თუ აზიაში მოგზაურობას გაზაფხულზე აპირებთ, შენი მეგზური თვეების მიხედვით გირჩევთ თუ სად როდის წახვიდეთ:

მარტი

1. კიუშუ, იაპონია

საკურას ყვავილობისთვის

წარმოიდგინეთ 2000-მდე აყვავილებული საკურას ხე გაზაფხულის ცის ქვეშ. ისინი ყვავიან პარკებში და გასაოცარი კუმამოტოს ციხესიმარის ირგვლივ. საკურას ყვავილობის გარდა, კიუშუ იდეალური მიმართულებაა ნაგასაკის მემორიალის სანახავად, ვულკანურ ფერდებზე სალაშქროდ, ოიტას ცხელ წყაროებში დასასვენებლად ან გემრიელი რამენის მისართმევად. კიუშუში მარტივად მოხვდებით ტოკიოდან, კიოტოდან და ჰიროშიმადან.

2. ასამი, ინდოეთი

მარტში ერთ-ერთი საუკეთესო მოსანახულებელი ლოკაციაა კაზირანგას ეროვნული პარკი. დიდი კონსერვაციული ძალისხმევის შედეგად დღეს აქ მარტორქები სახლობენ, რომლებსაც სწორედ მარტში შენიშნავთ. ამ დროს ორქიდეებიც ყვავიან.

3. ვისაიასი, ფილიპინები

ფილიპინებზე მარტში ტურისტების რაოდენობა იკლებს, ამინდი მშრალია და მისი კუნძულების დასათვალიერებლად საუკეთესო დრო დგება. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ დაივინგით და იხილოთ ულამაზესი წყალქვეშა ბუნება.

4. უზბეკეთი

აბრეშუმის გზის ისტორიის წყალობით, უზბეკეთის ქალაქებს უნიკალური ისტორია აქვთ. განსხვავებული ბუნების გარდა, იხილავთ ულამაზესი მოზაიკებით შემკულ მეჩეთებს, მავზოლეუმებს და ისლამურ სკოლებს. მარტში აქ ნოვრუზის ფესტივალს აღნიშნავენ, ცეკვავენ და მხიარულობენ. აღსანიშნავია უზბეკეთის კომფორტული და გამართული სარკინიგზო სისტემა, რაც აქ მოგზაურობას აადვილებს.

აპრილი

5. სამხრეთ კორეა

ფიქრობთ საკურას ყვავილობით ტკბობა მხოლოდ იაპონიაში შეიძლება? ცდებით, სამხრეთ კორეაც ბრწყინავს გაზაფხულზე. სეულში აპრილის თვეში რამდენიმე ყვავილებთან დაკავშირებული ფესტივალი ტარდება. ტემპერატურა სასიამოვნოა, 17 გრადუსი. იხილეთ საკურა სეოკჩონის ტბაზე (Seokchon Lake); საპორტო ქალაქ ჯინჰაეში (Jinhae), გიონჯუში (Gyeongju) სადაც საკურას მარათონიც კი ეწყობა აპრილში.

6. შიკოკუ, იაპონია

მოიარეთ მთელი კუნძული, ეწვიეთ მისი 88 საყდრიდან რამდენიმე მაინც და დატკბით აპრილის ამინდით. პილიგრიმები აქ ყველა ტაძრის ერთ გზაზე მოსანახულებლად ჩამოდიან. შეგიძლიათ შეუერთდეთ ორგანიზებულ ტურებს და იხილოთ შიკოკუს ბრწყინვალება გაზაფხულის სეზონზე.

მაისი

7. უბუდი, ბალი, ინდონეზია

ბალი მაისში? ბრწყინვალე იდეაა! მშრალი და მზიანი ამინდები, ნაკლები ხალხმრავლობა და სარელაქსაციო ატმოსფერო. უბუდი განსაკუთრებით კარგი არჩევანია გალერეებით, მუზეუმებით, ანტიკური საყდრებით და გემრიელი სამზარეულოთი. აქ ტყეები, ველები და პლანტაციებია. ეწვევით მსოფლიო დონის რესტორნებსაც. უბუდი ცნობილია იოგით და გამაჯანსაღებელი პროცედურებითაც.

8. დოლპო, ნეპალი

ნეპალის ჩრდილოეთით მდებარე დოლპო, ტიბეტურ პლატოსთან ახლოს მდებარეობს და ტიბეტური კულტურის შესაცნობად მშვენიერი ადგილია. გირჩევთ ფოკსუნდოს ეროვნულ პარკს, სადაც წმინდა ტბა მდებარეობს. მაისში აქ მოგზაურობა იდეალურია არჩევანია.

9. აღმოსავლეთ სანაპირო, ტაილანდი

მაისი ტაილანდში იდეალურია ნაკლები ხალხისთვის სანაპიროებზე და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. ამ დროს გირჩევთ მის აღმოსავლეთ ნაწილს: კო სამუის, ხანომს და კო პანგანს. კო სამუი განსაკუთრებით გამოირჩევა სულიერი მემკვიდრეობით, ჯანსაღი საკვებით და შთამბეჭდავი ბუნებით. აქ დაკავდებით მედიტაციებით და სხვადასხვა თერაპიებით. მაისში ფასებიც დაბალია. იცურავეთ ნა მუანგის ჩანჩქერში, წაყევით კრუიზს ანგ ტონგის ეროვნულ პარკში და ეწვიეთ უზარმაზარ ბუდას ბო ფუტში.

10. მეგალაია, ინდოეთი

ინდოეთის ამ წვიმიან მხარეში ვიზიტი მაისში სჯობს. ამ დროს ისიამოვნებთ ჩანჩქერებით, მთებით, ატმოსფერული ნისლით და სასიამოვნო ტემპერატურით.