დუბაიში ონოვაციური რესტორნები, ავანგარდული კონცეპტები და თამამი შეფები მდიდარ კულინარიულ სცენას ქმნიან. აქ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებს და მრავალფეროვნებას შეხვდებით, რაც დუბაიში მოგზაურობისას კულინარიულ თავგადასავლებსაც გპირდებათ. ჩვენ აქ რამდენიმე საუკეთესო საკვებ სივრცეს გირჩევთ.
საუზმე
ჯუმეირას სანაპიროდან საფეხმავლო სიშორეზე მეიან მოლი მდებარეობს, სადაც ურბანული ბალკანური ბისტრო (21grams Urban Balkan Bistro) დაგხვდებათ. აქ ერთ-ერთ საუკეთესო საუზმის ვარიანტებს შემოგთავაზებენ მთელ ქალაქში. ისიამოვნებთ მეგობრული სერვისით და ინტერიერის ესთეტიკითაც.

ჩვენ გირჩევთ კვერცხის სპეციალური კერძი (pindjur eggs), მომზადებული პომიდორსა და წიწაკაში, დამატებული იოგურტით. გურმანებს ის განსხვავებული გემოს პოვნას ჰპირდება. ასევე, გირჩევთ ღუმელში გამომცხვარ ღვეზელს (phyllo pie), რომელსაც სხვადასხვა ინგრედიენტებით ამზადებენ, მათ შორის, ისპანახით, ყველით და თაფლით. საუზმის კერძები დღის 5 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ.

მეორე ადგილი, რომელსაც ადგილობრივები სასაუზმოდ გირჩევენ, არაბული ჩაის სახლია (Arabian Tea House), ტრადიციული არქიტექტურის მქონე რესტორანი ისტორიულ ალ ფაჰიდის უბანში. ინტერიერშიც და ექსტერიერშიც კედლებზე ვინტაჟური ფოტოები დაგხვდებათ. აქ პური ტრადიციულ ღუმელში ცხვება და ატმოსფერო ავთენტურ არაბულ სახლს მოგაგონებთ.

გირჩევთ აიღოთ სპეციალური “ემირატების საუზმე” და დააგემოვნოთ რამდენიმე კერძი: ბალალეტი (balaleet) – ტკბილი ვერმიშელი ომლეტით; ბაჯელა (bajella) – მწვანე ლობიო, ყველი, ჯემი და სხვადასხვანაირი პური. ასევე მშვენიერი არჩევანი იქნება “ეგვიპტური საუზმე” ხრაშუნა ფალაფელით, ჰუმუსით, თეთრი ყველით და პომიდვრით. თუ სენდვიჩები გიყვართ, აქ მათი მრავალფეროვნებაც დაგხვდებათ. მიაყოლეთ კარაკის ცივი ჩაი.

ჯუმეირას სათევზაო ნავსადგურში კი გირჩევთ ბრიქს (Brix) თუ საუზმის მირთმევა წყლის და ნავების ფონზე გსურთ. აქ კრუასანს, დესერტებს და ყავის დიდ არჩევანს დაგახვედრებენ.

კარაკი და ყავა: დუბაიში მოგზაურობისას ბევრი ადგილობრივისგან მოისმენთ, რომ კარაკის ყავა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. მისი რეცეპტის ფესვები ინდოეთიდან მოდის. ეს ტკბილი რძიანი სასმელი სხვადასხვა სუნელით ზავდება. დუბაის ზოგიერთი კაფეტერია დღის მანძილზე ათასობით ჭიქა კარაკს ყიდის და გემო თითქმის ყველგან თავისებური და უნიკალურია.

დუბაის კიდევ ერთი სასიამოვნო ლოკაციაა ფილის ყავა (Filli Cafe) კიტის სანაპიროზე, სადაც უიქენდებზე მუდამ რიგია. დააგემოვნეთ მათი საკულტო სასმელი (zafran karak). გირჩევთ ასევე მათ ცხარე ჩიფსებს.

Nightjar Coffee Roasters – ეს კი ფანტასტიკური ადგილია ალსერკალის გამზირზე, ხელოვნების გალერეებსა და ბუტიკებს შორის, სადაც დუბაის კიდევ ერთი უნიკალური გემოს მქონე ყავა მზადდება. უიქენდებზე აქ დიჯეიც უკრავს. მიირთვით ქათმის კერძები, ტოსტები და ფანქეიქები.

ლანჩი
დუბაიში ბურგერები საკმაოდ პოპულარულია და აქ მის დაგემოვნებას აუცილებლად გირჩევთ. ერთ-ერთი ფავორიტია – Salt კიტის სანაპიროზე. აქ სწრაფ და გემრიელ ლანჩს მიირთმევთ. უგემრიელესია ქათმის სენდვიჩები და ნაგეთსები.

ჯუმეირას სათევზაო ნავსადგურში მდებარე ბორდო მავი (Bordo Mavi) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღვის პროდუქტების რესტორანია მცენარეებით, მომხიბვლელი დეკორით და წყლისპირა ტერასით. აქ თავს ისე იგრძნობთ, თითქოს დასასვენებლად ხმელთაშუაზღვის სანაპირო სოფელში ხართ. აქაური საკვების რეცეპტები უძველესი და ავთენტურია, რომლებიც თაობებიდან თაობებს გადაეცემა. გირჩევთ აქაურ იგოურტს, პომიდვრის სალათას, კარტოფილის ჩიფსებს და თევზის ქაბაბს.

სადილი
საუკეთესო ქაბაბისთვის დუბაიში, მიაკითხეთ Al Ustad Special Kabab-ს ალ ფაჰიდიში. ის ქალაქის ერთ-ერთი უძველესი რესტორანია და საკულტო საკვებ სივრცედ ითვლება მთელ ქალაქში. შეუკვეთეთ შერეული ხორცის ქაბაბები და ყველა დააგემოვნეთ. აქ ასევე ამზადებენ საუკეთესო ჰუმუსსაც.

სირიელი ძმების მიერ დაარსებული “Orfali Bros” 2021 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნად. კერძების გემო და ხარისხი გამორჩეულ გამოცდილებას შეგძენთ.

ბარი
სავაჭრო ცენტრში (The H Dubai) მდებარე ეს თანამედროვე ბარი სრულ განტვირთვაში იოლად დაგეხმარებათ. მისი ატმოსფერო 70-იანი წლების ნიუ-იორკის ჩაინათაუნს წააგავს და რამით დიჯეების მუსიკაზე ცეკვასაც შეძლებთ. დააგემოვნეთ მათი განსაკუთრებული კოქტეილები.











