ნორმანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ახალდაჭერილი ხამანწკების დაგემოვნება, ბორდოში გამორჩეული ღვინოების გასინჯვა თუ პარიზის შთამბეჭდავ ქუჩებში ხეტიალი: შენი მეგზური სიამოვნებით დაგიგემავთ თქვენს საოცნებო ფრანგულ მოგზაურობას. გსურთ მოინახულოთ საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ადგილები თუ აღმოაჩინოთ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ განსაკუთრებული კუთხეები? ამ ბლოგში განხილული მარშრუტები მთელ ქვეყანას მოგატარებთ. თითოეული მათგანი შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს დროს, ინტერესებსა და მოგზაურობის ტემპს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, მატარებლით მგზავრობა ავტომობილის ქირაობასთანაც დააკავშიროთ. მარშრუტები მოიცავს როგორც სამდღიან მოგზაურობას, ასევე ცხრადღიან ტურს, რომელიც საფრანგეთის მრავალ გამორჩეულ ადგილს აერთიანებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი დღეები სხვადასხვა გაჩერებაზე ან რამდენიმე მარშრუტი გააერთიანოთ, რათა თქვენი იდეალური მოგზაურობა შექმნათ.

აი, ხუთი დაუვიწყარი მარშრუტი საფრანგეთში საოცარი თავგადასავლისთვის.

1. საფრანგეთის ყველაზე საკულტო ადგილები

ხანგრძლივობა: 9 დღე
დისტანცია: 1200კმ
ტრანსპორტი: მატარებელი და მანქანა

თუ ყოველთვის ოცნებობდით საფრანგეთის საუკეთესო ადგილების ნახვაზე, ეს შთამბეჭდავი მარშრუტი თქვენთვისაა. აქ დაგხვდებათ მსოფლიო დონის მუზეუმები და შატოები, რომაული ეპოქის ძეგლები და ზღვისპირა ქალაქების ენერგიული ატმოსფერო. თუ მეტი დრო გაქვთ, თითოეულ გაჩერებაზე რამდენიმე დამატებითი დღის გატარებაც ნამდვილად ღირს.

პარიზი (2 დღე)

ეიფელის კოშკიდან გადაშლილი ქალაქის ხედი, განსაკუთრებით ღამით, დაუვიწყარია იმ დედაქალაქთან შესახვედრად, რომელიც არასოდეს კარგავს ხიბლს. არ გამოტოვოთ არც ვერსალის სასახლის ბრწყინვალება. ასევე აუცილებლად მოიტოვეთ დრო კაფეებში დასვენებისთვის, ბისტროებში სადილობისთვის და სენას სანაპიროზე სასეირნოდ.

შემდეგი გაჩერება: პარიზიდან ბლუაში მატარებლით მგზავრობა (1.5 საათი).

ბლუა (1 დღე)

პატარა ქალაქ ბლუაში ფრანგული ისტორიის ოთხი საუკუნე ცოცხლდება. ის ოდესღაც ძლევამოსილი გრაფების ფეოდალური ცენტრი იყო. ისეირნეთ ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში, ქვით აშენებულ სასახლეებისა და ნახევრად ხის სახლების გასწვრივ, შემდეგ კი ბლუას შატოს სისხლიან ისტორიაში ჩაიძირეთ.

შემდეგი გაჩერება: ბლუადან ვეზერის ველამდე მანქანით მგზავრობა (დაახლოებით 4 საათი).

ვეზერის ველი (1 დღე)

ამ მშვიდ სოფლის ველში მთავარი თავგადასავალი პრეისტორიული მხატვრების მიერ მოხატულ მღვიმეებში ჩასვლაა. შემდეგ კი მოინახულეთ ფონ-დე-გომისა და ლასკოს ცნობილი მღვიმეები მონტინიაკში. ორივე ადგილის ბილეთები წინასწარ ონლაინ შეიძინეთ.

შემდეგი გაჩერება: ვეზერის ველიდან კარკასონში მანქანით მგზავრობა (3 საათი და 15 წუთი).

დამატებითი იდეა:

გზა შეგიძლიათ 1 დღით ტულუზაში გაჩერდეთ.

