სპლიტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო ქალაქია ხორვატიაში და ის მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. მისი ულამაზესი არქიტექტურა და საინტერესო ისტორია მინიმუმ 1700 წლით თარიღდება. ქალაქი ბერძნებმა ანტიკურ პერიოდში აღმოაჩინეს და ის კოლონიად აქციეს. მას შემდეგ სპლიტმა ბევრ ომს გაუძლო და დღეს თავისი დიდებულებით ისევ გვხიბლავს.

1. აღფრთოვანდით დიოკლეტიანეს სასახლით

პირველ რიგში, სპლიტის ყველაზე საკულტო ძეგლი – დიოკლეტიანეს სასახლე უნდა მოინახულოთ. მეოთხე საუკუნეში ის რომაული სასახლე იყო, იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობაში. ეს შთამბეჭდავი ნაგებობა დღეს მუზეუმებს, გალერეებს, რესტორნებს და ულამაზეს ბაღს აერთიანებს. სასახლის ცენტრალური მდებარეობის გამო, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით ივლით, საბოლოო ჯამში, თქვენ მაინც ამ სასახლის ეზოში დაასრულებთ სეირნობას, რადგანაც ყველა ქუჩა სწორედ მის მოედანს უერთდება. დატკბით დახვეწილი თაღებით და რომაული სვეტებით. აღსანიშნავია, რომ აქაა გადაღებული სერიალ Game of Thrones-ის ბევრი სცენაც.

2. იხილეთ ხედი წმ. დომნიუსის კათედრალიდან

Saint Domnius Cathedral – დიოკლეტიანეს სასახლის კომპლექსში შემავალ ამ ტაძარს მაღალი საათის კოშკი აქვს, საიდანაც 360 გრადუსიანი პანორამული ხედები მთელ ქალაქზე იშლება. ამისათვის 200 საფეხურის ავლა მოგიწევთ. ანტიკური რომაული კათედრალი მე-7 საუკუნეში აიგო როგორც მავზოლეუმი და სპლიტის მფარველ წმინდანს, დომნიუსს მიეძღვნა. მისი არქიტექტურა რომაულის, ბიზანტიურის და გოთიკური სტილის შერწყმაა. კათედრალი ღიაა დილის 7:30-დან საღამოს 6 საათამდე, ხოლო კვირა დღეს შუადღის 12 საათზე იხსნება. მასში მოსახვედრად დიოკლეტიანეს სასახლის ბილეთი უნდა შეიძინოთ და დააკვირდით, რომ შერჩეულ ბილეთში შედიოდეს კოშკის მონახულებაც (მწვანე ბილეთი და იასამნისფერი ბილეთი).

3. გაიარეთ ოქროს კარიბჭეში

ერთ-ერთი არქიტექტურული საოცრება, რომლის აგებაც რომაელებს თავიანთ ქალაქებში ძალიან უყვარდათ, ტრიუმფალური თაღია, რომელსაც სპლიტშიც აღმოაჩენთ. მას აქ “ოქროს კარიბჭე” ეწოდება და ძველი ქალაქის ჩრდილოეთ შემოსასვლელში მდებარეობს. ის ერთ დროს მთავარი კარიბჭე იყო, საიდანაც იმპერატორი სასახლეში შედიოდა.

4. მოუსმინეთ ქუჩის მუსიკის ჰანგებს როტონდაში

Vestibule / Rotonda – არქიტექტურის მორიგი ნიმუშია, რომლის აგებაც რომაელებს ძალიან უყვარდათ. მსგავსებს მთელ ანტიკურ რომში აღმოაჩენთ. სპლიტის როტონდა დიოკლეტიანეს სასახლის მისაღები დარბაზი იყო, სადაც მნიშვნელოვანი სტუმრები იყრიდნენ თავს. ის ასევე გამოიყენებოდა საჯარო ღონისძიებებისა და ცერემონიებისათვის. აქ გასაოცარი აკუსტიკაა, რის გამოც ხშირად ნახავთ პერფორმერებსა და მუსიკოსებს, რომლებიც მის შუაგულში მღერიან. მოუსმინეთ ქუჩის შემსრულებლებს აქ სეირნობისას.

