იქიდან გამომდინარე რომ მილანში მდებარეობს იტალიის სიდიდით მეორე აეროპორტი, ზუსტად აქედან იწყება იტალიური მოგზაურობა ბევრისათვის. იმის მიუხედავად, რომ აქ ვერ იხილავთ რომის ანტიკურ ნანგრევებს და ვენეციის რომანტიულ არხებს, მილანი მაინც შეძლებს თქვენს ბევრით გაოცებას. მილანის  ღირსშესანიშნაობების შესასწავლად 3 დღე სავსებით საკმარისია, ამიტომ შევეცდებით აგიღწეროთ გეგმა, რის მიხედვითაც შეძლებთ ამ საოცარი ქალაქის მაქსიმალურად მონახულებას. 

პირველ რიგში მოგზაურობამდე გირჩევთ იზრუნოთ „საიდუმლო სერობის“ ბილეთის დაჯავშნაზე. მილანის ამ მთავარ ღირსშესანიშნაობაზე ბილეთის ყიდვა აუცილებლად 2-3 თვით ადრე უნდა დაგეგმოთ, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებით მონახულებადია ტურისტებისათვის. თუ თქვენი მოგზაურობის პერიოდისათვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, შეგიძლიათ მოიძიოთ ტური მილანში გიდის თანხლებით, რომლის მომსახურებაშიც შევა ლეონარდო და ვინჩის ფრესკების მონახულებაც.

პირველი დღე მილანში


პირველ რიგში ჩამოსვლისთანავე ყველა ტურისტმა უნდა ნახოს ცნობილი ულამაზესი დუომოს ტაძარი, რომელიც იგივე სახელწოდების „დუომოს“ მეტროს სადგურთან მდებარეობს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ეკლესიაა. აუცილებლად გირჩევთ ინტერიერის დათვალიერების შემდეგ ახვიდეთ  სახურავზე, ამისათვის უნდა შეიძინოთ აბონიმენტი Duomo Pass. აბონიმენტის მიხედვით შეგიძლიათ ეწვიოთ ტაძარს, ახვიდეთ სახურავზე, ასევე მოინახულოთ მუზეუმი და ბაპტისტერიაც. 

საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარეობს მილანის კიდევ ერთი ლამაზი ღირსშესანიშნაობა – Vittorio Emanuele II გალერეა. ეს ადგილი ცნობილია მდიდრული მაღაზიებით, ხარის ფორმის მოზაიკით, რომელიც, ლეგენდის თანახმად, წარმატების მომტანია. გალერეის საპირისპირო მხარეს შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმს ცნობილ თეატრ La Scala-ში. 

შემდგომ გაემგზავრეთ Pinacoteca di Brera-სკენ. ეს მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია, სადაც ინახება რაფაელის, კარავაჯოს, აიეცას, მონტენიისა და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები.

მეორე დღე

თუ შეიძინეთ ბილეთი „საიდუმლო სერობაზე“, მაშინ სწორედ აქედან დაიწყეთ თქვენი დღე. შემდგომ შეგიძლიათ გაისეირნოთ უდიდეს პარკ Sempione-ში და დატკბეთ მილანის მწვანე ბუნებაში დასვენებით. კარგი ამინდის დროს აქ ადგილობრივებს უყვართ შეკრება პიკნიკისათვის, ფეხბურთის სათამაშოდ და უბრალოდ ბუნებით ტკბობისათვის. Sempione მდებარეობს Sforzesco-ს ცნობილ სასახლესთან ახლოს, სადაც შექმნილია კუნძული რამოდენიმე მუზეუმისაგან და ყველას მონახულება მხოლოდ ერთი ბილეთის შეძენით შეგიძლიათ.

მესამე დღე


მესამე დღე დაიწყეთ Duomo-ს მოედნიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით – Reale-ს სასახლისკენ. ამ მუზეუმის ექსპონატებით დატკბობის შემდეგ, შეგიძლიათ გაეშუროთ მილანის კიდევ ერთი ცნობილი მუზეუმისაკენ – Pinacoteca Ambrosiana, სადაც ლეონარდო და ვინჩის ესკიზებისა და წერილების უდიდეს კოლექციას იხილავთ სახელწოდებით „Codex Atlanticus”. შემდგომ შეგიძლიათ გაეცნოთ იტალიის ჩრდილო დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს მე-12 საუკუნის ბაზილიკაში Sant’Ambrogio, რომელიც მილანის წმინდა მფარველს ეძღვნება.

შემდეგი გაჩერება – კიდევ ერთი ბაზილიკა San Lorenzo Maggiore. ამ ეკლესიის მოედანზე იხილავთ ძველ რომაულ კოლონებსა და ანტიკურ დროში მოღვაწე მმართველების ძეგლებს.


თუ დრო გეყოფათ, გაემგზავრეთ ცნობილ რაიონში Naviglio, სადაც ლეონარდო და ვინჩის მიერ დაპროექტებული მილანის არხებია მოფენილი. ეს თვალწარმტაცი რაიონი ცნობილია გალერეებითა და სამხატვრო სტუდიებით, რესტორნებითა და ბარებით. მოგზაურობის დასრულებას მილანში განსაკუთრებით გირჩევთ Navigli-ს რომელიმე რესტორანში ან ბარში ვახშამის შემდეგ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პატარა გზამკვლევი დაგეხმარებათ იტალიის მოდურ და ფინანსურ დედაქალაქში განუმეორებელი დღეების გატარებაში.