კარკასონი (1 დღე)

სამხრეთისკენ მიმავალი გზა ულამაზესია. განსაკუთრებით სარლა-ლა-კანედასა და კლდეზე გადმოკიდებულ როკამადურთან. გზად აუცილებლად გაჩერდით ფერმაში და დააგემოვნეთ ადგილობრივი თხის ყველი.

კერკის ველური ბუნების შემდეგ, ტურისტებით სავსე კარკასონი შესაძლოა კონტრასტული მოგეჩვენოთ. დააგემოვნეთ ტრადიციული “cassoulet” გვიან სადილზე და მზის ჩასვლისას  ზღაპრული ციხესიმაგრე მოინახულეთ.

შემდეგი გაჩერება: კარკასონიდან პონ-დუ-გარდამდე მანქანით მგზავრობა (2 საათი და 15 წუთი).

პონ-დუ-გარდი (1 დღე)

რომაული ისტორიის მოყვარულებისთვის ეს დღე განსაკუთრებული იქნება. გზად გაჩერდით ნარბონში და მოინახულეთ ქალაქის მსოფლიო დონის რომაული მუზეუმი, შემდეგ კი გაემართეთ UNESCO-ს სიაში შესული შთამბეჭდავი რომაული აკვედუკისკენ. ძეგლის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ახლომდებარე კლდეებიდან წყალში ხტომაც სცადოთ. ამიტომ, საცურაო კოსტიუმიც წაიღეთ.

შემდეგი გაჩერება: პონ-დუ-გარდიდან არლში მგზავრობა (50 წუთი).

არლი (1 დღე)

არლი სამხრეთ საფრანგეთის ნამდვილი მარგალიტია. ისეირნეთ ოქროსფერი ქუჩებითა და მდინარის სანაპირო ბილიკებით, რომლებმაც ვან გოგი შთააგონა, ეწვიეთ რომაულ ამფითეატრს და შაბათის დილის ბაზარში პროვანსული პროდუქტები დააგემოვნეთ. თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებისთვის აუცილებელი ადგილია ფრენკ გერის მიერ შექმნილი ლუმას ფონდი.

შემდეგი გაჩერება: არლიდან მარსელში მანქანით მგზავრობა (1.5 საათი).

მარსელი (2 დღე)

იგრძენით პროვანსის ამ დიდი და მრავალფეროვანი ქალაქის ენერგია, რომელიც მუზეუმების, კულტურისა და სრულიად განსხვავებული „111 სოფლისგან“ შედგება. მარსელის ნამდვილი სულის გასაცნობად, დაიწყეთ მოგზაურობა ძველ პორტში მეთევზეებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ სანაპიროები.

2. იმოგზაურეთ ატლანტიკის სანაპიროს გასწვრივ

ხანგრძლივობა: 7 დღე
დისტანცია: 565კმ
ტრანსპორტი: მატარებელი

მწვანედ შეფერილი ვენახები, ღია ზღვაში განთავსებული ხამანწკების ფერმები და მზეზე მოციმციმე ევროპის უდიდესი ქვიშის დიუნები – საფრანგეთის ქარიანი ატლანტიკური სანაპირო ფოტოგენური ხედებისა და გემრიელი კულინარიული გაჩერებების უწყვეტი ჯაჭვია.

ნანტი (1 დღე)

ატლანტის ოკეანისა და მდინარე ლუარის ატმოსფერო ერთმანეთს ქალაქ ნანტში ერწყმის. ქალაქის ცენტრში მდებარე მდინარის კუნძულზე მოინახულეთ “Les Machines de l’Île“, შემდეგ კი ეწვიეთ ქალაქის შატოს და გაისეირნეთ თანამედროვე ხელოვნებით სავსე საფეხმავლო ბილიკზე. სადილზე დააგემოვნეთ ახალი ხამანწკები ქალაქის დახურულ ბაზარში, ხოლო საღამოს მზის ჩასვლას სანაპირო ბარ: “Hangar à Bananes-ში” შეხვდით.

შემდეგი გაჩერება: ნანტიდან ლა-როშელში მატარებლით მგზავრობა (1 საათი და 45 წუთი).

ლა-როშელი (2 დღე)

მე-14-17 საუკუნეებში ლა-როშელი საფრანგეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი იყო და დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საზღვაო ქალაქად ითვლება. მოინახულეთ ქალაქის ისტორიული საზღვაო კოშკები და დატკბით ქალაქისა და სანაპიროს ხედებით. მიირთვით ზღვის პროდუქტები, იხილეთ შუქურა და ერთი დღე ქარიან რეს კუნძულზე ველოსიპედით გასეირნებას დაუთმეთ.