5. აღმოაჩინეთ დიოკლეტიანეს სარდაფი

ვესტიბულში გავლისას დიოკლეტიანეს სარდაფებს აღმოაჩენთ, ანტიკურ მიწისქვეშა ოთახებს, რომელიც ძველ ქალაქს რივასთან აკავშირებს, სანაპირო ზოლთან. გვირაბის გავლისას ნახავთ სუვენირების მაღაზიებს საინტერესო ნივთებით.

6. გაისეირნეთ რივას სანაპიროზე

თუ დიოკლეტიანეს გვირაბებს გაივლით, ულამაზეს რივას წყლის სანაპიროზე მოხვდებით. აქ შემოგეგებებათ ბულვარი და პალმების ხეები. დატკბით ხედებით ადრიატიკის ზღვაზე და ახლომდებარე კუნძულებზე. ბულვარი მიგიყვანთ ქალაქის ისტორიულ ძველ ქალაქში. ეს შესანიშნავი ადგილია საღამოს გასატარებლად, გასასეირნებლად, ხალხის დასაკვირვებლად და მზის ჩასვლის საყურებლად. ამ დროს მთელი ეს პატარა ნავსადგური ოქროსფრად ფერადდება. რივაზე კლუბებსა და ბარებშიც გაერთობით, ეს სპლიტის ცოცხალი ადგილია.

7. მოინახულეთ შუასაუკუნოვანი ხილის მოედანი

Fruit Square – ისტორიული მოედანია სპლიტის გულში. ადრე ამ მოედანზე ხილის ბაზრობები ეწყობოდა, სახელიც აქედან მომდინარეობს. აქ აღმოაჩენთ შთამბეჭდავ არქიტექტურას და მონუმენტებს, მათ შორის ვენეციურ კოშკს. ასევე, მიირთმევთ კაფე-რესტორნებში საკმაოდ მშვიდ ადგილას, ანტიკური შენობების და ცოტა ხალხის გარემოცვაში.

8. გაიარეთ ხალხის მოედანზე

People’s Square – მომხიბვლელი ისტორიული მოედანია სპლიტში, სადაც უნიკალურ ძეგლებს შეხვდებით. მათ შორის მერიას, ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ღვთისმშობლის ტაძარს. ამ ეკლესიის კოშკზეც შეგიძლიათ ასვლა და ხალხის მოედნის ზევიდან დაკვირვება. ღირებულება 2 ევროა.

9. ადით ტელეგრინის გადმოსახედზე

Vrh Telegrin Lookout – სპლიტის კიდევ ერთი შთამბეჭდავი გადმოსახედია. ის მარჯანის მთაზე მდებარეობს. აქაური ფლორა მოიცავს კვიპროსებს, აგავებს და ფიჭვებს და სასიამოვნო, ჩრდილიან ადგილს ქმნის სალაშქროდ. სპლიტის ძველი ქალაქიდან ფეხით აქ 30 ქუთში ახვალთ და გზად ზოოპარკი, ობსერვატორია და ბუნების მუზეუმი შეგხვდებათ. განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას.

10. გაატარეთ 1 დღე ჰვარში

სპლიტიდან ერთდღიანი გასვლა შეგიძლიათ ხორვატიის კიდევ ერთ ულამაზეს ქალაქში დაგეგმოთ. ჰვარში შეგიძლიათ გადმოიხედოთ ფორტიკას ციხესიმაგრიდან, რომელიც ვენეციელებმა მე-16 საუკუნეში ააგეს. თუმცა მშვენიერი აზრია მხოლოდ ძველი ქალაქის მონახულებაც და პლაზა ლუჩიჩას სანაპიროზე დასვენება. სპლიტიდან ჰვარში მოხვედრა ნავით შეგიძლიათ. ისინი დილის 9:15-ზე გადიან და ჰვარის ნავსადგურში 11-ის ნახევარზე დგებიან. ბოლო ნავი უკან 5 საათზე მოდის. 1 გზის ფასია 20 ევრო.

11. გაისეირნეთ კრკას ეროვნულ პარკში

Krka National Park – ბევრ ჩანჩქერს, კრისტალივით სუფთა ტბებს და სიმწვანეს აერთიანებს. აქ მდებარეობს ხორვატიის ცნობილი ბუნებრივი აუზიც. აქ უმჯობესია თუ ორგანიზებულ ტურებს გაყვებით. პარკი დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს ყოველდღე. შესვლის ღირებულება 30-დან 40 ევრომდე მერყეობს.