ზადარი ადრიატიკის სანაპიროს ისტორიული მიმართულებაა, რომელიც რომაულ თუ შუასაუკუნოვან ნანგრევებს და ინოვაციურ, თანამედროვე არქიტექტურულ პროექტებს აერთიანებს. ძველი ეკლესიები და სასახლეები დღეს ხელოვნების გალერეებად და კაფეებადაა გადაკეთებული. აქ ზღვაზე შთამბეჭდავი ხედები, დუბროვნიკზე და სპლიტზე ნაკლები ხალხი, კომფორტული რესტორნები, ისტორიული ძეგლები და მშვიდი კაფის კულტურა დაგხვდებათ. ჩვენ ხორვატიის ამ ულამაზეს ქალაქში საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

People’s Square – ზადარის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი

ზადარის ცენტრალური მოედანი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ მუზეუმია, სადაც მე-11 საუკუნის ეკლესიას და მე-16 საუკუნის საათის კოშკს იხილავთ. აქ ნახავთ საგამოფენო სივრცესაც თანამედროვე ფოტოგრაფების შემოქმედებით. “ხალხის მოედანი” საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ ზადარის მშვიდი ყავის კულტურა გამოიკვლიოთ. გირჩევთ ხორვატული დონატის (fritule) და ნამცხვრის (mađarica) დაგემოვნებას.

ზღვის ორღანი და მზესთან შეგებება – არტ ინსტალაცია

ერთი შეხედვით, ზღვის ორღანის ინსტალაცია ოკეანეში შესასვლელ ნაბიჯებს ჰგავს. ამ უზარმაზარი მუსიკალური ინსტრუმენტის დიზაინი ნიკოლა ბაშიჩს ეკუთვნის. ტალღების მოქმედების შედეგად ინსტალაცია სხვადასხვა მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს და საოცარი ატმოსფერო იქმნება. ბულვართან მდებარეობს იმავე დიზაინერის ინსტალაცია – მზესთან შეგებებაც, რომელიც 300 მზის პანელს მოიცავს.

მისამართი: Obala kralja Petra Krešimira IV

ილუზიების მუზეუმი – ოპტიკური ილუზიების საოცარი დარბაზი

აქ სტუმრობით ნამდვილად იხალისებთ. უზარმაზარი სარკეებიანი ოთახი, უსასრულობის სივრცე თუ ჰოლოგრამებით აწყობილი კუთხეები საინტერესო გამოცდილებას გპირდებიან. ღიაა ყოველდღე დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე.

მისამართი: Poljana Zemaljskog Odbora 2

ტელასკიკას ბუნების პარკი – ნავით ახლო მანძილზე

Telascica Nature Park– ადრიატიკის ბუნების მშვენებაა, მიტოვებული ნავსადგური. ეს არეალი დაუსახლებელია და მხოლოდ ფაუნის წარმომადგენლები გაგიწევენ კამპანიას. გაისეირნეთ სალაშქრო ბილიკებზე, მოინახულეთ პატარა ტბა, კლდეები და გამოქვაბულები. პარკისკენ მიმავალი ნავები ზადარის ნავსადგურიდან ზაფხულში ყოველდღე დადიან.

წმ. მარიას ეკლესია – ბიზანტიური არტეფაქტების უნიკალური კოლექციით

ეს ტაძარი მე-11 საუკუნითაა დათარიღებული და ზადარის ყველაზე შთამბეჭდავი რელიგიური ნაგებობაა. მისი ინტერიერი მორთულია ადრეული რუმინული ფრესკებით და ბრწყინვალე არტეფაქტებით. ღიაა ორშაბათი-შაბათი 10:00/13:00-17:00/19:00. კვირაობით კი მხოლოდ პირველამდე.

მისამართი: Madijevaca ul. 10

დასხედით ტრადიციულ ნავებზე – ზადარის ისტორიული ძეგლების წყლიდან სანახავად

აქ ტრადიციული ნავები ზადარის ძველ ქალაქსა და დანარჩენ ქალაქს შორის 800 წელია რაც მოძრაობენ. ეს ხის ნავები თავისი მენავეებით ზადარის ფესვგადგმული ტრადიციაა. მათ გასვლის კონკრეტული დროები არ აქვთ, უბრალოდ იპოვნეთ ის, რომელიც მგზავრებს ელოდება. თითო მგზავრობა 10 წუთს გრძელდება. ფასი კი 5 ხორვატიული კუნაა.

ზადარის კარიბჭე – კედელი ქალაქის ოტომანებისგან დასაცავად

ზადარის ქალაქის კედლები და ციხესიმაგრე მე-16 საუკუნით თარიღდება, იმ დროით, როდესაც ქალაქი ვენეციის გავლენიანი და მდიდარი რესპუბლიკის ნაწილი იყო. ნაშთები მთელ ქალაქშია გაბნეული, თუმცა მთავარი ძეგლია ზადარის კარიბჭე.

Pašticada – ტრადიციული საჭმელი, რომელიც აქ თაობიდან თაობას გადაეცემა.

ეს კლასიკური საჭმელი საქონლის ხორცით მზადდება წითელ ღვინოში და კარტოფილთან ერთად მოაქვთ. მისი მომზადების რეცეპტი ხორვატიის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვანაირია, თუმცა აქ ის გამორჩეულად მზადდება და აუცილებლად დასაგემოვნებელია.

ზადარის ბაზარი – ცოცხალი ღია ცის ქვეშ ბაზრობა

ბაზარი ზადარის ცენტრში შუა საუკუნეებიდან არსებობს. აქ ხილს, ბოსტნეულს და პირდაპირ ფერმებიდან მოტანილ სხვა ჯანსაღ პროდუქტს იაფად შეიძენთ. ყველის და ზეთისხილის ზეთის გემო აქ ბევრად უფრო მოგეწონებათ, ვიდრე მაღაზიებში. გირჩევთ ხორვატული ხილის ბრენდის, რაკიჯას შეძენასაც. ზღვის პროდუქტების სექცია ადრიატიკის ზღვის ბინადრებს წარმოგვიდგენს. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა, დილის 7-დან დღის 3-მდე.

მისამართი: Ul. pod bedemom

მზის ჩასვლა წყლისპირა ბარიდან – გემრიელი სასმელები და არაჩვეულებრივი დაისი

ზადარის დათვალიერების შემდეგ, განიტვირთეთ რივას სანაპიროზე, რომელიც ძველი ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ რამდენიმე წყლისპირა ტერასული ბარია, ხედით წყალზე და ნავსადგურზე.