დუბაი – ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე ცნობილი ქალაქია. ეს ნამდვილი საოცრებების ადგილია, ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება კი გააოცებს ყველაზე გამოცდილ მოგზაურსაც კი.
ჩვენ შევკრიბეთ იმ ადგილების სია, რაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ დუბაიში მოგზაურობის დროს.
ბურჯ-ხალიფა (Burj Khalifa)
ეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი (სიმაღლე 829,9 მ შეადგენს) და ქალაქის მთავარი სიმბოლოა. 124-ე სართულზე მდებარე სადამკვირებლო მოედანი – პირველია, სადაც უნდა მოხვდეს თითოეული მოგზაური. პანორამული ხედი მთელ ქალაქზე ამ სიმაღლიდან ნამდვილად შესანიშნავია: უსაზღვრო უდაბნო, ოკეანე და მაღალი შენობები. ცათამბჯენის ქვეშ მდიდრული ბაღები და ტბა მდებარეობს ცნობილი მოცეკვავე შადრევნებით.
მოცეკვავე შადრევნები
შადრევნის ნაკადის სიმაღლე 140 მეტრს აღწევს! შადრევანი ისე მოძრაობს კლასიკური, არაბული და მსოფლიო მუსიკის თანხლებით, თითქოს თქვენს წინაშე ნამდვილი მოცეკვავე ცეკვავს. მსურველებს კი შადრევანთან მოახლოებაც შეუძლიათ 9 მეტრის მანძილზე ნავით.
დუბაი მოლი
ისეთ თანამედროვე მეგაპოლისში, როგორიც არის დუბაი, სავაჭრო ცენტრების ავლა შეუძლებელია. მათ შორის ყველაზე ცნობილია დუბაი მოლი – იდეალური ადგილი შოპინგის მოყვარულთათვის, სადაც უამრავი მაღაზია და გასართობი ადგილი დაგხვდებათ: ყინულის მოედანი, კაფე და რესტორნები, კინოთეატრები, უდიდესი აკვარიუმი, სათამაშო მოედანი. აქ ასევე რეგულარულად სხვადასხვა წარმოდგენები ტარდება: მოდური ჩვენებები, კონცერტები ცოცხალი მუსიკით და თემატური ფესტივალები.
მემკვიდრეობის სოფელი (Heritage and Diving Village)
გსურთ იხილოთ, თუ როგორი იყო დუბაი ნავთობის აღმოჩენამდე? სამუზეუმო კომპლექსში თქვენ იხილავთ, თუ როგორ მოიპოვებდნენ არაბი მაცხოვრებლები მარგალიტს და როგორც აშენებდნენ დაუს ნავებს. შეგიძლიათ გაისეირნოთ სანაპირო ქუჩებზე და იხილოთ სპარსული სახლები, ყავის კაფეები და პატარა ბაზარი, სადაც მრეწველები ქმნიან საკუთარ ნამუშევრებს. სოფელში ასევე ისტორიული მუზეუმი მდებარეობს – საიდ ალ-მაკტუმ შეიხის სახლი.
დუბაი მარინა (Dubai Marina)
უნიკალური საცხოვრებელი რაიონი – დუბაის კიდევ ერთი გრანდიოზული პროქტია. 2003 წელს გადაწყდა თანამედროვე მდიდრული საოცხვრებელი კომპლექსის მშენებლობა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 120 ათასი მაცხოვრებლისათვის. გრანდიოზული ცათამბჯენები, ხელოვნური არხები, სანაპირო, ბულვარები და ნავსადგომები – აქ ყველგან იგრძნობა სიმდიდრე და კეთილდღეობა. გირჩევთ გაემგზავროთ კრუიზში დუბაი მარინას ყურეში და დატკბეთ ადგილობრივი პეიზაჟებით საუკეთესო რაკურსიდან!
პალმის კუნძულები
მსოფლიოში ცნობილი პალმის ფორმის ხელოვნური კუნძული დუბაის კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცა. ერთ-ერთ კუნძულზე ააშენეს ატლანტისის უდიდესი საკურორტო კომპლექსი, რომელიც საკურორტო ქალაქს მოგაგონებთ. 1500 ნომრის და 20 კაფე-რესტორნის გარდა, აქ გართობის უამრავი საშუალება დაგხვდებათ: დელფინარიუმი, აკვარიუმი, და დუბაის ყველაზე დიდი აკვაპარკი – Aquaventure.
გართობის პარკები
Dubai Parks and Resorts – ის უდიდეს კომპლექსში თავმოყრილია ყველანაირი გართობა, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ატრაქციონები, რესტორნები, თემატური ზონები და მრავალი სხვა.
Img World of Adventure პარკში თითოეულ ვიზიტორს შეუძლია ბავშვობაში დაბრუნება. აქ დაგხვდებიან მარველის კინოსამყაროს და ცნობილი მულტფილმების საყვარელი გმირები. შეძლებთ ფრენას ადამიან-ობობასთან, ეწვევით საშინელებათა ოთახს და იხილავთ სამყაროს დინოზავრების ეპოქაში. საოცარი შთაბეჭდილებები და უამრავი ლამაზი მოგონება კი გარანტირებულია.