რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ლისაბონში, მით უფრო უკეთესია, რადგანაც აქ უამრავი რამაა სანახავი და გამოსაცდელი. ჩვენ პორტუგალიის დედაქალაქში მთავარ აქტივობებს გირჩევთ, რომლებიც აუცილებლად საუკეთესოდ დაგამახსოვრდებათ.

მოიხიბლეთ აჯუდას ეროვნული სასახლის დიდებულებით

Ajuda National Palace

მე-19 საუკუნის ეს სასახლე ერთ დროს ლუი პირველის სამეფო რეზიდენცია იყო, პორტუგალიის მეფობის პერიოდში. დღეს ის მუზეუმია, რომლის დასათვალიერებლადაც ბილეთი დაგჭირდებათ. აქ დეკორატიული ხელოვნების, მარმარილოს ქანდაკებების, ანტიკური ჭაღების და სხვა ფანტასტიკური ნივთების გამოფენა დაგხვდებათ. ზოგიერთი ოთახი თანამედროვე ხლოვნების გამოფენებადაა ქცეული.


იმგზავრეთ ტრამვაით ნომრად 28

თუ ბელემის კულინარიულ და კულტურულ თავგადასავლებს ეძებთ, 15 ნომერ ტრამვაის გაყევით ქალაქის ცენტრიდან. მაგრამ, ტრამვაი ნომერი 28 აუცილებელი გამოცდილებაა ლისაბონის სტუმრებისთვის. ეს ყვითელი ვინტაჟური ტრანსპორტი წინა საუკუნეში გადაგაგდებთ და ქალაქის ვიწრო ქუჩებში გაგიძღვებათ.


იშოპინგეთ LX Factory-ში

LX Factory – ინდუსტრიული კომპლექსია, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება და ბევრ მაღაზიას, რესტორანს, ბარს და საოფისე სივრცეს აერთიანებს. ის ალკანტარას უბანში მდებარეობს, ლისაბონის უფრო მეტად თანამედროვე ნაწილში. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობებისგან.

მიირთვით ლისაბონის ბაზარში

Time Out Market Lisboa

ეს ლისაბონის კულინარიული ცენტრია. აქ ადგილობრივები ხორცპროდუქტებს და თევზს ყიდულობენ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ საჭმელი და სასმელი 50-ზე მეტი მეწარმისგან. ამ ბაზარში მუშაობენ პორტუგალიის გამორჩეული შეფებიც.

გაისეირნეთ ხელოვნების, არქიტექტურის და ტექნოლოგიების მუზეუმში

MAAT

ეს თანამედროვე კულტურათაშორისი ჰაბია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას წარმოგვიდგენს და ქათქათა თეთრ შენობაში გვეპატიჟება, რომელიც თავის მხრივ ბრწყინვალე არქიტექტურული ნიმუშია.

მოინახულეთ გალბენკიანის მუზეუმი

Calouste Gulbenkian Museum

ეს მუზეუმი არამხოლოდ ხელოვნებით გაგაოცებთ, არამედ გარშემო არსებული ოაზისითაც. მშვიდი ბაღი, რომლის ცენტრშიც ბრუტალური შენობაა აგებული, ნამდვილად სარელაქსაციო ლოკაციაა.

გაიარეთ კომერსიოს მოედანზე

Praça do Comércio

ლისაბონი შთამბეჭდავი მოედნების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებული კომერსიოს მოედანია. ყვითელი უზარმაზარი შენობა თაღებით და ქანდაკებებით ნამდვილად მომნუსხველია.

ნოსა სენიორა დე ენკარნაკაოს ეკლესია

Igreja de Nossa Senhora da Encarnacao

თუ ლისაბონის თანამედროვეობის ნარატივის შესწავლა უფრო გსურთ, ვიდრე მისი ისტორიის ან წარსულის, აცდით გაწერილ ტურისტულ მარშრუტებს და მოინახულეთ ღირსშესანიშნაობები გარეუბანში. ეს ეკლესია ერთ-ერთი მათგანია.

საო ჟორჟის ციხესიმაგრე

São Jorge Castle

მთაზე მდებარე ეს ციხესიმაგრე ლისაბონის ერთგვარი ემბლემაა. ის მე-11 საუკუნეში ააგეს. ციხიდან ლისაბონზე 360 გრადუსიან ხედს იხილავთ და თავი ღია ცის ქვეშ მუზეუმში გეგონებათ.

დასხედით კაფე ბრაზილიერაში

Café A Brasileira

 კაფე ბრაზილიერაში მისვლისას ვიზიტორებს ფერნანდო პესოას ბრინჯაოს ქანდაკება ეგებება. ეს პოეტი პორტუგალიელებს ძალიან უყვართ. კაფე ბრაზილიერა ლისაბონის უძველესი და ყველაზე ცნობილი კაფეა, რომელიც მეოცე საუკუნეში ინტელექტუალების შეკრების ადგილი იყო.

დატკბით ჯერონიმოს მონასტრით

Jéronimos Monastery

ბელემის კოშკთან მდებარე ეს მონასტერი არქიტექტურული შედევრია. აქ გაატარეს უკანასკნელი ღამე ვასკო და გამამ და მისმა გუნდმა იქამდე, სანამ ინდოეთისკენ წავიდოდნენ. ეკლესიის მშენებლობა 1500 წელს დაიწყო და მას 1 საუკუნე აშენებდნენ. ის იუნესკოს დაცული ძეგლია.

ივახშმეთ ფადოს კლუბში

Clube de Fado

ფადოს მუზეუმიდან 5 წუთის სავალ გზაზე, პორტუგალიური მუსიკის თავგადასავალი ფადოს კლუბში გრძელდება. აქ საღამოობით პორტუგალიურ სიმღერებს მოისმენთ.

გადადით ბელემის კოშკზე

Belém Tower

იუნესკოს ეს დაცული ძეგლი ტაგუს მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზეა აგებული მე-16 საუკუნის დასაწყისში ქალაქის დასაცავად. მას წმ. ვინსენტის კოშკსაც უწოდებენ. მოგვიანებით მან შუქურის ფუნქცია მიიღო. 5 სართულის ავლის შემდეგ, ტერასაზე მოხვდებით და ბრწყინვალე ხედებით დაჯილდოვდებით.

დააგემოვნეთ პორტუგალიური დესერტი

Pastéis de Belém

ამ დესერტის ბევრნაირ გემრიელ ვერსიას გადააწყდებით მთელ ლისაბონში. მაგრამ, ყველაზე გამორჩეული ბელემის სახელობისაა. ამ მაღაზიაში უძველესი ისტორიული რეცეპტებით მუშაობენ.

ისარგებლეთ სანტა ჯუსტას ლიფტით

Santa Justa Lift

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლიფტია. მისი არქიტექტორი გუსტავ ეიფელის მოსწავლე იყო და ლიფტის სტილს ფრანგული გავლენა მართლაც ეტყობა.