აპეროლ სპრიცი, ნერო დ’ავოლა, ესპრესო მარტინი, სიცილიაში იპოვით ბარებს, სადაც ნებისმიერი სასმლის საუკეთესო ვერსიას შემოგთავაზებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინოების ფართო არჩევანსა და უამრავ შერეულ კოქტეილზე. სამხრეთ იტალიის ეს ცოცხალი კუნძული იტალიაში საუკეთესო კერძებითაა ცნობილი, ხოლო მისი ბარები იდეალური ადგილებია ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებული გემრიელი წასახემსებლებისა და ტკბილეულის დასაგემოვნებლად. პატარა, ატმოსფერული ღვინის მარნებიდან დაწყებული, ზღვის შთამბეჭდავი ხედების მქონე ტერასებით დამთავრებული: სიცილიაში ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაფერისი ადგილი.
არსებობს რამდენიმე დეტალი, რაც ამერიკელმა ტურისტებმა იტალიურ ბარში შესვლამდე უნდა იცოდნენ, მაგალითად ის, რომ იტალიური ბარები მთელი დღის განმავლობაში ღიაა და არ ფუნქციონირებენ მხოლოდ ღამის საათებში. ეს ასევე შესანიშნავი ადგილებია დღის განმავლობაში ესპრესოთი ენერგიის აღსადგენად, თუ ალკოჰოლის მისაღებად ჯერ მზად არ ხართ. იტალიური ბარის კულტურა განსხვავდება ამერიკულისგან: აქ ადამიანები მხოლოდ სამუშაოს შემდეგ არ იკრიბებიან კოქტეილზე, არამედ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ყოვნდებიან, შეექცევიან სასმელსა თუ წასახემსებელს და, ფაქტობრივად, ტკბებიან იმით, რასაც იტალიელები “dolce far niente“-ს უწოდებენ: “ტკბილი უსაქმურობით”.
ამ სიის შესადგენად ჩვენ მოვიძიეთ სიცილიური ბარები, რომლებიც მაღალი შეფასებით გამოირჩევიან როგორც კოქტეილების, ისე კლასიკური იტალიური გარემოს მხრივ. ასე რომ, მოკალათდით და აღმოაჩინეთ სიცილიის შვიდი გამორჩეული ბარი.
Igiea Terrazza Bar (პალერმო)
ბარი მდებარეობს სიცილიის დედაქალაქ პალერმოში: ზღვისპირა კულინარიულ სამოთხეში. აქ დაგხვდებათ დახვეწილი კოქტეილები და მაღალი კლასის ტერასა, საიდანაც პალერმოს ყურის და ულამაზესი სანაპირო ზოლის გასწვრივ გადაჭიმული მთების ხედები იშლება.
ბარის შიდა სივრცე თბილი და მიმზიდველია, ქვის კედლებითა და სიცილიელი მხატვრის, ეუჯენიო მორიჩის მიერ შესრულებული უნიკალური, ვინტაჟური ფრესკებით. Igiea Terrazza Bar სტუმრებს სადილსა და ვახშამს სთავაზობს, ზაფხულობით კი გარემოს ცოცხალი მუსიკა ახალისებს. გარდა ამისა, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 16:00 საათიდან, ბარში ტრადიციული საღამოს ჩაის სერვირებაც კი იმართება.
Igiea Terrazza Bar-ის საფირმო კოქტეილები ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს სკულპტურული გაფორმებებით. მაგალითად, სასმელი სახელწოდებით Tiger Rag, რომელსაც ზემოდან ღრუბელივით ბუშტი ადგას, ერთმანეთთან აერთიანებს ბურბონ Wild Turkey-ს, ვერმუტს, სიცილიურ ბალახეულის ლიქიორ Amaro Averna-ს და მუხის კასრში დაძველებულ ჟასმინის ესენციას. მენიუში ასევე იპოვით ღვინოების ფართო არჩევანსა და სხვა კლასიკურ კოქტეილებს, თუმცა ნამდვილად გამორჩეული სწორედ კალაბრეზეს კრეატიული ნაზავებია.