შემდეგი გაჩერება: ლა-როშელიდან ბორდოში მატარებლით მგზავრობა (3 საათი).

ბორდო (1 დღე)

ბორდოში გატარებული დღე, შესანიშნავი არქიტექტურის, ხელოვნების, გემრიელი კერძებისა და საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის თანხლებით, ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა. ქალაქის ისტორიული ნაწილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული UNESCO-ს მემკვიდრეობის ზონაა, თუმცა ბორდოს თანამედროვე მუზეუმები და თანამედროვე ხელოვნების სივრცეებიც არანაკლებ შთამბეჭდავია.

შემდეგი გაჩერება: ბორდოდან არკაშონში მატარებლით მგზავრობა (1.5 საათი).

არკაშონი (2 დღე)

პალმებისა და ფიჭვების სურნელით სავსე არკაშონში ძველებური ზღვისპირა ხიბლი იგრძნობა. გაატარეთ მშვიდი დღე ოქროსფერ სანაპიროზე,დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები და გაისეირნეთ ნავით ყურეებშუ, რომლებიც ხამანწკების ფერმებითაა ცნობილი.

შემდეგი გაჩერება: არკაშონიდან ბაიონში მატარებლით მგზავრობა (3 საათი).

ბაიონი (1 დღე)

შესანიშნავი შოკოლადი, ლორი და ბასკური კულტურის ენერგია პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ბაიონს განსაკუთრებულ ქალაქად აქცევს.

გაისეირნეთ ფერად ნახევრად ხის სახლებით გაფორმებულ ქუჩებში და უკეთ გაიცანით ბასკური კულტურა ბაიონის ისტორიის მუზეუმში. შემდეგ კი დააგემოვნეთ საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ცხელი შოკოლადი და ეწვიეთ ცოცხალ ადგილობრივ ბაზარს.

დამატებითი იდეა:

შეგიძლიათ მარშრუტს დაუმატოთ ელეგანტური ზღვისპირა კურორტი და სერფინგის დედაქალაქი ბიარიცი, სადაც ბაიონიდან ავტობუსი მიდის.

3. აღმოაჩინეთ მზიანი სამხრეთ საფრანგეთი

ხანგრძლივობა: 7 დღე
დისტანცია: 385კმ
ტრანსპორტი: მანქანა და მატარებელი

თუ არსებობს რეგიონი, სადაც კაბრიოლეტით მგზავრობა განსაკუთრებულად სასიამოვნოა, ეს სწორედ ფრანგული რივიერაა . ეს მარშრუტი, (რომელსაც უმჯობესია ივლისსა და აგვისტოში მოერიდოთ, რადგან სანაპიროს გზები გადატვირთულია) გლამურულ კოტ დაზურს ველურ და დაუმორჩილებელ ჩრდილოეთ პროვანსთან აკავშირებს.

ნიცა (2 დღე)

თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული მუზეუმები, ქუჩის ბაზრები, ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კენჭიანი სანაპიროები და ძველი ქალაქის ლაბირინთივით ქუჩები: რივიერას დედოფალი ნიცა სიცოცხლითაა სავსე. ქალაქის ტრადიციული სამზარეულო დღეს ახალ პოპულარობას იძენს, რადგან ადგილობრივი შეფები ნამდვილი ოსტატები არიან. ამიტომ აუცილებლად დატკბით დღეში სამჯერ სრულფასოვანი კერძებით.

შემდეგი გაჩერება: ნიცადან მენტონში მგზავრობა (35 წუთი მატარებლით ან დაახლოებით 1 საათი მანქანით).

მენტონი (1 დღე)

მენტონი საფრანგეთის ბოლო ქალაქია იტალიის საზღვრამდე. ეწვიეთ მოქმედ ლიმონის ფერმას გიდის თანხლებით, შემდეგ კი ისადილეთ ტერასებად მოწყობილ ლიმონის ბაღებში “La Ferme des Citrons“. ამის შემდეგ მშვიდად გაისეირნეთ ძველ ქალაქში და დაათვალიერეთ მისი უნიკალური მიკროკლიმატი ბაღების საშუალებით.

