მაგიური სასახლეები, გოთიკური ქუჩები, ძველი მოედნები და თოვლიანი მთები – ჩვენ პოლონეთის ყველაზე ლამაზ დასახლებებს გაგაცნობთ: ქალაქებსა და სოფლებს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანას ბევრი ტურისტული ქალაქი აქვს, თუმცა არც ულამაზესი სოფლებია გამოსატოვებელი.

კრაკოვი

კრაკოვის ძველი უბნის შენობები ბაროკოსა და რუმინული არქიტექტურის შერწყმას წარმოადგენს. ვისტულას მდინარის ნაპირი კი ბოჰემურ კაფეებს გთავაზობთ. გაისეირნეთ ვეიველის მთაზე და იხილეთ ელეგანტური ვეიველის სასახლე. აქ მოგზაურობისას არ გაგიკვირდებათ თუ რატომ სტუმრობს ამ ქალაქს 7 მილიონი ტურისტი ყოველწლიურად.

ჰოჰოლოვი/Chochołów

პოლონეთის და სლოვაკეთის საზღვარზე მდებარე ეს პატარა დასახლება მთებს შორისაა მოქცეული. ის ერთნაირი საყვარელი ხის სახლებით გამოირჩევა, რომლებიც მოწესრიგებულ ქუჩებს ქმნიან. ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა მიმდებარე ტყეებში სეირნობა.

პოზნანი

პოზნანი პოლონეთში მოგზაურებს ისტორიითა და კულტურით ხიბლავს. ძველი ქალაქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკოსნტრუქციას დაექვემდებარა, თუმცა აქ ავთენტური ფერადი სახლები და მყუდრო ცენტრალური მოედანი დაგხვდებათ, რომელიც შთაბეჭდილების ქვეშ ნამდვილად მოგაქცევთ.

კაზიმირზ დოლნი/Kazimierz Dolny

ვისტულას მდინარეზე მდებარე ეს ქალაქი, კრაკოვის შემდეგ, პოლონეთის საუკეთესოდ შემონახული ისტორიული დასახლებაა. მას ვარშავადან 150 კილომეტრში აღმოაჩენთ. ურბანულ სილამაზეს, ბუნების მშვენიერებაც ემატება. ქალაქის გარშემო მთები და მინდვრები, ასევე მდინარის ნაპირია.

ტორუნი

იუნესკოს სიაში შესული ეს ქალაქი, ვარშავასა და ბალტიის ზღვას შორის მდებარეობს და ქვეყანაში გამორჩეულად ლამაზი ურბანული ცენტრით იკვეხნის. ტორუნში გერმანული გავლენა იგრძნობა. აქ ციხესიმაგრე, ეკლესიები და გოთკური ფასადები დაგხვდებათ.

გდანსკი

გდანსკი ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე მაგიური და ისტორიული ცენტრია ანტიკური ნავსადგურით და ქვაფენილიანი ქუჩებით. მისი ზღვისპირა კურორტი სოპოტი ოქროსფერი ქვიშით და ცოცხალი ღამის ცხოვრებით გამოირჩევა.

ზამოშჩი/Zamość

უკრაინის საზღვართან მდებარე ეს ბრწყინვალე ქალაქი რენესანსის და ბაროკოს კონსტრუქციებით იწონებს თავს. დაათვალიერეთ ფერადი, გევრდიგვერდ ჩამწკრივებული მუნიციპალური შენობები, რომლებიც ცენტრალურ მოედანს ქმნიან და მყუდრო ატმოსფეროს უზრუნველყოფენ.

ზალიპი/Zalipie

ზალიპი პოლონეთის ყველაზე ცნობილი სოფელია, რომელიც ვიზიტორებს ხელით მოხატული კოტეჯებით იზიდავს. სოციალურ ქსელებში ამ ფერად სახლებთან გადაღებული ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამ საოცარ დასახლებასთან ავტობუსი ტარნოვიდან მიგიყვანთ.

როუნია/Równia

ეს სოფელი უნიკალური ეკლესიითაა ცნობილი – ბერძნული ორთოდოქსული ტაძრით, რომელიც 1976 წლიდან კათლიკურ ეკლესიად გარდაიქმნა. ის მე-18 საუკუნეში აშენდა. უცნაური და გამორჩეული შენობა დიდ მინდორზე ეულად დგას.

ზაკოპანი/Zakopane

პოლონეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე მდებარე ზაკოპანი პოლონეთის “ზამთრის დედაქალაქია”. აქ ადვილად მოხვდებით ავტობუსით ან მატარებლით კრაკოვიდან. ერთ დღიანი ტურისთვის ეს მშვენიერი ადგილია. თოვლის დროს ზაკოპანი სრიალის საშუალებასაც იძლევა. ზაფხულში კი შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ და საკულტო არქიტექტურით დატკბეთ, რომელსაც “ზაკოპანის სტილსაც” კი უწოდებენ.