აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა გრძელი, ამაღელვებელი და ზოგჯერ ტრაგიკული ისტორიით, ტურისტულად ღირებული და პოპულარული მიმართულებაა. პოლონეთი გამოირჩევა სამეფო სასახლეებით, ციხესიმაგრეებით, ფოტოგენური ქალაქებით და ლამაზი ლანდშაფტებით. სამხრეთით მდებარე კარპატის მთებიდან, ჩრდილოეთით მდებარე მასურის ტბებამდე, პოლონეთი საოცნებო მიმართულებაა თუ თავგადასავლები გიყვართ. თუ ურბანული დახვეწილობა გხიბლავთ, ეწვიეთ ვარშავას, კრაკოვს ან ლოძს. პოლონეთის ქალაქები ბევრი სანახაობით, ავთენტური სამზარეულოთი და ბიუჯეტურობით გამოირჩევიან. ჩვენ აქ მოგზაურობამდე სასარგებლო რჩევებს მოგცემთ:

როდის უნდა წახვიდეთ პოლონეთში?
აქ სამოგზაუროდ არცერთი სეზონი არაა თავიდან ასარიდებელი. კარგი ამინდისთვის, საზაფხულო ფესტივალებისა და დღესასწაულებისთვის, აქ მაისიდან სექტემბრის დასაწყისამდე უნდა დაჯავშნოთ დასვენება. პოლონეთის ქალაქები თბილ ტემპერატურასთან ერთად ცოცხლდებიან. ზაფხულში სტუმრობა კარგია ქვეყნის 23 ეროვნული პარკის მოსანახულებლადაც. თუმცა, ქალაქგარეთ მოგზაურობა გაზაფხულის და შემოდგომის სეზონზეც ლამაზია. ზამთარში კი აქაური ქალაქები ჯადოსნური საშობაო ბაზრობებით გიმასპინძლებენ. პოლონეთი ასევე სათხილამურო კურორტებსაც გვთავაზობს, რომელთა შორის გამორჩეულია ზაკოპანი.

რამდენი დრო გჭირდებათ პოლონეთში სამოგზაუროდ?
2 ან 3 დღე მინიმალურია, რომელიც ვარშავას ან კრაკოვის დასათვალიერებლად გჭირდებათ. ამ დროში ყველაფრის მონახულებას ვერ მოასწრებთ, მაგრამ დაახლოებით მაინც შეიგრძნობთ ქალაქს. საუკეთესო ვარიანტია, რომ პოლონეთში 2 კვირა გაატაროთ და რამდენიმე ქალაქი მოინახულოთ. 1 თვის შემთხვევაში კი მაქსიმალურად მოიცავთ ქვეყნის პარკებს და ღირსშესანიშნაობებს.

მარტივია პოლონეთში გადაადგილება?
პოლონეთი საერთაშორისო ფრენების სიმრავლით გამოირჩევა. დედაქალაქის მთავარი ცენტრალური აეროპორტია ვარშავას შოპენის აეროპორტი, 39 კილომეტრით დაშორებული მოდლინის აეროპორტი კი ბიუჯეტურ ფრენებს მასპინძლობს. სხვა საერთაშორისო აეროპორტებია: გდანსკის, კრაკოვის, ლოძის და ვროცლავის. ასევე, ძალიან გამართულია სარკინიგზო და ავტობუსის ხაზები, განსაკუთრებით ბერლინისა და ვენის მიმართულებით. სამგზავრო სისტემა ქვეყნის შიგნითაც განვითარებულია. გამართული და ხშირი რეისები ბილეთების ბიუჯეტური ფასებითაც გამოირჩევიან. ქალაქების ისტორიულ უბნებს ფეხითაც ადვილად გამოიკვლევთ.

საუკეთესო აქტივობები პოლონეთში
კრაკოვი, ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი, ისტორიით და ჰარმონიული არქიტექტურით გამოირჩევა. მის ცენტრში ევროპის უდიდესი შუასაუკუნოვანი ბაზრობაა. ასევე, გასაოცარი ვეიველის სამეფო სასახლე, რომელიც ძველ ქალაქს მთიდან გადმოჰყურებს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ქალაქის ყველა ნაწილი ამაღელვებელია, მათ შორის ყოფილი ებრაული უბანი. ვარშავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთლიანად აღადგინეს. მისი აღორძინების მუზეუმი ქალაქის მძიმე ისტორიაზე ფოკუსირდება. არ უნდა გამოგრჩეთ არც სხვა კულტურის ძეგლები. ტორუნი, გოთიკური ქალაქია მდინარე ვისტულაზე, რომლის ძველი უბანიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა თავისი მუზეუმებით, ეკლესიებით და მოედნით. მიირთვით ჯანჯაფილის თაფლაკვერი, ტორუნის საკულტო ტკბილეულობა, რომელსაც ჯანჯაფილის მუზეუმში თავადაც დაამზადებთ. თუ ქუჩის ხელოვნება გიყვართ, ლოძი ის პოლონური ქალაქია, სადაც კედელზე მხატვრობა ისეთ დონეზეა აყვანილი, როგორც ქვეყნის არცერთ წერტილში. ქალაქი ფაქტობრივად ერთი დიდი ხელოვნების გალერეაა.

პოლონეთი ევროკავშირის წევრია
ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც პოლონეთში სხვა მეზობელი ევროკავშირის ქვეყნებიდან შევდივართ, მათ შორის: ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან და სლოვაკეთიდან, სასაზღვრო შემოწმებას არ გავდივართ. თუმცა, პოლონეთში ოფიციალური ვალუტა ზლოტია და სწორედ ამ ვალუტაში ხდება ვაჭრობა და ყველა მომსახურეობის გადახდა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ბევრგან გადააწყდებით უფასო WIFI-ს.

როგორია პოლონური საკვები?
პოლონელებს ძალიან უყვართ კარტოფილი და მისგან დამზადებული კერძები. ადგილობრივების ერთ-ერთი ფავორიტია ჯემის დონატები – pączki და კარტოფილის პიროგები ანუ დამპლინგები. ასევე, უნდა აღვნიშნოთ პოლონური საფირმო სოსისები – kiełbasa, რომელსაც სხვადასხვა ხორცისგან ამზადებენ. აქ შეხვდებით ვეგეტარიანული და ვეგანური კერძების კრეატიულ ვარიანტებსაც.











