სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა ევროპული უიქენდისთვის მშვენიერი მიმართულებაა. აქ ბევრი რამაა დასათვალიერებელი, ხოლო მთავარი ღირსშენიშნაობები ქალაქის საფეხმავლო ცენტრში კომპაქტურადაა განთავსებული. შესაძლებელია ყველაფერი ერთ დღეშიც ნახოთ, თუმცა ჩვენ იდეალურ ორ დღეს დაგიგეგმავთ.

დღე 1

დილა: ციხესიმაგრის ხედი და ბაზარი

დაიწყეთ დღე ლუბლიანას ციხესიმაგრით, სადაც კრეკოვის მოედნიდან ფუნიკულიორით მოხვდებით. მე-19 საუკუნის საათის კოშკის სახურავიდან ქალაქს კიდევ უფრო მაღლიდან გადმოხედავთ. უკან, ქალაქში ჩასვლა ისევ ფუნიკულიორით ან საფეხმავლო გზით შეგიძლიათ.

მთიდან ჩამოსვლისას უზარმაზარ ვოდნიკოვის მოედანზე აღმოჩნდებით, რომელიც ლუბლიანას ღია ცენტრალურ ბაზარს მასპინძლობს. აქ ფერმერები ხილ-ბოსტნეულს, პურს, ხორცს, ყველს, თაფლს და ზეთს ყიდიან. აქვეა თევზის ბაზარიც. შეარჩიეთ რაიმე ლანჩისთვის და გააგრძელეთ ქალაქის დათვალიერება.

შუადღე: ძველი ქალაქი და სანაპირო

ლანჩის შემდეგ, ძველი ქალაქი გამოიკვლიეთ, რომელიც ციხესიმაგრის მთის გარშემოა. პირველი ქუჩა – Mestni Trg, ლუბლიანას მერიასთან და რობას ულამაზეს შადრევანთან დაგაკავშირებთ. მეორე – Stari Trg, ძველი ქალაქის ეს გამორჩეული ქუჩა წვრილდება და მე-19 საუკუნის ხის ვიტრინებს წარმოგვიდგენს. მესამე – Gornji Trg, ფართოვდება და ჰერკულესის შადრევანთან მივყავართ.

გაყევით სტიშკას ქუჩას ლუბლიანას მდინარემდე, შემდეგ სანაპირო ზოლს ქალაქის ცენტრამდე. მალე მიადგებით ტრიპლის ხიდს (Triple Bridge), არქიტექტურულ შედევრს. აქედან დაინახავთ უკვე პრესერნოვსაც (Prešernov Trg), ლუბლიანას ულამაზეს საჯარო სივრცეს. მოედანზე მე-17 საუკუნის ეკლესია და ელეგანტური შენობები დგას. ცენტრში ცნობილი სლოვენიელი პოეტის, პრესერენის ძეგლია.

საღამო: ადგილობრივი სამზარეულო და ალტერნატიული კულტურა

მიაკითხეთ რომელიმე ადგილობრივ კაფე-ბარს ლუბლიანას მდინარის სანაპიროზე. ჩვენ გირჩევთ Slovenska Hiša-ს და Druga Violin-ს ადგილობრივი კერძებით და გემრიელი სასმელებით. თუ ლუბლიანას ალტერნატიული კულტურის გამოცდა გსურთ და ღამის გართობას გეგმავთ, 11 საათისთვის Metelkova Mesto-ს მიაკითხეთ. ეს ყოფილი სამხედრო ბაზა ქალაქის ცენტრიდან ფეხით 15 წუთის სავალზე და ბევრ ბარს, კლუბს და ლაივ-მუსიკისთვის განკუთვნილ სივრცეს აერთიანებს.

დღე მეორე

დილა: მუზეუმები და გალერეები

მეორე დღე დაუთმეთ ლუბლიანას ცენტრს, ქალაქის უფრო თანამედროვე ნაწილს, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. აქ ბევრი ბრწყინვალე მუზეუმი და გალერეა მდებარეობს. სლოვენიის ეროვნული მუზეუმი წარმოგვიდგენს ისტორიას პრეისტორიული ხანიდან დღემდე. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – თანამედროვე სლოვენიურ ხელოვნებას, სლოვენიის ეროვნული გალერეა კი ძველ სლოვენიურ შედევრებს.

შუადღე: ტივოლის პარკი

ტივოლის პარკი ლუბლიანას მშვიდი მწვანე სივრცეა. 500 ჰექტარი ტერიტორიის დათვალიერება ფეხით ან ველოსიპედით შეგიძლიათ, რომლებიც ქირავდება. მოიწყვეთ პიკნიკი, დაისვენეთ და დატკბით სიმწვანით.

საღამო: ვახშამი და შოუ

იყიდეთ ღია ცის ქვეშ თეატრის – Križanke-ის ბილეთები და საღამოს უყურეთ საინტერესო წარმოდგენას. დაასრულეთ ლუბლიანას ტური გემრიელი სლოვენიური კერძით ან უბრალოდ შეიძინეთ ლუდი და ბირგერი ქუჩის კვების ობიექტებში და დატკბით ღამის ქალაქში სეირნობით.