ბარსელონაში ხშირად ხელოვნებით დასატკბობად მიდიან, თუმცა ის ოჯახების კომფორტული დასვენებისთვისაც მშვენიერი მიმართულებაა, რადგანაც ქალაქში ბევრი საბავშვო სივრცეა. იქნება ეს კრეატიული არქიტექტურა, ავანგარდული გალერეები თუ სანაპირო ზოლი, ბავშვებს ბარსელონაში ვიზიტი მხიარულად დაამახსოვრდებათ.

ამ ქალაქის ფერები მათ ფანტაზიას გაუმდიდრებს და ღირსშესანიშნაობების მონახულებას ოჯახისთვის უფრო სასიამოვნოს გახდის. ბარსელონას ცენტრი პატარაა და მისი ფეხით შემოვლაც შეიძლება, მეტროში ნავიგაციაც მარტივია. შეიძინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საოჯახო ბილეთი (T-Familiar), რომლითაც 4 ადამიანს შეუძლია 8 მგზავრობის განხორციელება.

გაითვალისწინეთ, რომ ბარსელონას სამუშაო საათები ცოტა განსხვავებულია. ბევრი მაღაზია და რესტორანი შუადღის 2 საათიდან 4 საათამდე იკეტება. აქ ძირითადად გვიან მიირთმევენ და საუკეთესო რესტორნებიც სამზარეულოებს საღამოს 8 საათიდან ხსნიან. თუმცა, რადგანაც კოსმოპოლიტური ქალაქია, აქ დანაყრება მაინც ყველა დროსაა შესაძლებელი.

რომელია საუკეთესო ადგილი ბარსელონაში ბავშვებისთვის? ზღაპრული ქუჩები სახელად Ciutat Vella ნამდვილად გააოცებს პატარებს. აქ ბევრი ტაპასის ბარი და ლამაზი სახლია. საკვებ ობიექტებს საბავშვო გასართობი ზონები აქვთ, მაგალითად Plaza del Sol-ს და Sopa Barcelon-ს.

როდესაც ქალაქით დაღლას შეატყობთ, გაასეირნეთ რომელიმე პარკში ან სანაპიროზე. ყველაზე დიდი პარკია Parc de la Ciutadella. კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი ბავშვებს ბლოკნოტებს და ფანქრებს აძლევს რათა მათ დახატონ, თუ ინსპირაციას იგრძნობენ.

საუკეთესო 5 წლამდე ბავშვებისთვის

ციტადელის პარკი/Parc de la Ciutadella

ამ უზარმაზარ ოაზისში პატარები გაერთობიან ზოოპარკით, მუზეუმით, ბაღით და მათთვის შემოთავაზებული უფასო ვორქშოფებით სპეციალურ სივრცეში.

გაისეირნეთ რომელიმე სანაპიროზე

თუ კარგი ამინდია, პატარები აქ ქვიშაში თამაშით გაერთობიან, ან უბრალოდ ირბენენ ტალღების გასწვრივ. მთავარი სანაპირო ბარსელონას ცენტრთან საკმაოდ ახლოსაა. უფრო მშვიდი სანაპიროებია: Bogatell და Nova Icària.

საუკეთესო 10 წლამდე ბავშვებისთვის

ტიბიდაბოს თემატური პარკი/Tibidabo theme park

ეს გასართობი სივრცე მთაზე მდებარეობს და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. აქ მინიატურული მატარებელი და სხვა საკულტო ატრაქციონები მდებარეობს.

კასა ბატლო/Casa Batlló

გაუდის გამორჩეული ხელოვნება, რომელიც ამ უნიკალურ შენობაშია არეკლილი, 12 წლამდე ბავშებისთვის უფასოა დასათვალიერებლად. მათ აქ საინტერესო აქტივობები დახვდებათ. აქ განთავსებულია ბავშვთა ეტლებიც.

საგრადა ფამილია/Sagrada Familia

გაუდის ეს გასაოცარი კათედრალი ბარსელონაში აუცილებლად სანახავია. როდესაც ბავშვები მისი ინტერიერით მოიხიბლებიან, გაიყვანეთ გარეთ, ტაძრის წინ მდებარე გასართობ სივრცეში და თავად დატკბით საგრადას ექსტერიერის ყურებით.

საუკეთესო 15 წლამდე ბავშვებისთვის

ნავის ტური

ბარსელონას ხედები წყლიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ზოგიერთი ტურ-ოპერატორი გთავაზობთ ბიუჯეტურ ნავის ტურებს სხვა ვიზიტორებთან ერთად. მგზავრობა დაახლოებით 2 საათს გრძელდება და გადის ქალაქგარეთაც.

გუელის პარკი/Park Güell

გაუდის ეს პარკი მშვენიერი ადგილია ყველა ასაკის ბავშვისთვის, მაგრამ შედარებით დიდები დააფასებენ აქაური მოზაიკების დიდებულებას და დატკბებიან ხედებით ტერასიდან.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთები შეგიძლიათ იქირაოთ მაღაზიებში: BackPackBaby და easytravelkids.