ყველა დიდი ევროპული დედაქალაქის მსგავსად, რომიც ცნობილი ტურისტული მიმართულებაა და ძვირი ჯდება, მაგრამ არსებობს ხრიკები, რომელთა მეშვეობითაც ფულს დაზოგავთ და აქ სასიამოვნო დროს გაატარებთ. აღსანიშნავია, რომ რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფია და ყველგან მიგიყვანთ. ქალაქის გამოსაკვლევად ფეხით სიარულიც მშვენიერი არჩევანია. ადგილობრივების მსგავსად კვებაც ბევრად იაფად გამოგიყვანთ. ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა კიდევ უფასოა. მოკლედ, ჩვენ იტალიის დედაქალაქის ბიუჯეტურად მონახულებას ამ საშუალებებით გირჩევთ:

1. დაზოგეთ ფული აეროპორტიდან ქალაქამდე

რომის ლეონარდო დავინჩის აეროპორტი ძალიან კარგადაა დაკავშირებული ქალაქთან ხშირი და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რომის ჩამპინოშიც რამდენიმე ავტობუსის ხაზია.

2. ისარგებლეთ მატარებლით

იტალიის რკინიგზა ძალიან განვითარებულია და იაფ მგზავრობას გვთავაზობს. ამავდროულად ისინი სწრაფიცაა. მაგალითად მილანიდან რომში სულ რაღაც 3 საათში მოხვდებით. მატარებლებით იაფად იმგზავრებთ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც: ავსტრიასა და გერმანიაში.

3. ეცადეთ იმოგზაუროთ მაშინ, როცა სეზონი არაა

ვიზიტორები რომაულ არდადეგებს ძირითადად აგვისტოში იწყობენ. ამიტომაც, ეს თვე სხვა თვეებთან შედარებით იაფი ნამდვილად არ არის, რადგანაც ფასები მკვეთრად იზრდება. საუკეთესო არჩევანია მარტიდან მაისამდე ან სექტემბერი-ოქტომბერი. ამ თვეებში კარგი ამინდი და შედარებით ცოტა ხალხია.

4. დაჯავშნეთ საცხოვრებელი ადრევე

რაც უფრო ცოტა დროა დარჩენილი თქვენს მოგზაურობამდე, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ სასტუმროს დაჯავშნა. შენი მეგზური მუდამ იზრუნებს შემოგთავაზოთ საუკეთესო ვარიანტები, თუმცა სჯობს მოგვმართოთ ადრევე.

5. მოერიდეთ ცენტრო სტორიკოს

რომის ტურისტული გული – ცენტრო სტორიკო: პანთეონით, პიაცა ნავონათი და სხვა ძეგლებით, ყველაზე დატვირთულია. ერიდეთ აქ დარჩენას და ჭამას. მეტი ყურადღება დაუთმეთ: ტრასტევერეს (Trastevere), ჯიანკოლოს (Giancolo), ტრიდენტეს (Tridente), ლუდოვისის (Ludovisi), ავენტინოს (Aventino), ტესტაჩიოს (Testaccio) და ბორგოს (Borgo). ისინი ახლოს არიან ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან და ბევრად ბიუჯეტურ დასვენებას გპირდებიან.

 6. იარეთ ფეხით

დაათვალიერეთ რომი ფეხით. ქვაფენილიანი ქუჩები ანტიკურ მონუმენტებს აღმოგაჩენინებენ, უძველეს ეკლესიებს, მყუდრო კაფეებს, პარკებს და ბევრ სიურპრიზს გპირდებიან.

7. ან იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

რომის მეტრო, ტრამვაები და ავტობუსები რომში მოხერხებული და იაფი სისტემაა. ერთი მგზავრობის ფასია – €1.50, ხოლო ულიმიტო მგზავრობა 1 დღით €7 ჯდება, 3 დღით კი – €18.

8. მიირთვით ქუჩაში

რომი მსოფლიოში საუკეთესო ქუჩის კვებით იკვეხნის. აქ გემრიელ პიცის ნაჭრებს იაფად დააგემოვნებთ. საკვები დახლები ხილს და ბოსტნეულს, ყველს, სენდვიჩებს და სხვა მზა საჭმელს გთავაზობენ. აქაც გირჩევთ, მოერიდოთ ცენტრო სტორიკოს უბანს.

9. მაგიდის წესი

თუ რომელიმე რომის კაფეში ყავის თანხლებით გსურთ დასვენება, კითხვა, ხალხის თვალიერება, აირჩიეთ სასურველი მაგიდა. მაგრამ, თუ ჩქარობთ და თანხის დაზოგვა გსურთ, ბართან ფეხზე დადექით და ისე მიირთვით, რადგანაც მაგიდას დამატებითი მოსაკრებელი ემატება.

10. მიირთვით საჭმელიც სასმელის შეკვეთისას

რომის ბარებში სასმლის შეკვეთისას, რომელიც დაახლოებით €10 ღირს, გარკვეული მისაყოლებელი უფასოდ გეკუთვნით. ბევრ კაფე-ბარს აქვს სპეციალური სნექები და კერძებიც კი, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ მოყვეს თქვენს სასმელს.

11. წადით ეკლესიაში

რომში ათასობით ეკლესიაა და ბევრ მათგანში გასაოცარი სანაობა გელით: ხელოვნების ნიმუშები, არქიტექტურული საოცრებები, შედევრი სკულპტურები… ყველა მათგანის დათვალიერება უფასოა. მაგალითად, Chiesa di San Luigi dei Francesi-ში კარავაჯოს ნახატები ინახება.

12. შეიძინეთ: Roma Pass

თუ რამდენიმე ღირსშენიშნაობის მონახულებას აპირებთ, რომის ტურისტული ბარათი ბიუჯეტური ვარიანტია. ის უფასო შესვლას გვთავაზობს ერთ ან ორ დიდ კულტურულ ძეგლში და ფასდაკლებებს სხვებში. დაითვალეთ ხარჯები ცალკე მონახულებისას და გადაწყვიტეთ. 48 საათიანი Roma Pass €32, ხოლო 72 საათიანი €52 ღირს.

13. დატკბით რომზე დაკვირვებით

პიაცებზე უბრალოდ სხდომა ან ნელი სეირნობა და ხალხზე დაკვირვება ნამდვილი რომაული გამოცდილებაა. ეწვიეთ ნავონას პიაცას, კამპო დე ფიორის, პიაცა დელ პოპოლოს და ტრასტევერეს სხვა მოედნებს.

14. იხილეთ მონუმენტები

რომის პანთეონი, ტრევის შადრევანი და პიაცა ნავონა, მსოფლიო დონის მონუმენტებია, რომლებსაც უფასოდ იხილავთ. საუკუნოვანი ისტორიით და კულუტურული მნიშვნელობით, პანთეონი მათგან მთავარი სენსაციური უფასო ღირსშესანიშნაობაა. არქეოლოგიური ნანგრევები კი მთელ რომშია გაბნეული.

15. გაითვალისწინეთ უფასო დღეები

პოპულარული და ძვირადღირებული მუზეუმებიც კი გვთავაზობენ უფასო დღეებს. მოინახულეთ სიქსტის კაპელა უფასოდ ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს. ყოველი თვის პირველ კვირა დღეს კი უფასოდ კოლიზეუმს, რომაულ ფორუმს და პალატინო გრატისს იხილავთ. სეზონზე პოპულარული მუზეუმები ღამის საათებს გვთავაზობენ ნაკლები ღირებულებით.