როცა მილანზე ვფიქრობთ, თავში მოდა და ფინანსები გვიტივტივებს. თუმცა, თუ მოდის მოყვარული ან ბანკირი არ ხართ, ამ ქალაქში სათქვენოდ მაინც ბევრ რამეს გამონახავთ. ჩრდილოეთ იტალიის ამ მშვენიერი დასახლების ბიუჯეტური მოვლა ნამდვილად შესაძლებელია.
ტაძარი – Il Duomo
მილანის დუომო მსოფლიოს უდიდესი ეკლესიაა და ის 40 000 ვიზიტორს იტევს. ამ გოთიკურ სამლოცველოში შესვლა უფასოა, მცირე თანხას იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახურავზე გსურთ ასვლა. მზად იყავით იმისთვის, რომ დუომო მილანის ყველაზე დატვირთული ადგილია.
გალერეა – Vittorio Emanuele II
თუ მოდა და ხელოვნება გიყვართ, ეს გალერეა აუცილებლად უნდა ნახოთ და იმ შემთხვევაშიც თუ არ გიყვართ, ის მაინც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. დაათვალიერეთ პრადას, ვერსაჩეს თუ ფერარის ნიმუშები, მიირთვით ყავა რომელიმე კაფეში და იპოვნეთ მოზაიკა იატაკზე. ამბობენ რომ, თუ ამ მოზაიკაზე გაჩერდებით და მარჯვენა ფეხზე სამჯერ დატრიალდებით იღბალი გარანტირებული იქნება.
პარკი – Sempione
მართალია მილანის დიდი ნაწილი მარმარილო და ქვაა, მაგრამ აქ სიმწვანესაც იპოვნით. ქალაქის ცენტრში უზარმაზარი პარკია გაშენებული, სახელად სემპიონე, სადაც უნიკალური ღირსშესანიშნაობები დაგხვდებათ. თბილ დღეებში მოიწყვეთ პიკნიკი, გაუყევით მშვიდობის თაღის ბილიკებს, გაიარეთ ტბასთან, იხილეთ მუზეუმი და აშ. ადვილია გაატაროთ აქ ერთი სრული დღე, თუ კომფორტული ფეხსაცმლით შეიმოსებით.
სასახლე – Sforzesco
Castello Sforzesco მილანის ერთ-ერთი მარგალიტია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებში ეს ადგილიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქ მაინც მიაგნებთ ადგილს, სადაც განმარტოებას შეძლებთ. 1300 წელს აშენებულმა სასახლემ ქალაქზე თავდასხმებს გაუძლო და მე-15 საუკუნეში რეკონსტრუქციას დაექვემდებარა. მოგვიანებით, Sforzesco ევროპის უდიდესი სიმაგრე გახდა. შესვლა უფასოა თვის ყოველ პირველ და მესამე სამშაბათს.
ბაზილიკა – Sant’Ambrogio
ეს ბაზილიკა მილანის სულიერი ცხოვრების გულია, ასევე, იტალიელების ყველაზე საყვარელი ეპისკოპოსის სახლი. წმ. ამბროსი გუბერნატორი იყო, რომელიც ხალხმა ეპისკოპოსად აირჩია. თავიდან მან უარი თქვა ამ წოდებაზე, თუმცა საზოგადოების დიდი თხოვნით მაინც დათანხმდა. სამაგიეროდ, ამბროსმა გადაწყვიტა ღარიბი ხალხისთვის ყველა თავისი მიწა გადაეცა. სპეციალურ ტურს თუ შეიძენთ, იტალიელ წმინდანზე უფრო მეტს გაიგებთ. დამოუკიდებლად სეირნობა კი აქ უფასოდ შეგიძლიათ.
ბოტანიკური ბაღი – Orto Botanico di Brera
მილანის ტურისტულ ქაოსს შეგიძლიათ ამ ბაღშიც გაექცეთ. ეს მწვანე ოაზისი დუომოდან ან სემპიონედან საკმაოდ მოკლე მანძილზე მდებარეობს. მე-18 საუკუნის ბაღი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეიქმნა და აქ სამედიცინო მცენარეებს ახარებდნენ. დღეს ფლორის მოყვარულებს აქ სასიამოვნო განტვირთვა ელით.
ლანჩი – Navigli
მილანში შეგიძლიათ უფასო ლანჩიც მიირთვათ. მილანის ცნობილი არეალი ხიდებით, ბარებით, რესტორნებით და აპერეტივოთია ცნობილი. აპერეტივო სადილის წინ დასალევ სასმელს ნიშნავს, თუმცა, ნავილიში ის უფასო ლანჩის კოდიცაა. აარჩიეთ რომელიმე ხიდისპირა ბარი, უმჯობესია მზის ჩასვლის პერიოდში და თუ ბუფეტის მაგიდას დაინახავთ, ესეიგი სწორად მიხვედით. ისინი უფასოდ გთავაზობენ თხილს, ბრუსკეტას, პურს, ყველს და სალათს. დალიეთ საყვარელი სასმელი და გაატარეთ სასიამოვნო იტალიური საღამო.
სასაფლაო – Monumentale di Milano
ეს უზარმაზარი სასაფლოა, 15 000-მდე სკულპტურითა და შთამბეჭდავი ნაგებობებით. მილანის ამ სასაფლაოზე ცნობილი პოლიტიკოსები და მწერლები არიან დაკრძალულნი.
ძეგლი – Leonardo’s Horse
„საიდუმლო სერობის“ სანახავად ბილეთები 2 თვით ადრე უნდა შეიძინოთ, თუმცა ლეონარდო დავინჩის სხვა შედევრის ნახვა წლის ნებისმიერ დროს უფასოდ შეგიძლიათ. „ლეონარდოს ცხენი“ 7 მეტრი სიმაღლისაა. მხატვარმა ის ბოლომდე ვერ დაასრულა, თუმცა მაინც საოცრად მედიდური და პომპეზური ქმნილება დაგვიტოვა.
ქუჩის ხელოვნება
გრაფიტი ქუჩის ხელოვნების უძველესი ფორმაა და დროთა განმავლობაში, მეამბოხე გამოხატვის ხერხად ყალიბდებოდა. მილანს ამ მხრივ განსაკუთრებული ისტორია აქვს. მთელ ქალაქში ბევრ ინსტალაციას და მხატვრობას მიაგნებთ კრეატიული განაცხადებითა თუ ნახატებით. გირჩევთ, ესტუმროთ ლეონჩავალოს უბანს. ის ხშირად მასპინძლობს მუსიკალურ ღონისძიებებს, საპროტესტო აქციებს და შეკრებებს. აქ ცნობილი და უცნობი მხატვრების შემოქმედებას იხილავთ, მათ შორის ბლობის. შემდეგ ტრამვაით ან ავტობუსით მეორე საინტერესო უბანს – იზოლას ესტუმრეთ.