დიდი ხნით ადრე, სანამ კაფეები კირქვის ქუჩებში გამოვიდოდა და იახტები ნავსადგურს გაავსებდა, პორეჩი დაგეგმარებული იყო როგორც რომაული სამხედრო ბანაკი. 2000-ზე მეტი წლის შემდეგ, იგივე ქუჩების გეგმა კოხტა ზღვისპირა ძველ ქალაქს აყალიბებს, სადაც გოთიკური სასახლეების, ვენეციური ფასადებისა და ფარული ეზოების გავლით ხორვატიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული საუნჯისკენ, იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სიასა და მფარველობაში მყოფი ევფრაზიუსის ბაზილიკისკენ მივივკლევთ გზას.

ქალაქის გულში მდებარე VI საუკუნის ბიზანტიური არქიტექტურის ეს შედევრი ცნობილია თავისი მოციმციმე ოქროს მოზაიკით, რომელმაც თითქმის უცვლელად მოაღწია ამ დრომდე. საეპისკოპოსო სასახლესთან ერთად, ევფრაზიუსის ბაზილიკა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ადრეულ ქრისტიანულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც რომაულიდან ბიზანტიურ სამყაროში გარდამავალი პერიოდის მშვენიერი ნიმუშია.

ძველი ქალაქი საკმარისად კომპაქტურია ფეხით მოსავლელად. მარაფორის მოედანზე, სადაც ოდესღაც რომაული ფორუმი მდებარეობდა, ძველი ტაძრის შემორჩენილი ფრაგმენტების ნახვა შეგიძლიათ; იქვე ნეპტუნის ტაძრის სვეტების დათვალიერებაც უფასოდაა შესაძლებელი, ხოლო სანაპირო ბულვარი გარს ერტყმის ძველ ქალაქს და კუნძულ სვეტი ნიკოლასზე ულამაზეს ხედებს გადაგიშლით.

საკვები არანაკლებ ცენტრალურ როლს თამაშობს პორეჩისა და მისი შემოგარენის სტუმრობისას. ისტრიამ მოიპოვა ხორვატიის ერთ-ერთი წამყვანი გასტრონომიული რეგიონის რეპუტაცია, რომელიც ეყრდნობა იტალიურ გავლენებს და იმავდროულად ადგილობრივ ინგრედიენტებს ანიჭებს უპირატესობას. მენიუში წარმოდგენილია ხელით დამზადებული პასტა (fuži), თეთრი ტრიუფელი, ველური სატაცური, ადრიატიკის ზღვის პროდუქტები და ევროპაში საუკეთესო უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი. ადგილობრივი ღვინოები იდეალურად უხდება გრილზე მომზადებულ ხორცსა და ტრიუფელის არომატულ კერძებს.

რეგიონული არომატების თანამედროვე ინტერპრეტაციისთვის, ლანჩი რესტორან “Jaz by Ana Roš“-ში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული შეფ-მზარეულის კულინარიულ სამყაროში გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა. მენიუ, რომელიც საზიაროდ დასაგემოვნებლად არის შექმნილი, კლასიკური და ადგილობრივი გემოების სინთეზს გვთავაზობს.

სხვა ადგილებში, მაგალითად, რესტორან Spinnaker-ში, ყურადღება გამახვილებულია სეზონურ სადეგუსტაციო მენიუზე, სადაც ისტრიული პროდუქტები ცენტრალურ ადგილს იკავებს; ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნახევარკუნძულის კულინარიული რეპუტაცია ბევრად სცდება მხოლოდ მის ვენახებს. ექვსკერძიანი სადეგუსტაციო მენიუ ხაზს უსვამს ადგილობრივ მომზადების ტექნიკასა და ინგრედიენტებს.

მიუხედავად ასეთი საოცარი მემკვიდრეობისა, პორეჩი მაინც სასიამოვნოდ უბრალო და უშუალო ქალაქია. ისტრიის ეს კუთხე მოეწონებათ მათ, ვინც მზადაა ძველი ქალაქის მიღმა უფრო აუჩქარებელი, ნელი მოგზაურობის შესაგრძნობად. კლდეებითა და კენჭებით მდიდარი სანაპიროები ქალაქის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა გადაჭიმული, ხოლო ველოსიპედის მარშრუტები სურნელოვან ფიჭვნარში, მშვიდ მეთევზეთა სოფლებისკენ მიიკლაკნება. კაიაკი, პადლბორდინგი და საზღვაო გასეირნებები კი სანაპირო ზოლის სულ სხვა რაკურსით დანახვის შესაძლებლობას მოგცემთ.

მათთვის, ვისაც ხორვატიული მზით ტკბობა სურს, რამდენიმე საათის პუროს სანაპიროზე (Purobeach) გატარება იდეალური არჩევანია, სადაც ხმელთაშუაზღვისპირული კერძები და ზღვის ხედები მშვიდ, ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ადვილად შეძლებთ გარე სამყაროსგან დასვენებას. იქნება ეს აუზთან წიგნის კითხვა თუ ღია ცის ქვეშ, ადგილობრივ სპაში გაჯანსაღება.

პორეჩი ასევე შესანიშნავი ამოსავალი წერტილია შიდა ისტრიის აღმოსაჩენად. ერთ საათზე ნაკლებ სავალზე, მოტოვუნისა და გროჟნიანის შუა საუკუნეების ბორცვზე შეფენილი ქალაქები გადაჰყურებს ვენახებსა და ტყეებს, რომლებიც თავისი ტრიუფელებითაა ცნობილი. საოჯახო მარნები სტუმრებს ღვინის დეგუსტაციაზე მასპინძლობენ, ზეთისხილის მწარმოებლები მოსავლის აღების სეზონზე თავიანთ ბაღებს ხსნიან, ხოლო სოფლის დაკლაკნილი გზები ხორვატიის იმ შედარებით მშვიდ მხარეს აჩენს, რომელსაც ბევრი მოგზაური ვერც კი ეცნობა.

საღამოს დადგომასთან ერთად, ადგილობრივები ძველი ქალაქის ბულვარში იკრიბებიან, რის შემდეგაც საუკუნოვან ქვის შენობებში დამალულ ღვინის ბარებსა და ზღვის პროდუქტების რესტორნებს აშურებენ. ნავსადგურიდან ჩამავალი მზე თბილ შუქს ჰფენს ბაზილიკის სამრეკლოს და კიდევ ერთხელ ახსენებს სტუმრებს, რომ პორეჩის უდიდესი მიმზიდველობა მისი მარადიულობაა. ცივილიზაციები ამ ქუჩებში ორ ათასწლეულზე მეტია ერთმანეთს ენაცვლებიან და იმ კვალს ტოვებენ, რომლებიც დღემდე განსაზღვრავს ადგილობრივ ყოველდღიურ ცხოვრებას.

მათთვის, ვინც ნაკლებად ცნობილ კუთხეებს ეძებს, პორეჩი გვთავაზობს იმას, რაც ადრიატიკის სანაპირო ზოლზე სულ უფრო იშვიათი ხდება: ადგილს, სადაც მსოფლიო დონის მემკვიდრეობა ყოველდღიურობაშია ჩაქსოვილი, გამორჩეული კერძები ადგილობრივ ტრადიციებშია ფესვგადგმული, ხოლო საუკეთესო აღმოჩენები ხშირად უბრალოდ წამიერი აუჩქარებლობით მიიღწევა.