გოთიკური და მოდერნისტული არქიტექტურა, გემრიელი საჭმელი, ღამის კლუბები – ბარსელონას ცოცხალი კულტურა ნამდვილად არ მოგაწყენთ. თუ ამ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დღით ხართ, მაქსიმალურად უნდა დაორგანიზდეთ. ჩვენ ამაში დაგეხმარებით.

დღე 1

დილა

დაიწყეთ დილა წახემსებით, მაგალითად ესპანური დესერტით – ჩუროსით, იქამდე, სანამ გოთიკურ კვარტალს გამოიკვლევთ. ქალაქის ძველი ნაწილის ეს არეალი შუასაუკუნოვან შენობებს აერთიანებს. ჩაიძირეთ ანტიკური ესპანეთის ხასიათის ქუჩებში.

შუადღე

როცა საქმე ლანჩს ეხება, ყველაზე ეკონომიკური და ავთენტური გზაა აირჩოთ მენიუ del dia, რომლის ფასიც 10-დან 15 ევრომდე მერყეობს. The Nou Celler ტრადიციულ კატალონიურ სამზარეულოს გთავაზობთ, La Esquina კი თანამედროვე მენიუს.

ლანჩის შემდეგ, გაუყევით El Born-ს, ძველი ქალაქის ბოჰემურ ნაწილს. აქ ბევრ ბუტიკს და ხელნაკეთ მაღაზიას იხილავთ, ადგილობრივი დიზაინერების ორიგინალ სამკაულებს, კერამიკას და ხელით დამზადებულ ტყავის ნივთებს.

საღამო

დაბინდებისას ქალაქი სრულიად სხვა ხიბლს იძენს, რადგანაც ბარსელონაში ღამის ცხოვრება ყვავის. El Raval-ში დიჯეების წვეულებები დაგხვდებათ ღია ტერასებზე და ამ უბანში ნამდვილად კარგ დროს გაატარებთ.

ალტერნატიულ გზად გთავაზობთ Poble Sec-ს, ადგილს სადაც კულინარია ყვავის და რამდენიმე რესტორანი საუკეთესო ესპანურ საჭმელს ამზადებს. მიირთვით კოქტეილი და მოუსმინეთ ლაივ მუსიკას ან უყურეთ ფლამენკოს ცეკვას Robadors 23-ში.

დღე 2

დილა

ეწვიეთ ბარსელონას ცნობილ ჯანსაღი კვების ბაზრობებს: La Boqueria-ს, Mercat de Santa Caterina-ს ან Mercat de Sant Antoni-ს.

ხილ-ბოსტნეულის გაყიდვასთან ერთად, აქ ტურისტებისთვის ჯანსაღ სალათებს და წვენებს ამზადებენ. დაუჭირეთ მხარი ადგილობრივ წარმოებას და გაიყოლეთ ნებისმიერი რამ, რაც მოგწონთ. აქ ზღვის პროდუქტები და ხორციც კი საუკეთესოდაა შეფუთული და დაცული.

შუადღე

სერიოზულად დაკავდით ქალაქის არქიტექტურით. გააჩნია ამინდს და თქვენს მზაობას თუ რამდენ ხანს გსურთ სიარული. ეწვიეთ საგრადა ფამილიას ან გუელის პარკს – ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შედევრებს. შეიძინეთ ბილეთები ონლაინ და რიგს თავს დააღწევთ.

საღამო

ეწვიეთ Palau de la Música Catalana – ბარსელონას მორიგ არქიტექტურულ საოცრებას ცოცხალი პერფორმანსებისთვის. ამ საკონცერტო დარბაზში ოპერის, კლასიკური ცეკვის და ფლამენკოს დღეები იმართება და ის ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური დაწესებულებაა.

დღე 3

დილა

დაიწყეთ დღე გამაჯანსაღებელი სეირნობით Montjuïc-ის ბაღში, სადაც გასაოცრად ლამაზი ადგილები დაგხვდებათ.

შემდეგ გადაინაცვლეთ Fundació Joan Miró-სთან, ამ მუზეუმში ცნობილი არტისტის, ჯოან მიროს ნამუშევრები ინახება. აქვეა თანამედროვე ევროპული ხელოვნების სივრცე.

შუადღე

ლანჩისთვის ეწვიეთ ნებისმიერ ბარ-რესტორანს და დააგემოვნეთ პაელა. Martinez საუკეთესო პაელას შემოთავაზებასთან ერთად, ქალაქზე საუცხოო ხედსაც გპირდებათ.

ლანჩის შემდეგ, ეწვიეთ ბარცელონეტას და გააგრძელეთ დღე სანაპიროზე სეირნობით. ზღვით მონაბერი ჰაერის შეგრძნებისა და ტალღების ხმაურის მოსმენის შემდეგ, დააგემოვნეთ კოქტეილი ან რაიმე გემრიელი სასმელი იქვე მდებარე კაფეებში.

საღამო

ეწვიეთ ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (MACBA). 1-2 საათით ჩაიძირეთ ხელოვნებაში და დაასრულეთ დღე მუზეუმის ბარში ვახშმით. ის შუაღამემდეა ღია და ქალაქის დატოვებამდე გემრიელ წახემსებას გთავაზობთ.

უკანა გზაზე დააკვირდით სკეიტბორდით მოსრიალე ახალგაზრდებს, რომლებიც ბარსელონას დიადი არქიტექტურის ფონზე შთამბეჭდავ ილეთებს აკეთებენ.

საუკეთესო ერთდღიანი ტურები ბარსელონადან ნავით