ხორვატიაში მოგზაურობის ფასები იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ უფრო და უფრო მეტი მოგზაურისთვის ხდება ეს ლამაზი ქვეყანა ახალი აღმოჩენა. აქ ბევრი მდიდრული სასტუმროა, თუმცა საოჯახო სასტუმროები და ბინები მაინცაა ბიუჯეტურ ფასად. კვება და შიდა მგზავრობაც საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ. ჩვენ ამ ქვეყნის ბიუჯეტური მონახულებისთვის გარკვეულ რჩევებს მოგცემთ:

არ ეწვიოთ შუა ზაფხულში

ხორვატიის პიკი სეზონია ივლისი და აგვისტო. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს აქ მაღალი ფასებია. ძვირდება სასტუმროც და ღირსშესანიშნაობების ბილეთებიც.

სწორად აირჩიეთ აეროპორტი

სპლიტის აეროპორტში ფრენების ფასი მაღალია, რადგანაც აქედან ხორვატიის ყველაზე ცნობილ კუნძულებს უკავშირდებიან: ჰვარს და ვისს. სჯობს თუ აირჩევთ ზაგრების, ზადარის ან რიჯეკას აეროპორტებს. აქედან შეგიძლიათ ავტობუსით ნებისმიერ სასურველ ადგილას მოხვდეთ. შესანიშნავი აზრია მეზობელ ქვეყნებში ჩასვლაც: მაგალითად, ლუბლიანას, ბუდაპეშტის ან ტრიესტეს აეროპორტებში ფრენა.

ხორვატიის რკინიგზა საკმაოდ ბიუჯეტურია

ხორვატიის მატარებლები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მოსახვედრად იაფ ბილეთებს გვთავაზობენ. ისინი განსაკუთრებით მოსახერხებელია ზაგრებიდან სპლიტისკენ და პირიქით.

აქ ავტობუსის არჩევანიც დიდია

ავტობუსები უფრო მეტი მიმართულებით გვაკავშირებენ ქვეყნის შიდა ლოკაციებს, ვიდრე მატარებლები. ისინი ადრიატიკის სანაპიროს მთელ სიგრძეზე დადიან და ქვეყნიდანაც გადიან.

ქალაქის ავტობუსებიც საკმაოდ იაფია

ხორვატიის ქალაქის ავტობუსები მის დედაქალაქში, ზაგრებშიც იაფია. შეიძინეთ ისინი კიოსკებში და არა უშუალოდ მძღოლებთან. ასე უფრო ნაკლებსაც გადაიხდით.

ისარგებლეთ ბორნებით

ცოტაოდენი დაგეგმვით შეგიძლიათ იმოგზაუროთ ხორვატიის დაუსახლებელ კუნძულებზე მარტივად და ხელმისაწვდომად. ეროვნული ბორნების კომპანია “Jadrolinija” ამ მხრივ დიდ არჩევანს გვთავაზობს. მაგალითად, ბორანი სპლიტიდან ჰვარამდე 6 ევრო ღირს, ხოლო მცირე იახტა, ე.წ. კატამარანი – 7 ევრო.

დააკვირდით რესტორნის მენიუს ფასებს

ფრთხილად იყავით, რომ უსიამოვნო სიურპრიზი არ დაგხვდეთ წინ. ხორვატიის ზღვის პროდუქტები უგემრიელესია, თუმცა თუ ბიუჯეტურად მოგზაურობთ, უარი თქვით გრილზე მომზადებულ თევზზე, რადგანაც მას ბევრ რესტორანში გრამობის მიხედვით ითვლიან და ანგარიშის მოტანამდე ზუსტ თანხას ვერ გაიგებთ. აირჩიეთ მენიუს ისეთი ზღვის პროდუქტების კერძები, რომლებსაც ზუსტი ფასი აწერიათ.

ერთ-ერთ კვებად მიირთვით მარენდა

Marenda – მსუყე გემრიელი ლანჩია, რომელსაც ადრე სამუშაო დღეებში ენერგიის შესავსებად მოორთმევდნენ, რადგანაც მუშაობას მაშინ ძალიან ადრიანად იწყებდნენ. დღეს მარენდას ბევრ მენიუში შეხვდებით და მას დუბროვნიკის ყველაზე იაფი კვების ობიექტები გვთავაზობენ.

მიირთვით ბურეკი ადგილობრივი საცხობებიდან

ეს გემრიელი ღვეზელები იაფი და გემრიელი საშუალებაა ხორვატიაში წახემსებისთვის. ბურეკს ავსებენ ყველით, ისპანახით ამ ხორცით.

მიირთვით ონკანის წყალი

ხორვატიის ონკანის წყალი ისმევა და შეგიძლიათ სასმელ წყალზე თანხა დაზოგოთ. რესტორნებში კი გირჩევთ, რომ არ შეუკვეთოთ ბოთლის წყალი. უბრალოდ მოითხოვეთ 1 ჭიქა ჩვეულებრივი წყალი.

იკითხეთ სტუდენტური ფასდაკლებების შესახებ

თუ სტუდენტის სტატუსს ფლობთ, აჩვენეთ დამადასტურებელი ბარათი ან პირადობის მოწმობა და დაზოგეთ ბიუჯეტი. მაგალითად, დუბროვნიკის კედლების მონახულება 35 ევროს ნაცვლად 15 ევრო დაგიჯდებათ.