ემირატები ცნობილია მისი უდაბნოს მსგავსი კლიმატით, რის გამოც აქ წლის უდიდესი ნაწილი ცხელა. მაგრამ, როდესაც ოქტომბრიდან მაისამდე ტემპერატურა იკლებს, ერთ-ერთი ყველაზე გასართობი და მულტიკულტურული კომპლექსი კარებს ფართოდ აღებს. ადგილობრივებსა და ტურისტებს ძალიან უყვართ “გლობალური სოფლის” (Global Village)  სტუმრობა. ამ კომპლექსში ყველა ქვეყანას თავისი პავილიონი აქვს. აქ ნახავთ სხვადასხვა ბიზნესებს, საკვებს, გართობას და აშ. დამახასიათებელს თითოეული ქვეყნისთვის. აქ ყოველწელსაა რაღაც ახალი, სხვანაირი და საინტერესო.

გლობალურმა სოფელმა არსებობა 1996 წელს დაიწყო და მაშინ აქ მხოლოდ 10 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ადგილმა 500 000 ვიზიტორი მოიზიდა და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობდა. ტერიტორიის გაფართოების საჭიროებასთან ერთად, გლობალური სოფელი ადგილებს იცვლიდა და საბოლოოდ, 2005 წელს დუბაილენდში დამკვიდრდა. დღეს აქ 30 პავილიონია, რომელიც 90 კულტურას აერთიანებს. ამიტომაც, თუ ფიქრობთ თუ რა გააკეთოთ ამ ულტრათანამედროვე მეტროპოლისში, ეს პარკი აუცილებლად უნდა შეიყვანოთ დუბაის სამოგზაურო გეგმაში.

გლობალურ სოფელში მთელი დღის გატარება შეგიძლიათ. მაგრამ, თუ მხოლოდ რამდენიმე საათი გაქვთ, სჯობს თუ მზის ჩასვლის პერიოდში ეწვევით. ერთი სრული დღის მანძილზე ყველა არეალს მოინახულებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ზოგიერთს დამატებითი დრო და ყურადღება სჭირდება, მაგალითად ინდოეთს. მისი შესასვლელი ჯაიპურს ანუ “ვარდისფერ ქალაქს” წარმოგვიდგენს. შიგნით კი ყველა დახლი ასახავს ინდოეთის ფერებს და არომატებს, ტრადიციულ მუსიკას და ცეკვებს. გამორჩეულია ირანის დიზაინიც. კორეის პავილიონში ყველაფერს ნახავთ სახის მოვლის საშუალებებიდან დაწყებული, ჩაის ორცხობილებით დამთავრებული.

არ გამოგრჩეთ აფრიკის და აღმოსავლეთ აზიის პავილიონები, მათ შორის ტაილანდის. ფარაონის გამოსახულება თქვენს ყურადღებას მაშინვე მიიქცევს ეგვიპტის სექციისკენ. ჩინეთში მცენარეულ ჩაის დააგემოვნებთ და ხელნაკეთ ნივთებს იხილავთ. ეგვიპტეს და მაროკოს განცალკევებული პავილიონები აქვთ, აფრიკის დანარჩენი ქვეყნები კი საერთო სივრცეშია გაერთიანებული.

“გლობალური სოფელი” არ უნდა დატოვოთ არაჩვეულებრივი საჭმლის მირთმევის გარეშე. “ბედნიერების ქუჩა” თავის სახელს ამართლებს და აქ მართლაც გაგეღიმებათ 60 სმ-იანი პიცის ნაჭრის დანახვისას. ვიეტნამური და ფილიპინური გემოებისთვის, მიაკითხეთ აზიის გზას. ინდურ ბაზარში სუნელებს, ლონდონისაში კი შოკოლადიან მარწყვებს დააგემოვნებთ.

ყველა გეტყვით, რომ დუბაიში წასვლის შემთხვევაში, უნდა ეწვიოთ ბურჯ ხალიფას, კიტის სანაპიროს და ჯუმეირას მედინას, და ისინი მართლებიც იქნებიან! მაგრამ მათ, ვინც მართლა იცის თუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ყველა დუბაიში, გლობალური სოფლის გზას მიგასწავლიან.