Bar Timeo (ტაორმინა)
ბოლო წლებში ტაორმინა პოპ-კულტურის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა პოპულარული სერიალის, „თეთრი ლოტოსის“ წყალობით, რომლის მეორე სეზონის უდიდესი ნაწილიც გრანდიოზულ San Domenico Palace-ში გადაიღეს. ეს ქალაქი ასევე ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული ისტორიული ძეგლების სახლია, ხოლო მისი მთიანი სანაპირო ზოლიდან უბადლო ხედები იშლება. კიდევ ერთ ფუფუნების კლასის სასტუმროში, Belmond Grand-ში, მდებარეობს ტიმეორ ბარი, რომელიც სტუმრებს ზღვისპირეთის ზედხედებს სთავაზობს. ეს ადგილი იდეალურია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ გსურთ განტვირთვა, წახემსება და კუნძულის ღია ცის ქვეშ არსებული ატმოსფეროთი ტკბობა.
Bar Timeo კოქტეილების მხრივ ნამდვილად ფუფუნების სეგმენტს მიეკუთვნება: საფირმო სასმელების საშუალო ფასი დაახლოებით 27 ევროა. აქ ასევე იპოვით ვისკის, გრაპას, ბრენდის, კონიაკისა და სხვა სასმელების ფართო არჩევანს. მათთვის, ვისაც ალკოჰოლის გარეშე სურს გარემოთი ტკბობა, მენიუში მთელი შვიდი დასახელების უალკოჰოლო კოქტეილია. სასმელებთან ერთად, ბარი გთავაზობთ წასახემსებლების მრავალფეროვნებას: ზღვის პროდუქტებს და რამდენიმე სახეობის ხიზილალას, ასევე იტალიურ ბრუსკეტას, ბურატასა და თუნუსს, რომელიც სიცილიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულ ფავინიანაზე მეთევზეების მიერ არის დაჭერილი.

Daiquiri (ტაორმინა)
ძვირადღირებული სასტუმროების ბარების შემდეგ, ტაორმინას ისეთ ადგილას გადავინაცვლოთ, სადაც ბევრად უფრო ადგილობრივი ატმოსფერო სუფევს – Daiquiri-ში. ბარი მდებარეობს პალმებითა და ფერადი ხელოვნების ნიმუშებით სავსე, მიმზიდველ ქვის ხეივანში. ეს არის ნამდვილი მარგალიტი ქალაქის ისტორიულ გულში, ტაორმინას დუომოსთან. Daiquiri ქმნის მშვიდ, არტისტულ და უბრალო გარემოს, რაც საშუალებას გაძლევთ ნამდვილად შეერწყათ ქალაქის რიტმს და თავი ადგილობრივად იგრძნოთ.
Daiquiri კვირის ყოველ დღეს 18:00-დან 02:00 საათამდე მუშაობს. მისი ინოვაციური, საფირმო კოქტეილების სია საკმაოდ ვრცელია, სადაც სასმელების უმეტესობის ფასი 16 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, იპოვით კლასიკური სასმელების ფართო არჩევანს, უალკოჰოლო სასმელებსა და ლუდის რამდენიმე სახეობას. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კერძების მენიუსაც: ისეთ მცირე პორციებს, როგორებიცაა „კარტოფილის ღრუბელი“ პარმეზანის ფონდიუთი და ტრიუფელის სოუსით, ან ბალახეულით შეზავებული ხმალთევზას რულეტები სიცილიური ბოსტნეულის მიქსით, უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით.

Mak Mixology (პალერმო)
Galleria delle Vittorie (გამარჯვების გალერეა) არის იტალიური ფაშიზმის ეპოქის სავაჭრო პასაჟი, რომელიც 1970-იან წლებში მიატოვეს. მისი ოდნავ სავალალო და შელახული იერი სრულიად უნიკალურ ფონს ქმნის Mak Mixology-სთვის, ტრენდული კოქტეილ-ბარისთვის, რომელიც 1930-იანი წლების ესთეტიკითაა შთაგონებული. ეს ადგილი კოქტეილების მოყვარულ ფილიპო ჯენოვეზეს ჩანაფიქრია, რომელმაც ბარი 2018 წელს გახსნა განსხვავებული და არაორდინალური სივრცის შექმნის ხედვით. გარემო შიდა ეზოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მორთულია არტ-დეკოს დიზაინის ელემენტებით.
Mak Mixology სიცილიური არომატებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კოქტეილის ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. გემრიელი აპერიტივების მენიუსთან ერთად (რომელიც, როგორც წესი, მსუბუქი, მცირე ულუფებისგან შედგება) აქ დაგხვდებათ კრაფტ-კოქტეილების მდიდარი არჩევანი.
აღსანიშნავია, რომ იტალიელები, როგორც წესი, საკმაოდ გვიან ვახშმობენ, რაც აუცილებლად გათვალისწინებელია იტალიაში კვების დაგეგმვისას. ტრადიციული აპერიტივი შესანიშნავია მთელი ღამის განმავლობაში სასმელთან მისატანებლად. Mak Mixology-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზეთისხილი, ბრუსკეტა და კაპონატა (ბადრიჯნისგან მომზადებული ტრადიციული სიცილიური კერძი), ჯაზით შთაგონებულ კოქტეილებთან ერთად, როგორებიცაა “Round Midnight”, რომელიც კლასიკური „ამერიკანოს“ ვარიაციაა (არ აგერიოთ ყავაში, ეს კოქტეილი ტრადიციულად კამპარითა და ტკბილი ვერმუტით მზადდება). მოემზადეთ განტვირთვისთვის და მოუსმინეთ ცოცხალ მუსიკას პარასკევს, შაბათსა და კვირას, 20:00 საათიდან.

