ბარსელონას საოცარი ხიბლი მოგზაურებს შთაგონებას აძლევს დაუსრულებლად იხეტიალონ მის უბნებში. ოქროსფერი ქვიშის სანაპიროებით დაწყებული შოპინგ-გამზირებით დამთავრებული, ესპანეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქის გამოკვლევა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვანიჭებს. ერთ უბანში აღმოაჩენთ ანტონიო გაუდის შედევრებს, მეორეში რამბლას, მესამეში საუკუნოვან მაღაზიებს, მეოთხეში კი გემრიელად მიირთმევთ. ჩვენ ბარსელონას საუკეთესო უბნებს გირჩევთ:
Gràcia/გრასია
ერთ დროს ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტი იყო, ბარსელონასთან გაერთიანების შემდეგ კი ერთ-ერთ საუკეთესო უბნად იქცა ადგილობრივი დიზაინის ნივთებით, იაპონური საკონდიტროებით და ტრენდული ადგილებით. ორგანული კვების ობიექტების და იოგას სტუდიების მიღმა, აქ ტრადიციულ კატალონურ კულტურასაც გაეცნობით. პოპულარული ღონისძიებები ამ უბანში ხშირად ტარდება. დღისით გრასიას მოედნები ბაზრობის დახლებით ივსება, საღამოს კი აქ ადგილობრივები იკრიბებიან და განტვირთვას ცდილობენ. ყველანაირი ტიპის ბარ-რესტორნები დიდ მრავალფეროვნებას ქმნიან და განსაკუთრებულ ატმოსფეროში გვძირავენ. აქ ნახავთ ანტონიო გაუდის არქიტექტურულ ნამუშევრებსაც. გაისეირნეთ გუელის პარკში.
Barceloneta/ბარსელონეტა
ეს საუკეთესო უბანია სანაპიროებისთვის, დასასვენებელი ადგილი მთელი წლის მანძილზე. ბარსელონეტა ანუ “პატარა ბარსელონა” ტრადიციული სათევზაო უბანია, რომელიც მე-18 საუკუნეში დაარსდა და მოგვიანებით ნავსადგურის ზრდასთან ერთად, ინდუსტრიულ არეალად იქცა. გაისეირნეთ მის ისტორიულ წვრილ ქუჩებში. ფასადებს უნიკალური ხასიათი აქვთ შენარჩუნებული. აქ ბარების და კლუბების დიდი არჩევანია. ბავშვებს მოეწონებათ აკვარიუმიც.
El Born/ელ ბორნი
ელ ბორნი გრასიას უბანს ყველაზე ტრენდული უბნის სახელწოდებაში ეცილება. ის საუკეთესოა ღირსშესანიშნაობებისთვის, კონცეპტ-მაღაზიებისთვის, არტ-სტუდიებისთვის და საერთაშორისო ატმოსფეროსთვის. ელ ბორნი ბარსელონას უძველესი უბანია დამოუკიდებელი ხელოვნების გალერეებით. მოინახულეთ საუკუნოვანი მაღაზიები, სანტა მარია დელ მარის ბაზილიკა და ფილარმონია. აქ შეგხვდებათ როგორც ძვირადღირებული, ასევე ბიუჯეტური და სწრაფი კვების ობიექტები. ელ ბორნი დასარჩენად საუკეთესო ლოკაციად ითვლება, რადგანაც ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს ბარსელონას მთავარი ძეგლები.
L’Eixample/აიშამპლი
ეს უბანი საუკეთესოა გაუდის არქიტექტურისთვის. ის აშენდა მე-19 და მე-20 საუკუნეებს შორის იმ მიზნით, რომ ბარსელონას ძველი ქალაქის მიღმა ქალაქის გაფართოება უზრუნველყოთ. მის ქუჩებში ნავიგაცია მარტივია. აიშამპლის მთავარი გამზირზე (Passeig de Gràcia) ნახავთ გაუდის გამორჩეულ შენობებს: La Pedrera და Casa Batlló. გამზირის მარჯვენა ნაწილშია გაუდის დაუსრულებელი შედევრი – საგრადა ფამილიაც, იუნესკოს დაცული ძეგლი.
El Raval/ელ რავალი
ეს ბარსელონას ყველაზე ცოცხალი უბანია, სადაც მუდამ რაღაც ხდება. ძველი ქალაქის ამ ნაწილში ბევრი ბარი მდებარეობს და ღამის ცხოვრებაც ყვავის. აქ ნახავთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და ყველაზე დატვირთულ ადგილობრივ ბაზარს ბარსელონაში (Mercat de la Boqueria). ელ რავალი ბარსელონას მულტიკულტურული უბანია, დიდი კონტრასტებით.
Barri Gòtic/ბარი გოთიკი
ეს ისტორიული შენობების და ახალი ბარების უბანია, სადაც ნაგებობების უმეტესობა ნეო-გოთიკურ სტილშია აგებული, მე-19 საუკუნის მასიური განახლების პროექტის კვალდაკვალ. ორიგინალი არქიტექტურის უბადლო ნიმუშია კათედრალის და იოჯა დე მარის ინტერიერები (La Catedral & La Llotja de Mar). მათ ვისაც ისტორია უყვარს, ბარსელონას ეს უბანი აუცილებლად უნდა მოინახულოს. აღმოაჩინეთ ახალი ბარები დამალული მის ისტორიულ მოედნებზე მაშინ, როცა ვიწრო ხეივნებში ისეირნებთ. ქალაქის ცენტრში მდებარე ეს უბანი ფეხით სავალ დისტანციაზეა ღირსშესანიშნაობებთან.