შემდეგი გაჩერება: მენტონიდან სან-ტროპემდე მანქანით მგზავრობა (2 საათი).

დამატებითი იდეა:

მონაკო სულ ახლოსაა (20 წუთი მატარებლით).

სან-ტროპე (1 დღე)

სანაპირო გზა სან-ტროპემდე რივიერაზე ავტომობილით მოგზაურობის ნამდვილი სიმბოლოა: მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელიც 1903 წელს გაიხსნა და წითელ კლდეებსა და მბზინავ ფირუზისფერ ზღვას შორის მიიკლაკნება. ოდესღაც მეთევზეთა სოფელი, დღეს კი გლამურული და ტურისტებით სავსე სენ-ტროპე რივიერას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.

შემდეგი გაჩერება: სან-ტროპედან ბორმ-ლე-მიმოზამდე მანქანით მგზავრობა (1 საათი).

ბორმ-ლე-მიმოზა (4 საათი)

ბორმ-ლე-მიმოზასკენ მიმავალი ყველა გზა დაუვიწყარ ხედებს გპირდებათ. გაივლით ტყეებს, ზღვისპირა ბაღებს და შთამბეჭდავ პანორამებს. შემდეგ კი შუადღის სადილითა და შუასაუკუნეების სოფელში გამოფენილი ულამაზესი ყვავილებით დატკბებით.

შემდეგი გაჩერება: ბორმ-ლე-მიმოზადან აი-ან-პროვანსში მანქანით მგზავრობა (1 საათი და 45 წუთი).

დამატებითი იდეა:

ბორმ-ლე-მიმოზადან სუნამოების დედაქალაქ გრასამდე, განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როდესაც მიმოზები ყვავის (დაამატეთ 1 დღე).

აი-ან-პროვანსი (1 დღე)

გრანდიოზული არქიტექტურა, ჭადრების ჩრდილში მოქცეული ელეგანტური გამზირები, მზით განათებულ ქუჩებში გადმოშლილი კაფეები და ქვის შადრევნების სიმრავლე: აი-ან პროვანსი კლასიკური პროვანსის იდეალური განსახიერებაა. გაჰყევით მხატვარ პოლ სეზანის კვალს ქალაქში, მოინახულეთ გრანეტის მუზეუმი და დაათვალიერეთ ადგილობრივი ბაზარი.

შემდეგი გაჩერება: აი-ან-პროვანსიდან საინიონამდე მანქანით მგზავრობა (1 საათი).

საინიონი (4 საათი)

ლუბერონის გორაკებზე მდებარე ელეგანტური სოფლები ყოველთვის მომხიბვლელია. პატარა საინიონი, რომელიც გორაკზეა გაშენებული, პროვანსული მთიანი სოფლების ნამდვილი მარგალიტია. გაისეირნეთ ვიწრო ქუჩებში, დაათვალიერეთ კირქვის სახლები, შატო და პატარა მაღაზია, სადაც ადგილობრივი მცირე მწარმოებლების პროდუქცია იყიდება. შემდეგ კი ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში დასხედით სადილზე.

შემდეგი გაჩერება: საინიონიდან ვერდონის ხეობამდე მანქანით მგზავრობა (1.5 საათი).

ვერდონის ხეობა (1 დღე)

მოემზადეთ ძლიერი ემოციებისთვის. არწივების, სვავებისა და გარეული ტახების სახლი: ვერდონის ხეობა საფრანგეთის ყველაზე შთამბეჭდავი კანიონია. იმოძრავეთ ნელა და დატკბით კლდიდან გადაშლილი ხედებით. ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები 700 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს: ეს ეიფელის კოშკზე ორჯერ მაღალია.

4. დააგემოვნეთ ბრეტონული ხამანწკები და ნორმანდიული ყველი

ხანგრძლივობა: 7 დღე
დისტანცია: 500კმ
ტრანსპორტი: მანქანა

შეიკარით უსაფრთხოების ღვედი და მოემზადეთ ამ გურმანული მოგზაურობისთვის, სადაც ბრეტანისა და ნორმანდიის გზებზე უამრავი ხამანწკა და ყველი დაგხვდებათ. მშვიდი სანაპიროები და ლეგენდარული კუნძულები ამ კულინარიულ თავგადასავალს ზღვის გამაგრილებელი ჰაერით ავსებს.

