მთიანი ქალაქებიდან ანტიკურ გადმონაშთებამდე და ელეგანტურ დუბროვნიკამდე, ხორვატიის საუკეთესო ქალაქების სია საკმაოდ გრძელია.
Motovun/მოტოვანი
ცენტრალური ისტრიის მთებზე გაშენებული ეს ელეგანტური ქალაქი ზეთისხილის მინდვრებსა და ტყეებს შორის მოქცეული ბრილიანტია. მოტოვანს იტალიურ-სლავური შარმი დაჰკრავს, პიცისა და თეთრი ტრიუფელების არომატის წყალობით.

Korcula/კორკულა
კორკულა დალმატიის საგანძურია. ის სამი მხრიდან ადრიატიკის ზღვით და ფიჭვის ხეებითაა გარშემორტყმული. ქუჩებში მარმარილოს სახლები შეგხვდებათ წითელი სახურავებით და მშრალი ხორვატული ღვინის ბარები. შთამბეჭდავია უძველესი პორტის ქვის კედლებიც.

Zadar/ზადარი
ზადარი საოცრად ცოცხალი ადგილია სხვადასხვა სტილის შერწყმით, სასეირნო ხეივნებითა და ღია მოედნებით. ერთ კუთხეში წმ. სიმეონის ეკლესიის ფასადი გოთიკის და ბაროკოს შერწყმაა, მეორე კუთხეში წმ. დონატუსის ტაძარი ბიზაინტიურ სტილში ყვავის და გვერდს ძლიერ რომაულ ფორუმს უმშვენებს.იქ, სადაც ქალაქი კრისტალივით სუფთა წყალს ხვდება, თეთრი იახტების ნავსაყუდელია.

Trogir/ტროგირი
ტროგირი თითქოს ანტიკური საბერძნეთის, იმპერიალისტური რომის, რესპუბლიკური ვენეციის და თანამედროვე ხორვატიის ნაზავია. ქალაქის ცენტრი ვიწრო ქუჩებით ხასიათდება, საიდანაც ქვებიან სანაპიროებზე გავდივართ. ესტუმრეთ ღვინის ბარებს, კამერლენგოს ციხესიმაგრეს და ქალაქის კათედრალს.

Pula/პულა
იტალიის მიღმა ამფითეატრით რომ ასე დატკბეთ, ალბათ იშვიათია, ისევე როგორც ხორვატიის ქალაქ პულაში. გამოიკვლიეთ ისტორიული ქალაქის ცენტრი და 2000 წლიანი ტაძრები. მიირთვით აქაური ლუდი რომელიმე ბარში და დაისვენეთ მის სანაპიროებზე.

Hvar/ჰვარი
ზაფხულის სეზონზე, ჰვარი წვეულებების ქალაქის სახელს ატარებს. სხვა დროს აქ საოცარი სიმშვიდეა და საშუალება გეძლევათ მზიან ამინდებში საუკუნოვანი არქიტექტურით დატკბეთ. მომხიბვლელი ნავსადგური, პატარა იახტები, ნათელი მოედნები, ზღვის რესტორნები და სანაპირო – ჰვარი იმედებს არ გაგიცრუებთ.

Rovinj/როვინი
იტალიური სტილის სახლებით დამშვენებული როვინი შუა საუკუნეებით თარიღდება. ქალაქის გულში ქვაფენილიანი ხეივნების ლაბირინთია, ზღვის პროდუქტების ტავერნებით. დატკბით დახვეწილ ქუჩებში სეირნობით, წმ. ეუფემიას ბაზილიკის დათვალიერებით და ტრიუფელების დაგემოვნებით.

Dubrovnik/დუბროვნიკი
ხორვატიის ულამაზესი ქალაქების სია დუბროვნიკის მოხსენიების გარეშე ვერ შედგება. ვიზიტორები აქ Game of Throne-ის ლოკაციების გამო მოდიან. აღმოაჩინეთ ოტომანური გავლენის მქონე შენობები, ძველი ქალაქის ჭიშკრები, სასახლეები და საათის კოშკები.

Split/სპლიტი
მზიანი სპლიტი თავს დიოკლეტიანეს სასახლით იწონებს, რომელიც არქიტექტურული შედევრია. ზღაპრული კონსტრუქციები იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსებს ფლობენ. სპლიტის ნავსადგური – რივა – იდილიური ადგილია – პალმებითა და კომფორტული კაფეებით.

Zagreb/ზაგრები
დაიკარგეთ ქვაფენილიან ქუჩებსა და ბაროკოს სასახლეებში. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კაპტოლის და გრადეკის მთები მდებარეობს, მე-13 საუკუნის ეკლესიითა და თანამედროვე კაფეებით.











