კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაორმინაზე! ეს არის ადგილი, რომელიც მოგვაგონებს სცენებს ძველი იტალიური ფილმებიდან მისი პასტელური შეფერილობის სახლებით, ანტიკური ეკლესიებით, პანორამული გადმოსახედებით და სასახლეებით. ეს კლდოვანი ქალაქი იონიის ზღვას და ეტნას მთას გადმოჰყურებს და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია სიცილიაზე. გაატარეთ რამდენი დღე ვიწრო ხეივნების და პატარა კიბეების დათვალიერებაში, ჯანსაღი ზღვის პროდუქტების მირთმევაში, სუფთა წყალში ბანაობაში და დატკბით “დოლჩე ვიტას” ატმოსფეროთი. ამ მომხიბვლელი ქალაქის ცენტრი ძირითადად საფეხმავლოა და ყველა კუთხეში აქ განსაკუთრებული სილამაზე გელით.
აღმოაჩინეთ Isola Bella
Isola Bella ანუ “ლამაზი კუნძული” მომხიბვლელ ბუნებას წარმოგვიდგენს. ის ხმელეთს სანაპიროთი და ვიწრო ქვიშიანი გზით უერთდება და შესანიშნავი ადგილია შუადღის გასატარებლად. გამოიკვლიეთ ეს დაცული ტერიტორია, იშვიათი სახეობის მცენარეები და ხეები და ეწვიეთ სახლ-მუზეუმს მთაზე. აქედან გადაშლილი ხედი აუცილებლად მოგხიბლავთ.
ტაორმინას ვილა
Villa Comunale di Taormina – საჯაროდ ღია ბაღია სავსე ლამაზი ხეებით, ყვავილებით და კაქტუსებით. მისი მონახულება უფასოა და გვთავაზობს ხედებს სანაპიროზე და ეტნას მთაზე. ბაღში აშენებული უნიკალური შენობები ჩიტებზე სადამკვირვებლო გადმოსახედებია და ლამაზი ფოტოების გადაღების ლოკაციებად გამოგადგებათ. გაერიდეთ სიცხეს და დაისვენეთ ამ მშვიდ ადგილას რამდენიმე საათით! მოიწყვეთ პიკნიკი. ბაღი ყოველდღე ღიაა დილის 9 საათიდან მზის ჩასვლამდე.
კორვაიას ციხესიმაგრე
Palazzo Corvaja მე-10 საუკუნეში აშენდა ქალაქის დასაცავად. მისი სახელი ტაორმინაზე მცხოვრები ძველი პატივსაცემი არისტოკრატი ოჯახის გვარიდან გამომდინარეობს. შენობა რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს: არაბულს, ნორმანულს და გოთიკურს. დღეს აქ ტურისტული ოფისი და სიცილიური ხელოვნების და ტრადიციების მუზეუმია. ასე რომ, მოინახულეთ ის გარედანაც და შიგნიდანაც!
ტაორმინას ანტიკური თეატრი
Teatro Antico di Taormina – ბერძნულ-რომაული ამფითეატრია აგებული ჩვ.წ.-მდე მესამე საუკუნეში და დღემდე გამოიყენება კონცერტების, სპექტაკლების და კინოფესტივალების ჩასატარებლად. აქედან დაინახავთ შთამბეჭდავ ეტნას მთას და მბზინავ იონიის ზღვას. კორსო უმბერტოს ქუჩიდან და ვილა კომუნალედან ამფითეატრთან მარტივად მოხვდებით. აიღეთ გიდის ტური ან დაათვალიერეთ დამოუკიდებლად, ჩაიძირეთ ისტორიულ ატმოსფეროში და ულამაზეს ხედებში! აქვე მდებარეობს კაფე ტერასით. თეატრი ღიაა ყოველდღე, ზაფხულობით დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ხოლო ზამთარში შუადღის 4-მდე. ყოველი თვის პირველ კვირა დღეს შესვლა უფასოა.
ისიამოვნეთ აპერეტივოს კულტურული რიტუალით
Aperitivo ერთგვარი წინასავახშმო რიტუალია მეგობრებთან ერთად საღამოს მზის ქვეშ. ის იტალიური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტაორმინაში ყოფნისას გირჩევთ საყვარელ კაფეს სახელად: La Locanda Dei Mori, სადაც დიდ პორცია სალათას, ბრუსკეტას და პასტას მოგიტანენ. სიცილიური ცხოვრების უკეთ შესაცნობად, მიაყოლეთ საჭმელს გემრიელი კოქტეილი.