კარნაკი (3 საათი)

მოგზაურობა დაიწყეთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო: კარნაკის მეგალითური ქვებით. დრო არ დაიშუროთ: ეს მონუმენტები ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება. გიდიანი ტურები ამ იდუმალი ქვების გარშემო არსებულ მითებსა და ლეგენდებს გაცნობთ, ხოლო ტყის ბილიკებზე სეირნობისას კარნაკის უძველეს ენერგიას იგრძნობთ.

შემდეგი გაჩერება: კარნაკიდან კიბერონამდე მგზავრობა (30 წუთი მანქანით ან 50 წუთი ნავით).

ბელ ილი (2 დღე)

კიბერონის ნახევარკუნძულის სამხრეთიდან ნავით გაემართეთ ბელ ილზე. ეს ულამაზესი ბრეტონული კუნძული სრულად ამართლებს თავის სახელს, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ლამაზ კუნძულს“. აქ დაგხვდებათ ველური სანაპიროები, ქვიშიანი პლაჟები, ფერად პასტელურ ტონებში შეღებილი მეთევზეთა სოფლები და სასიამოვნო რესტორნები და ბარები.

შემდეგი გაჩერება: კიბერონიდან სენ-მალომდე მანქანით მგზავრობა (3 საათი).

სენ-მალო (1 დღე)

ანძებით სავსე პორტი სენ-მალო მართლაც შთამბეჭდავია. ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყლის მიქცევა-მოქცევით გამოირჩევა და შტორმის დროს ტალღები ხშირად ძლიერად ეხეთქება ქალაქის გალავანს. მე-17 საუკუნეში აქ კერძო მეკობრეები ბატონობდნენ, და მათი სული თითქოს დღემდე იგრძნობა ძველი ქალაქის მოკირწყლულ ქუჩებსა და მდიდრულ სასახლეებში.

შემდეგი გაჩერება: სენ-მალოდან მონ-სენ-მიშელამდე მანქანით მგზავრობა (50 წუთი).

მონ-სენ-მიშელი (ნახევარი დღე)

ნორმანდიაში შესვლის უფრო დრამატული გზა თითქმის არ არსებობს, ვიდრე ეს იდუმალი სააბატო-კუნძულია. კელტური მითოლოგიის მიხედვით, მონ-სენ-მიშელი ადგილი იყო, სადაც გარდაცვლილთა სულები მიდიოდნენ. მისი ისტორიული ატმოსფერო განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა მაშინ, როცა გიდთან ერთად ფეხშიშველი კვეთთ ტალღებით დანაოჭებულ ქვიშას. დარჩით საღამომდე, რათა სააბატო მზის ჩასვლის ფონზე იხილოთ.

შემდეგი გაჩერება: მონ-სენ-მიშელიდან კაბურგამდე მანქანით მგზავრობა (1 საათი და 45 წუთი).

დამატებითი იდეა:

ხამანწკების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ კანკალის ცნობილი ხამანწკების ბაზარი, რომელიც დასავლეთით 45 წუთის სავალზეა.

კაბურგი (1 დღე)

დაისვენეთ როგორც მარსელ პრუსტი ამ მომხიბვლელ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც ნორმანდიის „ყვავილების სანაპიროზე“ მდებარეობს. მისი ცნობილი მეზობლები, დოვილი და ტრუვილ-სურ-მერი, ხშირად მეტ ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ კაბურგი “ბელ ეპოქის” ატმოსფეროს შესანიშნავად აცოცხლებს. დღე დაასრულეთ ზღვისპირა ბულვარში სეირნობით მზის ჩასვლისას.

შემდეგი გაჩერება: კაბურგიდან პეი დოჟემდე მანქანით მგზავრობა (30 წუთი).

პეი დოჟე (2 დღე)

შიდა ნორმანდიაში გადასვლისას სრულიად განსხვავებული პეიზაჟი იშლება: ვაშლის ბაღები, ნახევრად ხის ლამაზი სოფლები და მინდვრები. ორი დღის განმავლობაში მშვიდ სოფლის გზებზე დაკარგულივით მოგზაურობისას შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მზადდება კალვადოსი ფერმაში, მოინახულოთ სოფელი კამამბერი და ყველგან შესანიშნავად ივახშმოთ.

5. კალედან ალპებამდე

ხანგრძლივობა: 2 დღე
დისტანცია: 985კმ
ტრანსპორტი: მანქანა

ინგლისიდან საფრანგეთის ალპებისკენ მიმავალი მოთხილამურეები ჩვეულებრივ ამ მარშრუტს კალეს პორტიდან დაახლოებით რვა საათში ფარავენ და ღამეს რეიმსში ან ტრუაში ათევენ. მაგრამ თუ დრო გაქვთ, ღირს სიჩქარის შემცირება, რათა აღმოაჩინოთ სანაპიროები, შამპანურის სარდაფები და მსოფლიო დონის ვენახები.

კალე (3 საათი)

გადმოდით ბორანიდან ან სარკინიგზო შატლიდან და გაემართეთ ქალაქისკენ. პატივი მიაგეთ როდენის ცნობილ სკულპტურას – „კალეს მოქალაქეები“, რომელიც ფლამანდურ-რენესანსული სტილის მერიის წინ დგას. გაისეირნეთ ქვიშიან სანაპიროზე და მოინახულეთ ზღვისპირა ზონაში მდებარე გიგანტური მექანიკური დრაკონი. საღამოს შეგიძლიათ დაესწროთ დიჯეის სეტებს, ბარბექიუსა და თემატურ საღამოებს.

შემდეგი გაჩერება: კალედან კოტ დოპალში მანქანით მგზავრობა (20 წუთი).

კოტ დოპალი (2 საათი)

ეს სანაპირო ზღვისა და ცის ნაცრისფერ-ლურჯი ფერების თამაშის გამო „ოპალის სანაპიროდ“ იწოდება და ნამდვილ მხატვრულ შედევრს ჰგავს.

შემდეგი გაჩერება: კოტ დოპალიდან აიმდე (Aÿ) მანქანით მგზავრობა (3 საათი და 15 წუთი).

აი (Aÿ) (ნახევარი დღე)

რეიმსში ღამის გათევის ნაცვლად, ქალაქში, რომელიც ცნობილია არტ-დეკოს არქიტექტურით, გოთიკური ტაძრითა და შამპანურით, შედარებით მშვიდ და ნაკლებად ცნობილ Aÿ-ში გაჩერდით. დაუთმეთ დრო მის სამ მსოფლიო დონის შამპანურის სახლს და არ გამოტოვოთ თანამედროვე შამპანურის მუზეუმი “პრესორია”. შემდეგ კი ადგილობრივ საცხობში იყიდეთ მსუბუქი ლანჩი გზისთვის.

შემდეგი გაჩერება: Aÿ-დან დიჟონამდე მანქანით მგზავრობა (2 საათი და 45 წუთი).

დიჟონი (1 დღე)

დიჟონში დარჩენის მთავარი მიზეზი უკვე თავად გასტრონომიისა და ღვინის საერთაშორისო ცენტრია. ბურგუნდიის ყოფილი საჰერცოგოს დედაქალაქი დღესაც საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი კულინარიული ცენტრია. აქ დაგხვდებათ საკვების თემატური გამოფენები, კულინარიული და ღვინის სკოლა, სადაც უამრავი დაგემოვნებისა და გასართობის შესაძლებლობაა. ბურგუნდიული ღვინის დაგემოვნება კი პრაქტიკულად სავალდებულოა.

შემდეგი გაჩერება: დიჟონიდან ანსიმდე მანქანით მგზავრობა (3 საათი).

დამატებითი იდეა:

დიჟონის ჩრდილოეთით მდებარე “Parc National de Forêts” – საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული პარკია და იდეალურია ტყეში დასასვენებლად.

ანსი (2 საათი)

ალპებამდე უკვე ძალიან ახლოს ხართ (შამონიმდე დაახლოებით ერთი საათია). ალპური განწყობის შესაქმნელად, ძველი ქალაქის ვენეციურ სტილში გაფორმებულ ქუჩებში დააგემოვნეთ წაბლის ან ფიჭვის არომატიანი ნაყინი. შემდეგ კი დატკბით ულამაზესი ტბის ხედებით ფართო მწვანე მინდვრიდან, რომელიც წყლისკენ ეშვება.