ფლორენციასთან და მილანთან შედარებით, ვენეცია, ზოგადად შოპინგ მიმართულებად არ განიხილება ხოლმე. აქ ვერ ნახავთ ქუჩას, სადაც დიზაინერების ბუტიკებია ჩამწკრივებული, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ ფარულ სახელოსნოებს და მაღაზიებს, რომლებიც უნიკალურ ნივთებს ყიდიან. მათ შორისაა მურანოს სათვალეები 1920-იანი წლებიდან, კრეატიული მაქმანის მაგიდის ხელსახოცები, ხელნაკეთი ბარათები და აშ. ჩვენ ვენეციაში სუვენირების შესაძენად საუკეთესო ადგილებს გირჩევთ:
Evem Sas Ricami e Merletti
ეს პატარა თეთრეულის და ბავშვის სამოსის მაღაზია ვეს ანდერსონის ფილმის კადრებს გაგახსენებთ, რადგანაც დიზაინი სწორედ მისგან ინსპირირებული ესთეტიკითაა შესრულებული. აქ ყველაფერი ხელით მოქარგული, ხელნაკეთი და დახვეწილად შესრულებულია. თითოეული დეტალი და ნამუშევრების ხარისხი ნამდვილად გაგაოცებთ.
Pied à Terre
ეს პატარა ზომის ბუტიკი ბაზრის უკან იმალება, რიალტოს ხიდთან ახლოს და საუკეთესო ადგილია “გონდოლერების ფეხსაცმელების” შესაძენად, რომელიც იტალიური სტილის და კულტურის გამოძახილია. მოგხიბლავთ თაროებზე დაწყობილი უამრავი ფერადი ფეხსაცმელი, ჭერიდან იატაკამდე. ისინი დამზადებულია სხვადასხვა ქსოვილებისგან, ცისარტყელას ფერებში. ხავერდის მოდელები ყველაზე კლასიკური ნიმუშებია.
Giuliana Longo
ჯულიანა ლონგოს ხელნაკეთი და იმპორტული ქუდების მაღაზია საუკუნეებია რაც ვენეციაში არსებობს. აქ უამრავი სტილის, სხვადასხვა მასალის და მრავალფეროვანი გაფორმების ქუდი თვალს ნამდვილად მოგჭრით. ნახავთ ბიუჯეტურ ვარიანტებსაც.
Libreria Acqua Alta
ეს მომხიბვლელი ვინტაჟური წიგნის მაღაზია ერთ დროს არხებთან სიახლოვის გამო იტბორებოდა, თუმცა შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, ის დღეს ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ვენეციაში. მაღაზიაში ნახავთ გონდოლასაც, სავსეს წიგნებით.
Antonia Miletto Gioielli
Calle Delle Botteghe-ის ქუჩის ჩავლისას, შეუძლებელია ვერ დაინახოთ ეს სამკაულის მაღაზია, წითელი ლამფის შუქით. შიგნით ულამაზეს ხელნაკეთ ნიმუშებს იხილავთ სხვადასხვა ძვირფასი თუ ნაკლებად ძვირფასი ქვებით.
Martinuzzi
ეს სახლის ნივთების მაღაზია ტრადიციულ ელეგანტურობას წარმოგვიდგენს კლასიკურ ფორმაში. აქაური გარემო ვენეციური სახლის ატმოსფეროს ქმნის თავისი გადასაფარებლებით, სკულპტურული ლამპებით და სხვა მაგიდის დეტალებით. აქ ნახავთ სუვენირებსაც.
Gianni Basso Stampatore
ეს ძველი ატელიე ქალაქის გამორჩეული მაღაზიაა, სადაც უნიკალურ ბარათებს, მოსაწვევებს, წიგნის სანიშნებს და სხვა ტიპის ვინტაჟურ მისალოცებს ნახავთ. იქვე დაგიმზადებენ პირადი დიზაინითაც სასურველი მარკებით.
Alberto Valese
კამპო სანტო სტეფანოზე მდებარე ეს პატარა საყვარელი მაღაზიაც ბარათებზე, ბლოკნოტებზე, ფერად ქაღალდებზე და პატარა ფურცლის აქსესუარებზე კონცენტრირდება ვენეციურ სტილში.
Emilia Burano
ეს კი ვინტაჟური ქსოვილების და მაქმანების მაღაზიაა ვეენციის გულში. სამ სართულზე სასაჩუქრე ულამაზეს ხელსახოცებს, ნაჭრის ნივთებს და მინი მუზეუმს აღმოაჩენთ ბრენდის ანტიკური ნივთებით.
Drogheria Mascari
ეს კი სუნელების მაღაზიაა, რომელიც სხვა საუკუნეში გადაგანაცვლებთ. რეტრო დეტალებით, ხელნაწერებით გაფორმებული თაროები სხვადასხვა ქილებით, ბისკვიტებით, ჩირით და ტკბილეულით, ესთეტიკური სიამოვნების მიღების გარდა, ხელს ნამდვილად გამოგაყოლებინებთ რაიმეს.