პიაცა IX Aprile
Piazza IX Aprile – ტაორმინას გულში მდებარე მთავარი მოედანია, სადაც ადგილობრივები და ტურისტები იკრიბებიან. აქ ცოცხალი ატმოსფერო იქმნება: ბავშვები თამაშობენ, მუსიკოსები უკრავენ და ოჯახები სავახშოდ იკრიბებიან. პიაცა გვთავაზობს გადმოსახედს ზღვაზე და მთაზე, რაც განსაკუთრებით მომაჯადოვებელია მზის ჩასვლის დროს. მოინახულეთ ორი ულამაზესი ტაძარი და ძველი საათის კოშკი. შეუკვეთეთ აპერეტივო! გაითვალისწინეთ, რომ აქ მდებარე კაფეები ყავის ორმაგ საფასურს გადაგახდევინებენ, ამიტომაც დილის ყავისთვის სხვა ადგილი არჩიეთ.
მადონას ტაძარი
Chiesa Madonna della Rocca – პატარა ეკლესიაა მთაზე, რომელიც ქალაქს ზევიდან გადმოჰყურებს. მისი მონახულება ტაორმინაზე ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა. ქალაქის ცენტრიდან აქ ასასვლელად 30 წუთიანი ლაშქრობა მოგიწევთ. თუ აქ მზის ჩასვლის პერიოდში ახვალთ, განსაკუთრებული ხედებით დაჯილდოვდებით. ტაძარი ღიაა ყოველდღე: 9:30-12:30 და 16:00-19:30. ზამთარში მხოლოდ დილით იხსნება. შესვლა უფასოა.
კორსო უმბერტო
Corso Umberto – ტაორმინას მთავარი ქუჩაა, რომელიც აერთებს მესინას და კატანიას პორტების ძველ კარიბჭეებს ქალაქის ცენტრთან. აქ შემოგეგებებათ ეკლესიები, სასახლეები, ტანისამოსის მაღაზიები, კერამიკის სტუდიები და ფერადი კაფეტერიები. მთავარ საფეხმავლო გამზირს ბევრი ვიწრო ქუჩა უერთდება.
ტაორმინას დუომო
Duomo di Taormina – ქალაქის მთავარი კათედრალია. ამ მშვენიერ შენობას ულამაზეს პიაცა დელ დუომოზე აღმოაჩენთ. ის მე-12 საუკუნეში აშენდა და სამხედრო შენობას უფრო წააგავს, ვიდრე ეკლესიას. შეავსეთ წყლის ბოთლი მოედანზე მდებარე ქვის შადრევანში, რადგანაც აქ სასმელი წყალი მოდის.
ბორანი კუნძულებზე
სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროდან ეოლიის კუნძულების მონახულება შეიძლება, სადაც ერთ სრულ დღეს ან ნახევარ დღეს გაატარებთ. 7 ვულკანური კუნძული იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და აქ ბევრი ლამაზი სოფელი, უნიკალური სანაპიროები და ვენახებია. ბორნები მილაცოდან დადიან, რაც ტაორმინადან 1 საათის გზაზეა. შეგიძლიათ გაყვეთ ორგანიზებულ ტურებსაც.
ეტნას მთა
ტაორმინადან 1 საათის გზაზე გასაოცარი ეტნას მთა გელოდებათ, ევროპის უმაღლესი აქტიური ვულკანი. ადით პანორამული ხედებით დასატკბობად, კრატერების, ლავა მინდვრების და ყინულის გამოქვაბულების სანახავად. აღსანიშნავია, რომ სიცილიის საუკეთესო ღვინოს სწორედ აქ აწარმოებენ. უმჯობესია თუ ჩაეწერებით ნახევარ დღიან ან ერთდღიან ტურებზე პროფესიონალი გიდის თანხლებით. საუკეთესო დროა გაზაფხული და შემოდგომა ცოტა ტურისტით და სასიამოვნო ტემპერატურით.
ალკანტარას ბოტანიკური და გეოლოგიური პარკი
Gole Alcantara – ულამაზესი ლურჯი მდინარეა, რომელიც ვულკანურ კანიონში მიედინება და ტაორმინადან 30 წუთის გზაზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნოდ გაგრილდეთ. კანიონის საფეხმავლო ბილიკი ბოტანიკურ ბაღში მიგიყვანთ, სადაც ულამაზესი ფლორა და ფაუნაა. შესვლის ღირებულებაა 8 ევრო ან 1.50 ევრო, გააჩნია საიდან შედიხართ. ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე.