი, ფიჭვის ხეები და პატარა ფარული გამოქვაბულებია. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში ძალიან დატვირთულია.

12. დელ დრაჩის გამოქვაბულები

Coves del Drach – არ გამოტოვოთ ექსტრაორდინალური აქტივობა მალიორკაზე. ეწვიეთ ამ უზარმაზარ მიწისქვეშა გამოქვაბულებს, რომელთა სიღრმე 25 მეტრამდე აღწევს. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს პალმადან. მოინახულებთ ულამაზეს სტალაქტიდებს და სტალაგმიტებს. ბილეთის ღირებულებაა 17 ევრო. იყავით მზად რიგებისთვის.

13. მონდრაგოს ეროვნული პარკი

Mondrago Natural Park – გასაოცარ ბუნებას წარმოგვიდგენს და თითქოს გვწყვეტს კუნძულის დატვირთული სანაპიროებიდან. დაათვალიერეთ ნაკრძალი, გაისეირნეთ მის ბილიკებზე, დაისვენეთ თეთრ ქვიშიან ნაპირებზე. პარკის მონახულება უფასოა.

14. ნოვას ეკლესია

ეს უჩვეულო გოთიკური ტაძარი მალიორკას მარშრუტში აუცილებლად უნდა შეიყვანოთ. უნიკალური და საოცრად ატმოსფერული ნოვას მშენებლობა თავის დროზე ეკონომიკური პრობლემების გამო ვერ დასრულეს. ეკლესია სოფელ სონ სერვერაში მდებარეობს, მთავარ მოედანთან. ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის ორამდე შაბათის გარდა. შეგიძლიათ მოინახულოთ დელ დრაჩის გამოქვაბულებთან ერთად.

15. ეწვიეთ კალა ფიგუერას

Cala Figuera სხვა სანაპირო ქალაქებისგან განსხვავებით სათევზაო სოფლის ატმოსფეროს ინარჩუნებს. მის ნავსადგურში მეთევზეები იყრიან თავს და დაათვალიერებთ მათ ნავებსაც. შეიგრძენით ძველებური კუნძულის ცხოვრება. დასხედით კაფის ტერასებზე, რომლებიც ზღვას გადაჰყურებენ.

16. ლაშქრობა

მალიორკაზე ლაშქრობა პოპულარული აქტივობაა. აქ ფეხითაც დაუვიწყარი მოგზაურობა გელით ბუნების სილამაზეებში. რაც მთავარია ეს აქტივობა მთელი წელია შესაძლებელი. ცნობილი სალაშქრო ბილიკებია:

  • Cala Pi to Beltran (მარტივი): 1-სთ ზღვის ხედებით.
  • Santuario de Lluc (საშუალო): 1-2 სთ მონასტრის გავლით. 
  • Valldemossa to Deia (რთული): 5-სთ ორი სოფლის გავლით.
  • Tossals Verds Loop Trail (რთული): 4.5-სთ მთებში.