Bohème Mixology Bar (კატანია)
არაფერი შეედრება მყუდრო, მცირე ზომის პოპულარულ ადგილებში მეგობრებთან ერთად საუბარსა და საუკეთესო სასმელების დაგემოვნებას. კოქტეილებზე ორიენტირებული Bohème Mixology Bar, რომელიც მცირე, მღვიმისმაგვარ მყუდრო სივრცეში მდებარეობს, სიცილიის საპორტო ქალაქ კატანიას ნამდვილი ფარული მარგალიტია. ორიგინალური ვინტაჟური ავეჯითა და ადგილობრივი კოლორიტით სავსე ბარს არ აქვს კოქტეილების მენიუ. ეს ნიშნავს, რომ გამოცდილი მიქსოლოგი პირადად გაიგებს თქვენს გემოვნებას: ან იმას, თუ რისი გასინჯვა გსურთ, რათა ექსპრომტად შექმნას რაიმე კრეატიული და გემრიელი. სპეციალურად თქვენს გემოვნებაზე მორგებული პერსონალიზებული კოქტეილების შექმნის კონცეფცია ერთდროულად საოცარიც არის და ინოვაციურიც.
ღია ცის ქვეშ გატარებული ხანგრძლივი დღის შემდეგ აქ განტვირთვას ნამდვილად შეძლებთ. მისი ტერასა საფეხმავლო ზონაში მდებარეობს. აუცილებლად გასინჯეთ “Radici di Terra Mediterranea” — ჭარხლის სუნელებით შეზავებული კერძი შებოლილი ბადრიჯნით.

Gagliardi Hotel Bar (ნოტო)
შესანიშნავი სიცილიური ბარების სია უბრალოდ სრული ვერ იქნებოდა რამდენიმე საოცარი ტერასული ბარის გარეშე, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. ერთ-ერთი ასეთია Terrazza, რომელიც ნოტოში მდებარე სასტუმროს სახურავზე მდებარეობს: ზღაპრულ სიცილიურ ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ანტიკური ქუჩებით, სამზარეულოთი და ხელოვნებით. XIX საუკუნის სასახლის სახურავზე განთავსებულ ბარში ნამდვილად მშვიდი ატმოსფერო სუფევს, საიდანაც ხედი XVIII საუკუნის დახვეწილ სასახლეზე იშლება, ხოლო მის უკან თვალწარმტაცი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აღმართულა. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღის მიწურულს, როდესაც მზე ოქროსფერ შუქს ჰფენს გარშემო მდებარე შენობებს.
Terrazza Gagliardi-ს გვერდით მდებარეობს Lounge Bar, რომელიც სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სთავაზობს სასმელებსა და წასახემსებლებს. ხოლო როდესაც ზამთარში ამინდი ცივდება, გალერეა შიდა ბარის სივრცედ გარდაიქმნება. დაწყებისთვის საუკეთესო არჩევანი “Negroni Gagliardi”-ა, რადგან ის ფორთოხლის, არტიშოკისა და ნოტოს ველზე მოყვანილი ნუშის ნოტებს აერთიანებს.

Bar Vitelli (სავოკა)
პატარა ქალაქი სავოკა, რომელიც სიცილიის კარიბჭედ წოდებული მესინოდან სამხრეთით მდებარეობს, შესაძლოა მთელ კუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ბარის, Bar Vitelli-ს სახლია. მან სახელი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმ „ნათლიაში“ (The Godfather) გამოჩენით გაითქვა. იონიის ზღვის სანაპიროსთან ახლოს, მთებში ჩაფლული კინემატოგრაფიული ისტორიის ეს ნაწილი მხოლოდ ამ მიზეზითაც კი ღირს სანახავად, თუმცა ის ასევე ძალიან სასიამოვნო ადგილია ვაზის ხეივნის ჩრდილქვეშ, ტერასაზე დასასხდომად და ხედებით დასატკბობად. რა თქმა უნდა, კინოისტორიის წყალობით ის საკმაოდ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რის გამოც შესაძლოა ძალიან ხალხმრავალი იყოს. თუმცა, თუ მზის ქვეშ გატარებული დღის შემდეგ დასვენებას ეძებთ, ეს ნამდვილად კარგი ადგილია განტვირთვისთვის.
Bar Vitelli გთავაზობთ ხელნაკეთი საკონდიტრო ნაწარმის, სალათებისა და წასახემსებელი კერძების ფართო არჩევანს, ასევე ლუდს, ღვინოს, კოქტეილებსა და, ზაფხულის სეზონზე, ნუშისა და ციტრუსის სასმელებს.











